Tag Archives: ევროპული კონვენცია

სიცოცხლის უფლება

ბლოგზე განხილული გვაქვს ევთანაზია, აბორტი. შესაბამისად სიცოცხლის უფლების თემატიკასაც შევეხეთ რამდენჯერმე. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე სიცოცხლის უფლება საერთაშორისო სამართლის მხრიდან განმეხილა. კერძოდ, შემოგთავაზოთ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი საინტერესო გადაწყვეტილებები ევროპული კონვენციის მეორე მუხლზე აღძრული საქმეების შესახებ.

მუხლი 2 – სიცოცხლის უფლება

  1. ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერ. არავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულდება სასამართლოს განაჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.
  2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებად, თუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგს, რომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:
    ა. ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისაგან დასაცავად;
    ბ. რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა.
    გ. ამბოხებასა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს

ევთანაზიის შესახებ ევროსასამართლომ Pretty v. the United Kingdom საქმეში იმსჯელა და დააფიქსირა, რომ მე-2 მუხლი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას და მასში არსად არ არის მინიშნებული სიკვდილის უფლება.

აბორტის შესახებ ევროსასამართლომ იმსჯელა სხვადასხვა საქმეებში.  H. v. Norway – სასამართლომ აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, თუ იგი უშვებს აბორტს მე–13 კვირამდე; 12–18 კვირამდე ექიმების ნებართვით; 18 კვირის შემდეგ – მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობით. Vo. v. France ქეისში კი სასამართლომ დააფიქსირა, რომ დაუბადებელი ბავშვი არ არის “პირი”, რომელიც პირდაპირ სარგებლობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დაცვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაუბადებელ ნაყოფს აქვს “სიცოცხლის უფლება”, ეს უფლება შეზღუდულია დედის უფლებებითა და ინტერესებით.

ადრეც აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, თვითონ არ განახორციელოს არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. კერძოდ, Anguelova v. Bulgaria საქმეში არაეფექტიანი გამოძიების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მხარეც. ანუ, არ უზრუნველყვეს დაზარალებული დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარებით, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ იგი სიკვდილს ებრძოდა.

ნეგატიური ვალდებულების მაგალითად განვიხილავდით საქმეს Andronicou and Constantinou v. Cyprus, რომელშიც გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ მოცულობისათვის, რომელიც “აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირის სიცოცხლის წართმევის საფრთხე.

წამების აკრძალვა

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება.

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა. 

ნებისმიერი უხეში მოპყრობა არ არის წამება. მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად სახეზე უნდა იყოს სისასტიკის გარკვეული ხარისხი.

როგორც ნახეთ, ევროკონვენციის მესამე მუხლში მოცემულია სამი ტერმინი: წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი (დამამცირებელი) მოპყრობა. სამს შორის განსხვავება ჩადენილი სისასტიკის ხარისხია. სისასტიკის ხარისხის ზრდასთან ერთად იზრდება დარღვევის სიმძიმე. უფრო მარტივად რომ ავხსნათ,დამაცირებელი მოპყრობა ამ სამს შორის ყველაზე “მსუბუქი” დანაშაულია, შემდეგი არაადმიანური მოპყრობაა, ყველაზე სასტიკად კი ევროპული სასამართლო წამებას მიიჩნევს. ერთგვარი სამკუთხედის სახე რომ მივცეთ, დაახლოებით ასეთ რამეს მივიღებთ:

სავარაუდო დარღვევის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:

  • ხანგრძლივობა;
  • სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფსიქიკური და ფიზიკური შედეგები
  • მოპყრობის ფორმა და მეთოდი

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დამამხირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ანდა წამებას. აქვე მივუწერ იმ კონკრეტულ დაზიანებას, რაც ჩაითვალა დარღვევად.

Continue reading

პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მერვე მუხლი განსაზღვრავს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და შეზღუდვის კრიტერიუმებს.

european convention on human rights and freedom ARTICLE 8

მუხლი 8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
  2.  დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ევროკონვენციის მე–8_მე–11 მუხლები ძალიან სპეციფიკურია თავისი შინაარსის მიხედვით. მუხლშივეა მოცემული რა საფუძვლების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს  მუხლით დაცული სიკეთე.

პირადი ცხოვრების უფლება ზღუდავს სახელმწიფოს და ავალდებულებს მას მინიმალურად ჩაერიოს პირის განვითარების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, თუ ამას მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობა არ განაპირობებს. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლისაგან საზოგადოებრივ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში

Continue reading

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ევროკონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. ხელმოწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოხდა, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს.

ევროპული კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს იგი ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. ზოგადად, თუკი ამა თუ იმ სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფომ ერთი მხრივ, იკისრა ვალდებულება შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა ნებისმიერი პირის უფლება მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, მათ შორის სასამართლოშიც.  საქართველოში ევროკონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად და სახელმწიფოსათვის წარმოშობს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის საფუძველზე განიხილავს საქმეებს სტრასბურგში მდებარე ევროსასამართლო. 

Geolaw ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს.

ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი.
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.(იცავს)

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება

ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.(შეზღუდვადია)

ევროპული კონვეციის მე–9 მუხლი მოიცავს შეზღუდვად უფლებებს აბსოლუტური ელემენტებით. აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლებები, ისევე როგორც რელიგიის შეცვლის უფლება, აბსოლიტური ხასიათისაა.

Continue reading