Monthly Archives: მაისი 2011

მშობლების საალიმენტო მოვალეობები

მშობლებს ეკისრებათ თავიანთი შვილების რჩენის მოვალეობა. ისინი ვალდებულები არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. ეს ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქორწინებაში ერთმანეთთან. მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ შვილები სრულწლოვნობამდე. სრულწლოვნობას მიღწეული შვილები კარგავენ მშობლებისგან სარჩოს მიღების უფლებას. გამონაკლისია შემთხვევა, თუ შვილი შრომისუუნაროა და არავითარი საარსებო წყარო არ გააჩნია, არ ჰყოფნის სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობა, მასზე მზრუნველობა გაგრძელდება სრულწლოვანობის მიღწევის შემდეგაც.

თუ მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელ;თან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.

მშობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ალიმენტი თავის და არა შვილის სასარგებლოდ. ასე რომ არ იყოს, მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში შეწყდებოდა ალიმენტის გადახდის მოვალეობა, რაც არასწორი იქნებოდა. საალიმენტო ვალდებულება წარმოიშობა შვილსა და ცალკე მცხოვრებ მშობელს შორის. შვილთან მცხოვრები მშობელი მხოლოდ მისი წარმომადგენელია და მისი ინტერესების დასაცავად წარადგენს სარჩელს.

არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები, ურთიერთშეთანხმებით. მშობლებს შეუძლიათ ერთხელ მიღწეული შეთანხმება გადასინჯონ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამის საფუძველი შეიძლება გახდეს ცვლილებები მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადრე გაუთვალისწინებელი გარემოებები და ა.შ. შესაძლებელია მშობლების შეთანხმება არ ემთხვეოდეს კანონით გათვალისწინებულს, მაგრამ არავის აქვს უფლება თავს მოახვიოს მათ უფლება-მოვალეობების განაწილების სხვა ვარიანტი.

თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის რაოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შესაფების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათაფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

მშობლები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ იმაზე, უნდა გადაიხადოს თუ არა მშობელმა ალიმენტი, ასევე რამდენი უნდა გადაიხადოს ცალკე მცხოვრებმა მშობელმა და ა.შ. ასეთ დროს საჭირო ხდება სასამართლოს ჩარევა. ალიმენტის განსაზღვრა ხდება გარემო პირობების შესწავლის საფუძველზე. მაგალითად, შეიძლება სასამართლომ შედარებით ნაკლები ალიმენტი დააკისროს პირს, რომელსაც ყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები. ზოგჯერ შესაძლოა ალიმენტი არ გახდეს საჭირო, თუ შვილი სახელმწიფოს, ან რომელიმე ორგანიზაციის კმაყოფაზე იმყოფება. თუმცა ზოგჯერ, თუ ბავშვს მაინც უწევს სახლში ყოფნა , სრულად, რა თქმა უნდა, ალიმენტისგან გათავისუფლება არ მოხდება.

საბავშვო დაწესებულებებში მყოფი შვილების შესანახი ხარჯები მშობლებს ეკისრებათ ამ დაწესებულებათა სასარგებლოდ. ასეთ დაწესებულელებში ბავშვებს აბარებენ მშობლის უფლების ჩამორთმევისას, ან დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშობლებს რჩებათ შვილების რჩენის ვალდებულება.  მშობლისათვის დასაკისრებელი ალიმენტის რაოდენობა შეიძლება შემცირებული იქნეს ისეთ შემთხვევაში, თუ მშობელი ინვალიდია, და მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, ან მაშინ , თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე მუშაობს და საკმაო შემოსავალიც გააჩნია.

არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამარტლომ შეიძლება გაითვალისწინოს როგორც მყარი ოდენობით ფულადი სახსრების გადახდევინება, ასევე წლიური შემოსავალის ყოველთვიური სტაბილური ნაწილის განსაზღვრული პროცენტის დაქვითვა. უფრო გამოიყენება პირველი მეთოდი.

მშობლის უფლების ჩამორთმევა

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მკითხა, აქვთ თუ არა ე.წ “ქუჩის ბავშვების” მშობლებს უფლება თავიანთ შვილებზე, ანუ რამდენად დასაშვებია, ჩამოერთვათ მათ მშობლის უფლებები ბავშვებისადმი უდიერად მოპყრობის გამო, ამიტომ გადავწყვიტე პოსტით გავცე პასუხი მის კითხვას:

მშობლის უფლების ჩამორთმევა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, შეიძლება სასამართლო წესით. კანონის მიხედვით, თუ მშობლები თავიანთ უფლება-მოვალეობებს ამ უკანასკნელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებენ, მაშინ შეიძლება დაისვას საკითხი, მათთვის ან ერთ-ერთი მათგანისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ. ამ უფლების გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, ანუ მაშინ, თუ გაირკვა, რომ მშობლები თავს არიდებენ შვილების აღზრდას, სასტიკად ეპყრობიან მათ, ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებებს, მავნე გავლენას ახდენენ მათზე თავიანთი ამორალური ქცევით, ასევე მაშინ, როცა მშობლები ქრონიკული ალკოჰოლიკები ან ნარკომანები არიან. მნიშვნელოვანი მიზეზია ასევე ალიმენტისგან თავის არიდება.

დაუშვებელია მშობლის უფლების ჩამორთმევა მოხდეს მაშინ, თუ მშობელი თავის უფლება-მოვალეობებს ვერ ასრულებს სულიერი ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ქრონიკული ავადმყოფობის გამო. გამონაკლისი ეხებათ მხოლოდ ალკოჰოლიკებს და ნარკომანებს. ამ შემთხვევაშიც, სასამართლოში საკითხის დასმა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო და პირი არ გამოსწორდა.

სასამართლოს გარდა არც ერთ სხვა ორგანოს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მშობლის უფლების ჩამორთმევის, ან შვილების მიმართ მშობლის რაიმე უფლების შზღუდვის შესახებ.

მშობლის უფლება შეიძლება ჩამოერთვას არა მარტო ერთ, არამედ ორივე მშობელს. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელს ჩამოერთმევა მშობლის უფლება, ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ბავშვის გადაცემა ხდება მაშინაც, თუ ერთ მშობელს ჩამოერთვა უფლება, მაგრამ მეორე მშობლისთვის ბავშვის გადაცემა შეუძლებელია.

ერთი მშობლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევისას, როცა მეორე მშობელს ეკისრება პასუხისმგებლობა, ყურადღება უნდა მიექცეს  ბავშვის აღზრდისა და რჩენისთვის ნორმალური პირობების შექმნას. ბუნებრვია მეორე მშობლისთვის ბავშვის გადაცემას არ აქვს აზრი, თუ იგი არ იმყოფება ქორწინებაში მეორე მშობელთან და აქვს სხვა ოჯახი და ყავს ბავშვები.

მშობლის უფლება პირს შეიძლება ჩამოერთვას როგორც ერთი, ისე სხვა შვილების მიმართაც. მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ საქმე სასამართლოშ შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის სარჩელის საფუძველზე. სხვა დაინტერესებულ პირებს მხოლოდ მათი მეშვეობით შეუძლიათ მიაღწიონ სასამართლოში საკითხის განხილვას. განხილვა ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი ქუჩაში გაშვებული ბავშვების მშობლებს ჩამოერთვათ მშობლის უფლება, ვფიქრობ სავსებით გამართლებულია ზემოთაღნიშნული გარემოებებისა და და ვითარების შესწავლის გათვალისწინებით.

ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად ცნობა

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემი პოსტი ქორწინებას ეხებოდა. თუმცა მასალის სიდიდის გამო საკითხის ბოლომდე ამოწურვა ვერ მოვახერხე და ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად გამოცხადებას ცალკე პოსტს მივუძღვნი.

ქორწინების შეწყვეტა

ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს: მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას.  განქორწინებისთვის ერთ–ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე, შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს, როგორც ცოლს, ისე ქმარს, სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება.

კანონი იცნობს განქორწინების ორ წესს:
–განქორწინება სასამართლოს გზით და
–განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ. თუ კი განქორწინება სასამართლოს გზით გაქვთ გადაწყვეტილი მაშინ უნდა მიმართოდ რაონულ ან საქალაქო სასამართლოს თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.თუ კი ამ დროისთვის ცალ–ცალკე ცხოვრობთ, სასამართლოს უნდა მიმართოდ თქვენი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  სასამართლოს უნდა მიმართოდ სამოქალაქო სარჩელით, რომელსაც აქვს სპეციალური დადგენილი ფორმა და რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ სასამართლოში ან ადვოკატის მეშვეობით. სარჩელის შეტანისას, საჭიროა გაითვაისწინოთ სახელმწიფო ბაჟის საკითხი. სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა არის 100 ლარი, მაქსიმალური 3000 ლარი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულების ქონებრივი სარგებლის მიკუთვნებას ითხოვთ.თუმცა თუ ალიმენტის გადახდას ითხოვთ, მაშინ ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებით. საყურადღებოა, რომ განქორწინების გადაწყვეტილების გამოტანისას, სამართლო თავად განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ბაჟი და ასევე, თუ საჭიროდ მიიჩნევს რომ ბაჟი გადაახდევინოს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

განქორწინების საქმის განხილვისას, სასამართლო იღებს გარკვეულ ზომებს მეუღლეთა შესარიგებდად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს შესარიგებლად მისცეს დრო არაუმეტეს ექვსი თვისა. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მიუხედავად ამ ზომებისა, მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იგი იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრში. დარეგისტრირება შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში, რომელიმე მეუღლის ინიციატივით. თუკი ეს სამი წელი ისე გავიდა, რომ არც–ერთმა მეუღლემ გადაწყვეტილება არ გაატარა რეგისტრაციაში, მეუღლეები კვლავ დაქორწინებულად ჩაითვლებიან.

ხლო თუკი შეუღლეები თანხმდებიან განქორწინებასა და მის პირობებზე, მაშინ სასამართლოსადმი მიმართვა საჭირო არ არის და განქორწინება ხდება უბრალოდ, ერთობლივი განცხადების შეტანით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ერთ–ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოეთხოვებათ მომსახურეობის საფასურის გადახდა, რაც შეადგენს 45 ლარს.. განცხადებაში მეუღლეები ადასტურებენ, რომ თანახმანი არიან განქორწინებაზე და ერთმანეთს შორის დავა არ აქვთ. განქორწინება ხდება განცხადების შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა განსაკუთრებლი გარემოება  ერთ–ერთი მხარის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე, ბავშვის დაბადება და ა.შ გნქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტაციის მომენტიდან.

განქორწინება, შეიძლება ერთ–ერთი მეუღლის განცხადებითაც მოხდეს იმ პირთან რომელიც:
ა) კანონით დადგენილი წესით, აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად;
ბ)  სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ცნობილია ქმედუუნაროდ;
გ) სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულია დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ სამი წლის ვადით.

ასეთ შემთხვევაში, მეუღლე ვალდებულია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგინოს სათანადოდ დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტაცია. თუკი განქორწინების  შემდეგ, გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე გამოჩნდება, მაშინ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება და ქორწინება შეიძლება აღდგეს მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შეტანით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. ქორწინების აღდგენა დაუშვებელია, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე.

ქორწინების ბათილობა

ქორწინება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუკი თავიდანვე დარღვეული იყო დაქორწინების კანონით დადგენილი პირობები. აუცილებელია იცოდეთ, რომ ქორწინების შეწყვეტა და ქორწინების ბათილობა, სულ სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია. თუკი ქორწინების შეწყვეტის დროს, ქორწინება და მის შედეგად წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგი ჩვეულებრივ შემდგარად თვლება, ქორწინების ბათილობის დროს – ითვლება, რომ ქორწინება არ მომხდარა და შესაბამისად, არ წარმოშობილა არავითარი სამართლებრივი შედეგი. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. არავის აქვს უფლება, მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუკი იგი სასამართლომ არ აღიარა ასეთად.

არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

კანონიერების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამარტლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

ზემოთაღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ამ ძირითად უფლებას „ზურგს უმაგრებს“:

კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც უნდა მოქმედებდეს საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

კანონის არაორაზროვნების და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლობისგან მოითხოვს გასაგები და არაბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.

და ბოლოს კანონის უკუძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს“. ეს პრინციპი გავრცობილია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:

„სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს მოქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არ აქვს.

თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომელსაც დამნაშავე იხდის,  ეს სასჯელი უნდა შემცირდეს კანონით მოცემულ ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანის დღემდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“

ზემოაღნიშნულიდან იკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება: კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად: თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალი ვადები, ან განსხვავებული წესი, უკუძალა იმოქმედებს, იმის მიუხედავად ამსუბუქებს თუ ამკაცრებს პირის მდგომარეობას იგი.

დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევენ მხოლოდ ორ საკითხში:

ა)ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

ბ)ქმედების დასკადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

განხილულ საპროცესო უფლებას მჭიროდ უკავშირდება ნდობის დაცვის პრინციპი, ანუ მოქალაქის უსაფრთხოება, მოქალაქის ნდობის დაცვა, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოყვება არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რისი გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. მაგალითად: კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი არაკონსტიტუციურია.

ხშირ შემთხვევაში კანონის ნორმები ეხება არამხოლოდ წარსულში მომხდარ მოვლენებს არამედ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვნენ წარსულში, მოქმედება გააგრძელეს აწმყოში და შეწყდებიან მომავალში. ასეთ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ხომ არ იზღუდება დაინტერესებულ პირთა ინტერესები და ხომ არ მოყვა კანონის ცვლილებას მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე6 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

 

სიმთვრალე-დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოება?

 

ამ ცოტა ხნის წინ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, თემაზე, უნდა იყოს თუ არა, სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება. პასუხები იყო : ა)კი ბ)არა გ)სიტუაციას გააჩნია.

პირველმა და მესამე პასუხმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო. როგორ აწესრიგებს ამ საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

როგორც წესი, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში მისი ჩამდენი პირი იმყოფებოდეს შერაცხად მდგომარეობაში, რომ მისი ქმედება ჩაითვალოს დანაშაულად. რაც შეეხება სიმთვრალეში ჩადენილ დანაშაულს, ჩამოყალიბდა შემდეგი მიდგომა:

„ქმედება, რომელიც დასაწყისში, მაგრამ არა განხორციელების დროს არის თავისუფალი“ ანუ სიმთვრალის დადგომისას ადამიანის ქმედება აღარ არის თავისუფალი და იგი ფაქტიურად შეურაცხადი ხდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიმთვრალის გამოწვევა მოხდა მაშინ, როცა ადამიანი იმყოფებოდა ფხიზელ და შერაცხად მდგომარეობაში, განაპირობებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მის ბრალეულად ცნებას.

მაგალითად, ვინც გამიზნულად დაითრობს თავს, რათა ამან განაპირობოს მისი შეურაცხადობა, შემდგომ მკვლელობის ჩადენის მიზნით, ჩადის განზრახ ბრალეულ ქმედებას: მკვლელობას. ასევე, ვინც რესტორანში დათრობისას და ჩხუბის შედეგად მოკლავს, ან ჯანმრთელობას დაუზიანებს ადამიანს, დალევის შედეგად გაუფრთხილებლობით ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების პირობას, თუ მას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეეძლო გაეთვალისწინებინა სიმთვრალის შესაძლო შედეგები.

მოკლედ, ბრალეულად მოქმედებს პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის თუმცა შეურაცხად მდგომარეობაში, მაგრამ მანამდე ქმნის პირობას, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, რაც იწვევს მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

მამაკაცების მიდგომა კი გამოკითხვასთან დაკავშირებით, ზოგჯერ არასერიოზული იყო, როგორც ჩანს ისინი ან არ არიან ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით, ან არ ადარდებთ მოსალოდნელი შედეგები . დასასრულისთვის იხილეთ ერთ-ერთი მათგანის სახალისო პასუხი:)

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება

შეურაცხადობა: ბრალის გამომრიცხველი გარემოება

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა შეუძლია როგორც ქმედუნარიანს, ასევე ქმედუუნარო ადამიანს, მაგრამ ამ უკანასკნელის ქმედების შეფასებისას, დგინდება საკითხი, ბატონობდა თუ არა პირი თავის ნებაზე, რომელსაც ემყარება პერსონალური გასაკიცხაობა.

ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხაობა ასაკის გამო , შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო. ხოლლო შეზღუდული შერაცხადობა წარმოადგენს ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებას.

შეურაცხაობა დგინდება ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით: კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს იმ მომენტს, რომ პირი შეურაცხადია არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, არამედ მისი ფსიქიკურ-ემოციური ფონი არაა მდგრადი და მას ზოგადად არ შეუძლია აკონტროლოს თავსი ქმედებები.

ასევე, არსებობს ისეთი ფსიქიკური დაავადებები, რომლებიც ართმევენ ადამიანს უნარს, იმოქმედონ ინტელექტთან შესაბამისად, ამიტომ დღესდღეობით შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტისას ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირს ერთი უნარი მაინც ექნა შეზღუდული, მას ბრალი არ წაეყენება.

სსკ-ის 34-ე მუხლის თანახმად პირს, რომელსაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ხასიათი, ან შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ იქნება შერაცხული ბრალეულად.

შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს, ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

ამ ფაქტორებთან ერთად მოიაზრება სიმთვრალე, აფექტი , რაც ერთ შემთხვევაში იწვევენ ბრალის გამორიცხვას, მეორე შემთხვვევაში შემსუბუქებას. მაგალითად :პათოლოგიური აფექტი იწვევს შეურაცხადობას და ბრალი გამოირიცხება, ფიზიოლოგიური აფექტი კი წარმოადგენს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობას და ამცირებს ბრალის ხარისხს.

შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე ან მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.  შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, მისი მდგომარება გათვალისწინებული არის მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას. არასრულწლოვანი კი შესაძლოა პასუხისმგებლობისგან.

რაც შეეხება შეურაცხადობას ასაკის გამო, სსკ-ის 33-ე მუხლის თანახმად 14 წლამდე ასაკის პირს ბრალი არ წაეყენება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო.  გამონაკლისია 12 წლამდე შემცირება პასუხისმგებლობის ასაკის, კერძოდ: განზრახ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, ყაჩაღობისთვის და ა.შ (უფრო დაწვრილებით იხილეთ სსკ-ის 108-ე, 117-ე, 137-ე, 179-ე და 238-ე მუხლები.

საქართველოში შერაცხადობის ასაკის 12 წლამდე შემცირებამ ექსპერტების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, თუმცა უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში ეს ზღვარი არის 7-8 წელიც კი. 14დან 18 წლამდე პირი კი  როგორც წესი არის შერაცხადი, მაგრამ უნდა თუ დადგინდება მისი შეზღუდული შერაცხადობა, ეს გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, განსხავებით სრულწლოვანი პირებისაგან, რომელთათვისაც ეს ე.წ „დათმობა“ არ მოქმედებს.

ცალკე თემად მინდა გამოვყო სიმთვრალე, გამომდინარე მისი აქტუალურობიდან, ამიტომ ამაზე ვრცლად ვისაუბრებ შემდეგ პოსტში.

შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება.

მიმდინარე მოვლენებმა გადამაწყვეტინა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ე.წ მიტინგებზე:

ძირითად უფლებათა შორის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს ძირითადი უფლება შედგება სამი პუნქტისაგან:

1)ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2)კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3)ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ე.წ საკომინუკაციო უფლებაა და იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. ეს ძირითადი უფლება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს უფრო მრავლისმომცეველი უფლებაა, ხოლო მანიფესტაციების თავისუფლება ანუ უფლება საკუთარი მოსაზრებების ერთობლივ საჯარო გამოცხადებაზე წარმოადგენს შეკრების თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებას.

შეკრებების თავისუფლებაც ორი ძირთდი ნიშნით ხასიათდება: დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, მოუსმინონ სხვა მოქალაქეთა მოსაზრებებს და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

მეორე ნიშანი მდგომარეობს ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემასა და აღიარებაში. კონსტიტუციის 25 მუხლი უზრუნველყოფს ნების თავისუფლებას, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში, მცირე შეზღუდვა, რასაც კონსტიტუცია აწესებს, არის ის რომ შეკრებები უნდა მოხდეს „უიარაღოდ“ და დაუშვებელია ორგანიზატორები იყვნენ 18 წლამდე ასაკის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

ასევე  თუმცა არის ერთი უსამართლობა, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: კონსტიტუციის 27-ე მუხლი ზღუდავს უცხოელების და მოქალაქეების არმქონე პირების დემონსტრაციებში მონაწილეობას და ამით ეწინააღმდეგება 25-ე მუხლს, რომლის მიხედვით, „ყველას“ აქვს უფლება შეიკრიბოს.

შეკრებების და მანიფესტაციების გამართვის ადგილი არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, იმ მიზეზით, რომ ისინი აფერხებენ გადაადგილებას. დაუშვებელია რაიმე ზომების მიღება შეკრებილთა დასაშლელად, გარდა იმ შემთხვვებისა, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ანუ მიმდინარეობისას იქნება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან თუ მონაწილეებს ექნებათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერებები და ალკოჰოლი. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს ჩარევა, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რადგან მსგავსი ფაქტები მუდამ თან ახლავს ამგვარ მოვლენებს და არ შეიძლება პირველივე შემთხვევისას მოხდეს შეკრებილების დაშლა.

არსებობს ასევე უკიდურესი ფორმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების საერთოდ არდაშვება, არათუ შეწყვეტა, რაც ემყარება პოლიციის მონაცემებს , რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად საფრთხე შეექმნება მოქალაქეთა სიცოცხლეს და კონსტიტუციურ წყობას.

პირგასამტეხლო

ალბათ ყველას ხშირად გვესმის სიტყვა პირგასამტეხლო, თუმცა მისი სრული იურიდიული მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. სხვა შემთხვევაში კი , უხეშად რომ ვთქვათ, მოვალეს შესაძლოა სიტუაციიდან “გამოძვრომის” იმედი ჰქონდეს.  პირგასამტეხლოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი.

პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. უბრალო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ კი საჭიროებს უამრავ მტკიცებულებას, იმის გასარკვევად, მართლა განიცადა კრედიტორმა ზიანი , თუ არა . თუმცა , პირადად მე, გამიჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა გარანტია იმისა რომ კრედიტორი იქნება სამართლიანი და არ “გაათამაშებს” ზიანის ფაქტს?

არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლო ანაზღაურება, ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.  მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება. აქაც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას: ვფიქრობ, კუმულატიური პირგასამტეხლო მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება მოვალესათვის.

ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლისის შემთხვევაში პირგასამტეხლო გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით.

პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით. შეთანხმების განსაზღვრა არაა თავისუფალი, მაშინ როცა მთავარი ხელშეკრულება შეიძლება იყოს სხვა ფორმის. თუ პირგასამტეხლოს ფორმა დაირღვა, მისი რღვევა გამოიწვევს ძირითადი ხელშეკრულების ბათილობას.

კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება.

პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რაც მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის.

შესაძლებელია სასამართლოს მიერი საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული იქნეს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, რისი გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქნას , ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს და შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა.

შპს და მისი რეგისტრაცია

შპს  მსოფლიოში სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის წარმოშობას საფუძვლად დაედო ორი მიზეზი. პირველი, მისი შექმნის პროცედურა უფრო ადვილი იყო, ვიდრე სააქციო საზოგადოებისა; და მეორე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წევრობაზე დაფუძნებული საწარმოები კი არ არიან, არამედ მათ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შემოიფარგლება საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა, ე.ი. ამ საწარმოს პარტნიორები საზოგადოების ვალებზე სოლიდარულად კი არ აგებენ პასუხს, არამედ საწარმოს საწესდებო კაპიტალით. უმთავრესად, სწორედ ეს, მეორე მიზეზი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის საფუძველი, რადგან დამფუძნებლები ხშირად გაურბიან თავიანთი პირადი ქონებით პასუხისმგებლობას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალური საზოგადოებაა.  ფულადი შესატანის დროს, თანხა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ვალუტით. ფულადი შესატანის გარდა, საზოგადოებაში შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნას სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტის სახით, ე.ი. არაფულადი შესატანი. არაფულადი შესატანი გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების წესდებაში. მასში ასევე მითითებული უნდა იყოს არაფულადი შესატანის სახეობა და თითოეული პარტნიორის წილის ოდენობა. საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისათვის არაფულადი შესატანი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საზოგადოებას, მის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენოს და განკარგოს იგი. თუ არაფულადი შესატანის თავისუფლად გამოყენება შეუძლებელია, მაშინ შესატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება და საზოგადოებას შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.

შპს იქმნება პარტნიორების კაპიტალის გაერთიანების შედეგად. მისი არსებობა არ არის მასში წევრობაზე დამოკიდებული და საზოგადოებიდან პარტნიორის გამოსვლა არ იწვევს მის ავტომატრად დაშლას. იგი შეიძლება დაარსოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი შეიძლება იყოს სახელმწიფოც. ამასთან, მისი დაარსება შეუძლია ერთ პირსაც. შპს-ს აქვს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოები – პარტნიორთა კრება და დირექტორატი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, ამ ფორმის საზოგადოებისათვის იგი ფაკულტატური ორგანოა, დამოკიდბულია პარტნიორთა შეთანხმებაზე, და თუ ეს ორგანო არსებობს, მაშინ მასზე ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის დადგენილი წესები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი ტარდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ. რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს საწესდებო კაპიტალის მეოცედი ნაწილის, ე.ი. ხუთი პროცენტის, მფლობელ პარტნიორს. კრების მოწვევისას, მითითებული უნდა იყოს კრების მიზანი, დღის წესრიგი და კრების მოწვევის საფუძველი. თუ ინიციატორი პარტნიორის ამ მოწვევას სხვა პარტნიორები ან დირექტორები არ გამოეხმაურებიან, მაშინ იგი თვითონ იწვევს ამ კრებას. კრების მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს წყვეტს საერთო კრება. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

არსებობს საქმიანობა რომლებიც ლიცენზირებას და/ან ნებართვას საჭიროებენ
ასეთ სახის საქმიანობა შპს შეუძლია აწარმოოს მხოლოდ შესაბამის ნებართვის/ლიცენზიის მიღების შემდეგ

ხშირად ჩნდება კითხვები შპს-ს გადასახადებთან დაკავშირებით.  ყოველთვიურად შპს იხდის დასაქმებულის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს ხარჯების და შემოსავლები მიხედვით. თუ შემოსავალი იქნება მეტი ვიდრე ხარჯი მათი სხვაობიდან 20% მოგების გადასახადს მიეკუთვნება.  თუ წლიური ბრუნვა 100000 ლარს გადააჭარბებს, მაშინ შპს დღგეს გადამხდელად რეგისტრირდება და იხდის ყოველთვიურად დღგ-ს.

როგრო ხდება შპს რეგისტრაცია?

შპს -ს რეგისტრაცია 2010 წლის 1 იანვრიდან ხდება საჯარო რეესტრში. სარეგისტაციო  განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლულზე  შპს-ს რეგისტაცია

ფონდებისა და კავშირების რეგისტრაცია

პოსტი წარმოადგენს გაგრძელებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აქ უშუალოდ ვისაუბრებ, როგორ უნდა მოხდეს მათი დარეგისტრირება. წინა პოსტშიც აღვნიშნე რომ შპს-დ წოდებულ საზოგადოებებს აწესრიგებს კანონი მეწარმეთა შესახებ და აქ მხოლოდ “ენჯეოებზე” გვექნება საუბარი.

კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, ფონდისას-იუსტიციის სამინისტრო.  კავშირი რეგისტრაციაში ტარდება საჯარო რეესტრში კავშირის ადგილსამყოფელის მიხედვით. რაც შეეხება ფონდს, იგი უფრო რთული ფორმაა, რეგისტრაციისთვის საკმარისი არაა მხოლოდ დამფუძნებლის სურვილი, აუცილებელია გარკვევა, ქონება მიესადაგება თუ არა, ფონდის მიზნებს, ამიტომ საქმე გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს.

რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, თუ წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისას წარდგენილი იურიდიული იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს მოწმდება ჯერ ნოტარიუსის მიერ, ხოლო შემდეგ კავშირის რეგისტრაციისას რეესტრის მიერ, ფონდის რეგისტრაციისას-იუსტიციის სამინისტროს მიერ. რეგისტრაციისას აუცილებელია ყველა დამფუძნებლის და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. მასალები ეგზავნება ადგილობრივ სასამართლოს.  ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში არაა საჭირო თავიდან იქნას ყველა წევრის ხელმოწერა დაფიქსირებული.

გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში, განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს იუსტიციის სამინიტროში რეგისტრაციისას. რეგისტრაციის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობას. გასაჩივრება ხდება სასამართლოში.

კავშირისა და ფონდის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით:

წესდება უნდა შეიცავდეს საქმიანობის მიზნებს, სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესს, კავშირის ან ფონდის დამფუძნებლების, წევრების და შემომწირველების სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების წესებს და კავშირის წევრთა უფლებამოსილებას. ეს არის აუცილებელი რეკვიზიტები.

წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც, თუმცა ისინი სავალდებულო არაა: მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციებს, კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილებას.  შესაწირავის მინიმალურ ოდენობას და სახეს, ასევე მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ. წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ  მონაცემებს: იურიდიული პირის სახელწოდებას, ადგილსამყოფელს, საქმიანობის მიზანს, წესდების მიღების თარიღს, დამფუძნებლის ვინაობას, გამგეობის წევრთა ვინაობასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს. რეგისტრაციის მონამცემები უნდა იქნეს გამოქვეყნებული და ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს მათი გაცნობა წერილობითი ამონაწერის სახით.