ბე

ბეს ცნება ქართული სამოქალაქო სამართლისთვის უცხო არ არის და მისი გამოყენება ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუწიოს. ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა ამის შესახებ.

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ბეს ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს არა უბრალოდ სამომავლოდ ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, არამედ უკვე შემდგარი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ბე გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ერთია, შესრულების ვალდებულება პირველად რომელმა მხარემ უნდა განახორციელოს. ისევე როგორც პირგასამტეხლოს დროს, ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. არავის არ აქვს უფლება აიძულოს მოვალე, მიიღოს ფულადი თანხა, ისევე როგორც მაგალითად არავინაა ვალდებული მიიღოს საჩუქარი.

ვინაიდან ბე ხელშეკრულების დადების ფაქტს ამტკიცებს, იგი უმეტესწილად გამოიყენება კრედიტორის მიერ იქ, სადაც ურთიერთობისბუნებიდან თუ პარტნიორის თვისებიდან გამომდინარე მეტი შესაძლებლობაა ხელშეკრულების დარევევისა. პრაქტიკიდან ჩანს რომ ბე გამოიყენება იქ, სადაც ხელშეკრულების ფორმა ნაკლებად უზრუნელყოფს მის სიმტკიცეს, მაგალითად, ზეპირ გარიგებებში.

ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ვიდრე არ მოხდება მთლიანად შესრულება, ბე არ შეიძლება ნაწილობრივ შესრულებად ჩაითვალოს. ამით განსხვავდება ის ავანსისგან, თუმცა მათ ხშირად მაინც აიგივებენ ერთმანეთთან. ავანსი ისეთი ფულადი თანხა ან სხვა ქონებაა, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ გადასცემს მეორეს ვალდებულების ნაწილობრივ ან სრული შესრულების მიზნით და არა ხელშეკრულების ფაქტის დადასტურებისა თუ მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას , ბე რჩება მის მიმღებს. თუ მოქმედება არ სრულდება ბეს მიმღების მხრიდან, ის აბრუნებს უკან ბეს რაოდენობას ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, როცა ზიანი აჭარბებს უკან დასაბრუნებელი ორმაგი ბეს რაოდენობას, ბეს ჩათვლა უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

რაც შეეხება ბეს რაოდენობას, ამაზე სამოქალაქო კოდექსი არაფერს ამბობს. ლოგიკური იქნებოდა ბეს იმ ოდენობით განსაზღვრა, რაც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არ ჩააყენებდა მხარეს უსამართლოდ მძიმე მდგომარეობაში. კოდექსი არაფერს ამბობს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ბე.

1 thought on “ბე

  1. დათო

    მიუხედავად იმისა რომ ბეს გადაცემით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ბემ პრაქტიკაში ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა წინარე ხელშეკრულებებში.
    ნოტარიუსებს რომ მიმართოთ თხოვნით, აუცილებლად მოგცემენ შაბლონურ დრაფტებს ,,ბეს ხელშეკრულების” რომელიც თავისი ბუნებით არის ნასწიდობის წინარე ხელშეკრულება ვიდრე უშუალოდ ნასყიდობა.
    გარდა ამისა ხშირად რთული დასადგენია მხარეებს შორის ადგილი აქვს ბეს გარიგებას თუ უბრალოდ საავანსო გადახდას. ამიტომ ვფიქრობ შეიძლება უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო ბე-ს გადაცემისათვის სავალდებულო წერილობითი ფორმის შემოღება.

    რაც შეეხება ბეს შუსაბამოდ მაღალ პასუხისმგებლობის ზომად მიჩნევას, გეთანხმებით, აქაც დასაფიქრებელია, რადგან არ არის ბეს ოდენობაზე შეზღუდვა (მაგ. არაუმეტეს გარიგების 20%-სა) შეიძლება აღმოჩდეს, რომ ბეს სახით ძალიან დიდი თანხაა გადახდილი, ამიტომ მცირედი რეგულაცია აქაც არ გვაწყენდა.

    ასევე გასაწერია თუ რა სახის დარღვევის გამო შეიძლება იქნეს ბე რეალიზებული. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი და დიდი უნდა იყოს დარღვევა, რადგან შეიძლება მივიღოთ გარკვეული შეუსაბამობა.
    მაგ.: გიორგაძემ და ბაინდურაშვილმა დადეს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღწერეს ნასყიდობის საგანი. გიორგაძემ ბე-ს სახით გადაიხადა ავტომობილის ღირებულების 50%. ბაინდურაშვილმა ნასყიდობის საგანი 4 დღის შემდეგ მოიყვანა გადასაცემად, რადგან მანამდე იგი პროფილაქტიკაში იდგა შესაკეთებლად.
    გიორგაძემ აღმოაჩინა, რომ ნასყიდობის საგანი ნაკლის მქონეა (გაბზარული აქვს მინა) და მოითხოვა ბეს ორმაგად დაბრუნება.
    რამდენად არის ამგავრი განაწილება სამართლიანი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s