Daily Archives: მაისი 24, 2011

ფონდებისა და კავშირების რეგისტრაცია

პოსტი წარმოადგენს გაგრძელებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აქ უშუალოდ ვისაუბრებ, როგორ უნდა მოხდეს მათი დარეგისტრირება. წინა პოსტშიც აღვნიშნე რომ შპს-დ წოდებულ საზოგადოებებს აწესრიგებს კანონი მეწარმეთა შესახებ და აქ მხოლოდ “ენჯეოებზე” გვექნება საუბარი.

კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, ფონდისას-იუსტიციის სამინისტრო.  კავშირი რეგისტრაციაში ტარდება საჯარო რეესტრში კავშირის ადგილსამყოფელის მიხედვით. რაც შეეხება ფონდს, იგი უფრო რთული ფორმაა, რეგისტრაციისთვის საკმარისი არაა მხოლოდ დამფუძნებლის სურვილი, აუცილებელია გარკვევა, ქონება მიესადაგება თუ არა, ფონდის მიზნებს, ამიტომ საქმე გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს.

რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, თუ წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისას წარდგენილი იურიდიული იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს მოწმდება ჯერ ნოტარიუსის მიერ, ხოლო შემდეგ კავშირის რეგისტრაციისას რეესტრის მიერ, ფონდის რეგისტრაციისას-იუსტიციის სამინისტროს მიერ. რეგისტრაციისას აუცილებელია ყველა დამფუძნებლის და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. მასალები ეგზავნება ადგილობრივ სასამართლოს.  ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში არაა საჭირო თავიდან იქნას ყველა წევრის ხელმოწერა დაფიქსირებული.

გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში, განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს იუსტიციის სამინიტროში რეგისტრაციისას. რეგისტრაციის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობას. გასაჩივრება ხდება სასამართლოში.

კავშირისა და ფონდის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით:

წესდება უნდა შეიცავდეს საქმიანობის მიზნებს, სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესს, კავშირის ან ფონდის დამფუძნებლების, წევრების და შემომწირველების სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების წესებს და კავშირის წევრთა უფლებამოსილებას. ეს არის აუცილებელი რეკვიზიტები.

წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც, თუმცა ისინი სავალდებულო არაა: მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციებს, კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილებას.  შესაწირავის მინიმალურ ოდენობას და სახეს, ასევე მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ. წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ  მონაცემებს: იურიდიული პირის სახელწოდებას, ადგილსამყოფელს, საქმიანობის მიზანს, წესდების მიღების თარიღს, დამფუძნებლის ვინაობას, გამგეობის წევრთა ვინაობასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს. რეგისტრაციის მონამცემები უნდა იქნეს გამოქვეყნებული და ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს მათი გაცნობა წერილობითი ამონაწერის სახით.

რა განსხვავებაა ენჯეოსა და შპს-ს შორის

ზოგადად იურიდიული პირების შესახებ უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტში, ახლა უფრო დავკონკრეტდები და განვიხილავ მათ სახეებს:

იურიდიული პირების კლასიფიკაცია შეიძლება მათი საქმიანობის მიხედვით. ამ ნიშნით განსხვავდებიან კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირები. (კომერციული, რომლებიც მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას და არაკომერციული – პირები, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას). კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ როგროც კერძო, ასევე საჯარო სამართლის. კომერციული საქმიანობა თავისი ბუნებით არის კერძო ხასიათის საქმიანობა.კომერციული იურიდიული პირების მდგომარეობა მოწესრიგებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოში კანონით.

მეწარმეთა შესახებ კანონით მოწესრიგებული იურიდიული პირები შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად:

პირველს განეკუთვნება ამხანაგობის ტიპის საზოგადოებები, მაგალითად სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება(სპს), კომანდიტური საზოგადოება(კს), რომელთათვის დამახასიათებელია საკუთარი ქონებით პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ე.წ კაპიტალური საზოგადოებები. ასეთ საზოგადოებებში ჯგუფის წევრები არ აგებენ პასუხს საზოგადოების კრედიტორების წინაშე, მაგრამ კრედიტორების დასაცავად აუცილებელია მინიმალური ქონების-კაპიტალის არსებობა. ამ ტიპის საზოგადოებებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება(შპს), სააქციო საზოგადოება(სს), კოოპერატივი.

რაც შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, მათი მდგომარეობა მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეშვეობით.

იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი, ან ფონდი. მათი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებსა და ფონდის შემომწირველებს შორის დაუშვებელია. დღესდღეობით ფონდები და კავშირები გაერთიანებულია ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდების ქვეშ.

კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა რაოდენობის ცვლილებისგან. კავშირის დასაფუძვნებლად აუცილებელია მინიმუმ 5 წევრი მაინც. კავშირებია მაგალითად: კლუბები , ცენტრები, ინსტიტუტები, აკადემიები, ასოციაციები და ა.შ. ხშირია შემთხვევები, როცა არაკომერციული პირის სახელწოდებაში ჩართავენ ტერმინს, „ასოციაცია“ , რაც იგივე კავშირია, სინონიმია და არ წარმოადგენს რაიმე სპეციალურ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. არსებობს კავშირის ორი ფორმა: კავშირი და არარეგისტრირებული კავშირი. პირველი მათგანისთვის აუცილებელია რეგისტრაცია და ის იურიდიულ პირს წარმოადგენს. მეორისთვის კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.

ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძვნებელი სპეციალურ ქონებას საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრევად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არ ჰყავს წევრები, განსხვავებით კავშირისგან. განსხვავება კავშირსა და ფონდს  შორის პრაქტიკულად გამოიხატება მართვის ორგანოების სტრუქტურასა და მათი შექმნის წესში, ასევე იმაში, რომ ფონდი არ იცნობს წევრობის ინსტიტუტს.

არსებობს მაგალითად ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდი და ა.შ, რომლებიც მოპოვებულ სახსრებს უკვე არსებულ სხვა ორგანიზაციებს, მაგალითად ადგილობრივ თვითთმართველობას გადასცემენ, მიზნობრივად გამოყენებისთვის. ასეთ ფონდებს „მკვდარ ფონდებს“ უწოდებენ და არ არსებობენ იურიდიული პირის სახით. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფონდი კი არის იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და ა.შ. მათი არსებობა ხელს არ უშლის ე.წ „მკვდარი“ ფონდების დაფუძვნებას.

კავშირისა და ფონდის დახასიათებისას დიდ მნიშვნელობას იძენს საკითხი, შეუძლიათ თუ არა ამ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი კავირებსა და ფონდებს ანიჭებს სამეწარმეო საქმიანობის უფლებამოსილებას, თუ ეს საქმიანობა ემსახურება ფონდისა და კავშირების მიზნებს.  მაგალითად, ქართული მეცნიერების განვითარების ფონდმა შეიძლება დააფუძნოს ცალკე კომერციული ორგანიზაია და მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით დააფინანსოს ფონდის მიზნები.

შემთხვევა – ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით

შემთხვევა:

დედის გარდაცვალების შემდეგ ქეთევანმა მიიღო მემკვიდრეობით სახლი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქეთევანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარმა ცოლისგან მიიღო ხელწერილი, რომლითაც ცოლი ვალდებულებას ღებულებდა სახლი გაეყიდა მხოლოდ ქმრის თანხმობით.ქმარი მივლინებაში წავიდა და ამ დროს ქეთევანმა სახლი მიჰყიდა შალვა წიკლაურს. ქმარმა ამბის გაგების შემდეგ მოითხოვა შალვასგან 30%-ის დამატება ან სახლის უკან დაბრუნება. შალვამ უარი განაცხადა და შედეგად ქმარმა წარადგინა სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ცოლს ბრალი დასდო ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის.

სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ რაც აღიარებული იქნება ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული გარიგება. თუმცა იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს, მისი მომწესრიგებელი ნორმებიც იმპერატიულია. მათი შეცვლა ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მიუთითებს კანონი პირდაპირ, რომ:

მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით:
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

შესაბამისად ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქმრის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.

ზოგადად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევის თანავე. ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს  პირი, რომელიც იქორწინებს სრულწლოვანებების მიღწევამდე. ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელსაც სასამართლო ასეთად აღიარებს ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო, ასევე არასრულწლოვანი შვიდი წლის ასაკამდე.