Category Archives: სხვადასხვა

საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა

საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო – სამართლებრივ ნორმას, სუბიექტის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებით ან მოქმედებისაგან თავის შეკავებით.

განასხვავებენ საერთაშორისო – სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემდეგ სახეებსა და ფორმებს:

მატერიალური პასუხისმგებლობა – დელიქტის ან საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო მოვალეა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი. მატერიალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ორი ფორმის: რესტიტუცია – ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და რეპარაცია – როდესაც დელიქვენტს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული სახის საქონლით ანაზღაურება მოეთხოვება.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას მოიცავს, რომელსაც არა აქვს მატერიალური ხასიათი. მაგ.:

სატისფაქცია შეიძლება გამოიხატოს სინანულის  გამოცხადებით, ბოდიშის მოხდით, დამნაშავეთა დასჯით, კომპენსაციის გადახდით და სხვა.

საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები ანუ დამნაშავის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება პოლიტიკური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს ფორმას წარმოადგენს. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რომელთაგან ძირითადია: ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ყოველგვარი სახის საქონლის და ტრანსპორტის დელიქვენტის საზღვრებში მიტანის საშუალების აღკვეთა და ბოლოს, როგორც უკიდურესი ზომა, შეიარაღებული აგრესიის დროს შეიარაღებული ძალების გამოყენება.

შრომის ხელშეკრულების ცნება და მისი ფორმა

ხელშეკრულება კერძო პირთა ნებისმიერი შეთანხმება, ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის შედეგია, რომელიც მხარეთათვის გარკვეულ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის (II ნაწილი) თანახმად, “შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

ლიტერატურაში გავრცელებული განმარტების მიხედვით, შრომის ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მიღწეული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც დასაქმებული ვალდებულია პირადად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამუშაო კონკრეტული თანამდებობის, სპეციალობის და კვალიფიკაციის მიხედვით, დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ შინაგანაწესს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს კანონით, კოლექტიური ხელშეკრულებით და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შრომის პირობები, აანაზღაუროს შრომა, აგრეთვე იზრუნოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

შრომითი ურთიერთობის წარმოშობისას, როგორც წესი, კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის ფუძემდებლური ყველა თავისუფლების შენარჩუნება ხდება. ხელშეკრულებას მხარეები დებენ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე (საბჭოთა სამართლისაგან განსხვავებით, გამორიცხულია რომელიმე მხარის იძულება ხელშეკრულების დადებაზე). თუმცა ამავდროულად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნებისმიერი დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა, რომელიც უშუალოდ კონსტიტუციიდან მომდინარეობს. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს სშკ-ს მე-2 მუხლის III, IV და V ნაწილები.

შრომითი ხელშეკრულების საფუძველია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა. Mმისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სამართლებრიივი ურთიერთობის თავისებურებაში, რადგანაც კერძო სამართლისათვის ფუძემდებლური მხარეთა თანასწორობის პრინციპი ხელშეკრულების დადების მომენტიდან გარკვეულ მოდიფიცირებას განიცდის. კერძოდ, დაქირავებული ექცევა დამქირავებლის ნების ზეგავლენის ქვეშ, დამოკიდებული ხდება მის მითითებებზე და მის მიერ განსაზღვრულ ორგანიზაციულ პირობებზე.

ფრანგულ სამართალში გაბატონებული განმარტების თანახმად, შრომითი ხელშეკრულება სხვა ვალდებულებითი ხელშეკრულებისგან განსხვავდება იმით, რომ დაქირავებული კისრულობს ვალდებულებას, პირადად შეასრულოს სამუშაო დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. Uუკანასკნელი ნიშანი (დაქვემდებარებული მდგომარეობა) მოიცავს დაქირავებულის ვალდებულებას, დაექვემდებაროს დამქირავებლის მითითებებს და, შესაბამისად, შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო ამ უკანასკნელის მიერ დადგენილ შრომით რეჟიმში. სწორედ დაქირავებულს, როგორც ხელშეკრულების უფრო დაუცველ მხარეს, იცავს შრომის სამართალი, რომელიც მისთვის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომელთა შეცვლა, მოდიფიცირება მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოს არის დაშვებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეებს შეუძლიათ, რომ თავისუფლად დაამყარონ ესა თუ ის სახელშეკრულებო ურთიერთობა, განსაზღვრონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, თუ ისინი წინააღმდეგობაში არ მოვა კანონის ნორმებთან (მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) თუმცა საკითხავია რამდენად უნდა ჰქონდეს დამსაქმებელს, ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების მსგავსად, სრული თავისუფლება, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, დადებს თუ არა ხელშეკრულებას ამა თუ იმ პირთან ან რა შინაარსით დადებს მას.

მიიჩნევა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სახელშეკრულებო სამართალს, არ უნდა გავრცელდეს ისეთი ტიპის ხელშეკრულებებზე, რომელშიც ერთ-ერთი მხარე თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით ძლიერი და უპირატესია, მეორე კი ეკონომიკურად სუსტი, რაც თავისთავად გამორიცხავს მხარეთა თანასწორობას. სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომელშიც დარღვეულია მხარეთა თანასწორობა, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მოქმედება უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მხარეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათანასწორება, დანალანსება.

გერმანიის ფედერალური შრომის სასამართლოს განმარტებით, შრომით ურთიერთობაში უდავოდ დარღვეულია სახელშეკრულებო თანასწორობა, რაც ხაზს უსვამს დასაქმებულის ინტერესების რეალიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შესაბამისად ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სახეშეცვლილი ფორმით მოქმედებს, ვინაიდან გათვალისწინებულია დასაქმებულის, როგორც ხელშეკრულების ,,სუსტი” მხარის, ინტერესები.

პარალელი გავავლოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან, სადაც 319-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები სწორედ მხარეთა ინტერესების დაბალანსებასა და თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება. ეს მუხლი ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე პირს, როგორც უფრო ძლიერსა და გამოცდილ მხარეს, სამოქალაქო ბრუნვაში ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებს უვიწროებს და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების დადების თავისუფლება ზოგიერთ ქვეყანაში იზღუდება. მაგალითად, საფრანგეთში, ისეთი საწარმოები, რომლებიც 20-ზე მეტ მუშაკს ითვლის, ვალდებულნი არიან დაასაქმონ თითო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მაინც

საქართველოში დამსაქმებელს არა აქვს უფლება სათამაშო ბიზნესში დაასაქმოს არასრულწლოვანი, აგრეთვე ღამის გასართობ დაწესებულებაში, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერების დამზადებით, გადაზიდვითა და რეალიზაციით დაკავებულ საწარმოებში. აგრეთვე იკრძალება არასრულწლოვანთან ან მეძუძურ ქალთან შრომის ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად. (სშკ-ის მე-4 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები.) ასეთი აკრძალვები საქართველოს შრომის კოდექსში სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო შრომის სამართლის ნორმების გავლენითაა გათვალისწინებული.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, `შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით~. სშკ-ის მე-7 მუხლის შესაბამისად, `შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული~.

შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს ხელშეკრულების ფორმის თავისუფლება, მხარეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ შეთანხმდნენ ხელშეკრულების ფორმაზე, ვინაიდან კანონი არანაირ დათქმას არ ითვალიწინებს. თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოვიყვანოთ იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისიწინებენ ხელშეკრულების ფორმის არჩევის დროს. მაგალითად: საფრანგეთსა და ესპანეთში უვადო ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია განაპირობებს წერილობითი ფორმის აუცილებლობას ვადიანი და შეთავსებითი შრომითი ხელშეკრულებებისათვის. ესპანეთის კანონმდებლობით წერილობითი ფრომა სავალდებულოა ასევე პრაქტიკის, სამუშაოს სახლში შესრულების და გამოსაცდელი ვადის შესახებ შეთანხმების შემთხვევაშიც.

საქართველოს შრომის კოდექსი ხელშეკრულების ფორმის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადით დადებულ ხელშეკრულებებთან მიმართებით და მე-9 მუხლით აწესებს, რომ `შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით; სხვა შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება ჩაითვლება შრომით ხელშეკრულებად.~

მიგვაჩნია, რომ დაქირავებულის ინტერესები უფრო მეტად იქნებოდა დაცული და გარკვეული ბუნდოვანებებიც თავიდან იქნებოდა აცილებული, თუკი კანონმდებელი დააწესებდა შრომითი ხელშეკრულების დადებას მხოლოდ წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია: 1) მტკიცების მიზანი – წერილობითი ხელშეკრულება მტკიცების ყველაზე კარგი საშუალებაა იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების მხარეებს შორის ამა თუ იმ საკითხის გამო დავა წარმოიშობა; 2) გაფრთხილების მიზანი _ ხელშეკრულების დამდებ პირს წერილობითი ფორმა კიდევ ერთხელ აძლევს დაფიქრების საშუალებას, რათა მან აწონ-დაწონოს ყველაფერი და ისე გადაწყვიტოს _ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას თუ არა. 3) გამიჯვნის მიზანი _ წერილობითი ფორმის ერერთი მიზანია, ზუსტად გაიმიჯნოს სახელშეკრულებო მოლაპარაკების დროს წარმოშობილი საკითხები იმისგან, რაც მხარეებმა ხელშეკრულებაში უკვე გაითვალისიწნეს.

 

მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ფორმის სავალდებულოობა და დამსაქმებლის ვალდებულება, გასცეს დასაქმების შესახებ მონაცემების შემცველი დოკუმენტი, რომლის ვალდებულება აღიარებულია სშკ-ის მე-6 მუხლის მეოთხე ნაწილით – ,,დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობიიროება.” ამის საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით. ფორმის სავალდებულოობის დროს ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად; დასაქმების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემის შეუსრულებლობა კი გავლენას არ ახდენს შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობაზე. თუმცა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, დავის დროს ნებისმიერი ეჭვი წერილობითი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში უნდა განიმარტოს დასაქმებულის ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ ასეთი დასტურის არგაცემის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების შინაარსის დადგენა დავისას სასამართლოს მიერ დასაქმებულის ინტერესების სასარგებლოდ მოხდება.

საერთაშორისო ორგანიზაციების ცნება, სახეები და იურიდიული ბუნება

საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივი სახელმწიფოთშორისო დაწესებულებებია, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ან უვადოდ იქმნება პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებად.

სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტიდ – სუვერენული სახელმწიფოების მიერ, რომელნიც განსაზღვრავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციასა და სტრუქტურას, მის საერთაშორისო – სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას. ასეთი ორგანიზაციის ყოველი წევრი მოქმედებს მოცემული ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით.

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება რამდენიმე სახელმწიფოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან პირების მიერ. მას არ გააჩნია საერთაშორისო – სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა.

სამთავრობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედით ინსტიტუტს წარმოადგენენ. მათ საქმიანობაზეა პირველ რიგში დამოკიდებული მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხები, ამავე  დროს, შეცდომა იქნებოდა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების როლის უგულებელყოფა თანამედროვე სამყაროში. მშვიდობის დაცვის საქმეში ამ ორგანიზაციებს უაღრესად დიდი როლი ეკუთვნის.

განასხვავებენ უნივერსალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა სახის საკითხების მოწესრიგება მსოფლიოს ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით.

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავენ გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის სახელმწიფოებს და ამ რაიონის უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნებს ემსახურებიან.

ამის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კომპეტენციის მიხედვით – ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნებიან ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საკითხთა ფართო სპექტრის რეგლამენტაცია, ხოლო სპეციალიზებული ორგანიზაციები ვიწრო, სპეციალური დანიშნულების საკითხების მოწესრიგებას ემსახურებიან.

სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის და შეცვლის საერთაშორისო სამართლებრივი საშუალებანი

თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის (ან შეცვლის) პირველწყაროს ერის თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს. ყოველი ერი, რომელიც სხვა სახელმწიფოს ფარგლებშია მოქცეული და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად იძენს დამოუკიდებლობას, ავტომატურად კვეცავს მეტროპოლიის სახელმწიფო საზღვრებს და თავის ეროვნულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელ ორგანიზაციას ქმნის. ყოველ შემთხვევაში, ადგილი უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ნების გამომჟღავნებას კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების ან პლებისციტის (საყოველთაო რეფერენდუმის) სახით.

პირველ შემთხვევაში საკითხი ნათელია – თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის ხელმძღვანელი ორგანოები ყოველთვის სარგებლობენ ხალხის ნდობით დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის საქმეში. იგივე ითქმის უკვე არსებული სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებზე, რომლებიც ხალხის ნდობით სარგებლობენ და უფლებამოსილი არიან თვითონ გადაწყვიტონ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის ბედი.

მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად კომპეტენტური ორგანოების არსებობისა, აუცილებელია უშუალოდ ხალხის, ერის აზრის გამორკვევა, მიმართავენ საყოველთაო გამოკითხვას – პლებისციტს.

უნდა განვასხვავოთ ორი სახის პლებისციტი – საყოველთაო გამოკითხვა ან რეფერენდუმი დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ და გამოკითხვა, რომლის მიზანია გამოარკვიოს ხალხის სურვილი, რომელი სახელმწიფოს ფარგლებში სურს მას ყოფნა.

როდესაც ერთი სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით ცდილობს მოაწესრიგოს სასაზღვრო ტერიტორიების საკითხი, რის შედეგად ადგილი აქვს ამ ტერიტორიების მცირე ნაწილების გაცვლა – გამოცვლას ან ცალმხრივად დათმობას, პლებისციტის საკითხი არ ისმება.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი იცნობს ტერიტორიის შეძენის ძალდატანებით შესაძლებლობასაც, მაგრამ ეს ძალდატანება აგრესიის საპასუხო აქტია და დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში:

ა)ისტორიული სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. ყოველი სახელმწიფო, რომელსაც თავის დროზე წაართვეს ტერიტორია აგრესიული ომის ან კაბალური ხელშეკრულების შედეგად, უფლებამოსილია დაიბრუნოს ეს მიწები აგრსორის დამარცხების შემთხვევაში ან ახალი ხელშეკრულება დადოს

ბ)დამარცხებული აგრესორის მიმართ პოლიტიკური სანქციების გამოყენებით, რომელთა მიზანია აგრესორის დასჯა და მომავალში მისი მხრიდან აგრესიის განახლების თავიდან აცილება.

ტერიტორიის შეძენის ორივე ეს საშუალება გამონაკლისს წარმოადგენს, რადგანაც საერთაშორისო სამართალი კრძალავს ომს, როგორც ტერიტორიული და სხვა დავების გადჭრის საშუალებას.

შრომის კოდექსი – დასაქმებულის უფლებები

ჩვენს ბლოგზე ძალიან ბევრი კითხვა შემოდის ხოლმე შრომის კოდექსთან, დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით. ამ თემას ჯეოლო ადრეც გამოეხმაურა. თუმცა, ამჯერად კიდევ რამდენიმე პუნქტს გაგაცნობთ მოკლედ.

1. შრომის კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად: დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს.

ანუ,  დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დასაქმებულისთვის შეტყობინების გარეშე. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

მაგალითად: თუ თქვენი დამსაქმებელი გამოგიცხადებთ, რომ ხვალიდან თქვენი სამუშაო დრო იზრდება 90 წუთზე მეტით, ეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევაა.

ასევე, დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეცვალოს თქვენი ანაზღაურება თქვენთან შეთანხმების გარეშე. ეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლაა.
მაგალითად: თუ თქვენ ხელფასის დარიცხვის დღეს გეუბნებიან, რომ ანაზღაურება შეადგენს არა ხელშეკრულებაში დაფიქსრებულ 100 ლარს, არამედ 79 ლარს, ეს თქვენი ხელშეკრულების და შრომის კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.

სამუშაო დრო:  დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. (გარდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისა). 40 საათს ზემოთ უკვე ზეგანაკვეთური სამუშაო საათებია, რომლის ანაზღაურებაც მხარეთა შეთანხმებით ხდება.

თუ თქვენ კანონით გათვალისწინებულ უქმე დღეებში გიწევთ მუშაობა (მაგ, 1-2 იანვარს, 3 მარტს და ა.შ.), ეს განისაზღვრება როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანაზღურება მხარეთა შეთანხმებით ხდება. ან დამატებითი დასვენების დრო უნდა დაგენიშნოთ სხვა პერიოდში.

მოგვწერეთ კიდევ რა საკითხებთან დაკავშირებით გსურთ პოსტი.

დააფიქსირეთ გამოკითხვაში თქვენი გამოცდილება

ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

ჩვენი ბლოგის Facebook გვერდზე ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან ხოლმე ინდ. მეწარმეობისა და მიკრო ბიზნესის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, რეგისტრაციის წესებს. ამიტომ გადავწყვიტე ეს ზოგადი ინფო ერთ პოსტად ჩამომეყალიბებინა.

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია ხდება მაშინ, როცა პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ინდივიდუალური საწარმოს მაგალითებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

  1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
  2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს;
  3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  5. სათამაშოO ბიზნესი.
  6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
  7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა

მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირმა განცხადებით უნდა მიმართაოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის – http://www.rs.ge-ს მეშვეობით.

სახალხო დამცველი

ვინ არის სახალხო დამცველი? 

 

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი. 

როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?  Continue reading