Daily Archives: მაისი 22, 2011

კაზუსის ამოხსნა #2 -ნიმუში

ჩხუბის დროს გიორგიმ ოთარს დანით მიაყენა დაზიანებები გულმკერდის და მუცლის არეში, რის შედეგადაც იგი მსხვერპლის გადარცვალებაში სრულიად დარწმუნებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მივიდა მეგობრის სახლში და უამბო მომხდარი. ორივე ერთად დანაშაულის ადგილზე კვალის წასაშლელად დაბრუნდა. გიორგის მეგობარმა ლაშამ შეამჩნია რომ ოთარი ცოცხალი იყო და უგონოდ მყოფ დაჭრილს თავში ბოთლი ჩაარტყა, რის შედეგადაც ის ნამდვილად გარდაიცვალა. დამნაშავეებმა გვამი ადგილზე მიატოვეს და მიიმალნენ. ექსპერტიზის დასკვნით სიკვდილი გამოიწვია ან ბოთლის ჩარტყმამ, ან თავდაპირველმა ჭრილობებმა.

ჩაიდინეს თუ არა მეგობრებმა განზრახ მკვლელობა, რასაც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი ითვალისწინებს?

ამოხსნისას ლაშას ბრალი ედება დამთავრებულ , ბოთლის ჩარტყმით გამოწვეულ განზრახ მკვლელობაში, თუმცა საჭიროა ქმედების შემადგენლობის ფართოდ განვრცობა და ქმედების ობიექტური და სუბიექტური მხარეების შემადგენლობის დადგენა:

1)ქმედება:

თავში ბოთლის ჩარტყმა წარმოადგენდა აქტიურ მოქმედებას, რომელიც ლაშას მიერ ჩადენილი ნებელობითი მოქმედება იყო.

2)შედეგი:

სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით, აუცილებელია შედეგის დადგომა, რაც ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, ადამიანის სიკვდილის სახით.

3)მიზეზობრიობა:

აქ უკვე სადავოა, იყო თუ არა ბოთლის ჩარტყმა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. ვინაიდან ექსპერტიზამ ვერ დაადგინა დანის დარტყმამ გამოიწვია სიკვდილი თუ ბოთლის ჩარტყმამ და მიზეზობრიობის კავშირის თეორიების გამოყენებაც მის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს, ლაშას მოქმედება არ არის დასჯადი სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით.

რაც შეეხება გიორგის დასჯადობას, შესაძლებელია მისმა განზრახ დამთავრებულმა ქმედებამ იმსხვერპლა ოთარი.

1)ქმედება:

გიორგის მიერ ჩადენილი ქმედება,ანუ გულმკერდის არეში დანით ჭრილობის მიყენება წარმოადგენს აქტიურ ქმედებას, რომელიც დამნაშავის ნების ბატონობის ქვეშ იყო და აქაც სახეზეა 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2) შედეგი:

სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი-სიკვდილიც სახეზეა.

3)მიზეზობრიობა:

დასადგენია დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია თუ არა სიკვდილი. აქაც საჭიროა მიზეზობრივი კავშირის დადგენა და გარკვევა , წარმოადგენდა თუ არა დანით მიყენებული ჭრილობა სიკვდილის მიზეზს. მიზეზობრივი კავშირით ზუსტად არ დგინდება გიორგის მიყენებული ჭრილობით მოხდა თუ არა სიკვდილის დადგომა.

რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, დასაშვებია, რომ გიორგიმ იმოქმედა განზრახ, როცა დანით აყენებდა ზიანს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამავდროულად გარემოებების შესწავლით და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა განზრახვა გამოირიცხოს. ვინაიდან ამ ეტაპზე არ ირკვევა რომელი მათგანის მოქმედებამ გამოიწვია სიკვდილის დადგომა, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ბრალეულს არ ჩაუდენია 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კაზუსის ამოხსნა წყდება ამ ეტაპზე, რადგან გაგრძელებული და დასრულებული სახით დანაშაული უკვე დაკვალიფიცირდება სხვა მუხლით და კაზუსის ამოხსნაც არ უპასუხებს დასაწყისში დასმულ კითხვას.