Monthly Archives: ოქტომბერი 2012

სისხლის სამართლის კანონი

სისხლის სამართლის კანონი
სისხლის სამართლის კანონი არის საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ აღიარებული იურიდიული ნორმების შემცველი ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით. საქართველოს  სისხლის სამართლის ერთადერთი წყაროა სისხლის სამართლის კანონი, არც ერთ სხვა აქტში არ შეიძლება გათვალისწინებული იყოს სისხლისსამართლებრივი ნორმა. ამასთან სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულადაა კოდიფიცირებული. სწორედ ეს კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სრული კოდიფიკაცია შესაძლებელს ხდის საკანონმდებლო მასალის დალაგებას დაცული ობიექტების ღირებულების მიხედვით. გარდა ამის, ეს შესაძლებელს ხდის დაწესდეს სანქციები აკრძალული ქმედების საშიშროების ხარისხის მიხედვით. ამით პრაქტიკოს მუშაკებს უადვილდებათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება. ასეთი კომპაქტური კანონმდებლობა ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის.

  კანონის განმარტება

კანონის განმარტება ნიშნავს მისი შინაარსის, მასში ასახული კანონმდებლის ნების დადგენას. სისხლის სამართლის კანონის განმარტება განპირობებულია სამართლის ნორმის ზოგადი ხასიათით, მასში გამოყენებული სპეციალური იურიდიული ტექნიკით. გარდა ამისა, განმარტება პირობადადებულია სისხლისსამართლებრივი ნორმების სისტემურობით, მათი ურთიერთკავშირით სამართლის სხვა დარგების ნორმებთან. განმარტება უზრუნველყოფს სისხლის სამართლის ნორმების ერთგვაროვან გამოყენებას, კანონის ნაკლის გამოვლინებასა და აღმოფხვრას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კანონის განმარტება, როდესაც ჯერ კიდევ არაა თეორიულად გააზრებული და პრაქტიკით განმტკიცებული. განასხვავებენ განმარტების სხვადასხვა სახეს: ა)განმარტება სუბიექტის მიხედვით ბ)განმარტების ხერხების მიხედვით გ)განმარტების მოცულობის მიხედვით.
სუბიექტის მიხედვით განმარტება შეიძლება იყოს: ა)ლეგალური ბ)სასამართლო გ)დოქტრინალური(მეცნიერული). ლეგალურია განმარტება, რომელსაც იძლევა კანონით სპეციალურად ამისთვის უფლებააღჭურვილი ორგანო. სასამართლო განმარტება გულისხმობს განმარტებას, რომელსაც იძლევა სასამართლო სისხლის სამარტლის კონკრეტული საქმის განხილვისას. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, და, მაშასადამე, სისხლის სამართლის კანონის განმარტებას, რომელსაც იგი შეიცავს, სავალდებულოძალა აქვს მოცემული საქმისთვის. საქმის სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ახლებურ განმარტებას. კანონის დოქტრინალურ განმარტებას ახორციელებს მეცნიერების წარმომადგენელი. ასეთი განმარტებით საგანი შეიძლება იყოს კონკრეტული საქმე, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის განზოგადებული მასალები. ასეთ განმარტებას ოფიციალურად არ აქვს სავალდებულო ძალა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის სწორად გაგებისა და შეფარდებისთვის. დოქტრინალური განმარტებისგან უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო განმარტება, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. ასეთი განმარტება ხელს უწყობს მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლებას.
განმარტების ხერეხების მიხედვით განასხვავებენ კანონის გრამატიკულ, ლოგიკურ სისტემატურ და ისტორიულ განმარტებას.  კანონის ტექსტის გრამატიკული განმარტება ხორციელდება გრამატიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საფუძველზე. ამასთან მხედველობაში მიიღება თითოეული სიტვა, კავშირი სიტყვებს შორის და ა.შ.  ლოგიკური ეწოდება განმარტების ისეთ ხერხს, როდესაც კანონის შინაარსის დადგენა ხდება ლოგიკის კანონების საფუძველზე მისი ტექსტის ანალიზის გზით.
კანონის სისტემატური განმარტება ნიშნავს სამართლის ნორმის შინაარსის დადგენას, მის განმარტებას სხვა ნორმებთან მისი კავშირის დადგენით. ისტორიული განმარტება გულისხმობს იმ მიზეზის დადგენას, რომლებმაც განაპირობეს სამართლებრივი ნორმის მიღება, ასევე მიზნების, ვითარების ნათელყოფას.
იმ ქმედებათა მიხედვით, რომლებზეც ვრცელდება განსამარტავი სისხლისსამართლებრივი ნორმის მოქმედება, განასხვავებენ განმარტების სახეებს მოცულობის მიხედვით:სიტყვასიტყვითი ანუ ადეკვატური, განვრცობითი და შეზღუდვითი.სიტყვასიტყვითი ანუ ადეკვატური ნიშნავს კანონის განმარტებას მისი ტექსტის სრული შესაბამისობით. განვრცობითია ისეთი განმარტება, რომლის შედეგაც კანონი გამოიყენება ისეთი შემთხვევის მიმართ, რომელიც კანონის ტექსტში უშუალოდ დასახელებული არაა.შეზღუდვითი ისეთი განმარტებაა, როდესაც განსამარტავი ნორმის შინაარსი უნდა გავიგოთ უფრო ვიწროდ ვიდრე მისი ტექსტია. აქ სისხლის სამართლის კანონი გამოყენებული უნდა იქნეს არა ყველა შემთხვევის მიმართ, რომლებიც ამ კანონის ტექსტშია მოცემული

ანალოგია


სისხლის სამართლის კანონი კრძალავს ანალოგიას პიროვნების საზიანოდ და უშვებს მას პიროვნების სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი კი გამოხატულებას პოულობს სასამართლო სამართალშემოქმედებაში. პიროვნების სასარგებლოდ ანალოგიის დაშვების გამოხატულებაა მოქმედი სსკ-ის მიერ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებებისა და ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებების შემოღება.პიროვნების საზიანო, მაშასადამე დაუშვებელი ანალოგიის მაგალითია ის რომ ქურდობად ვერ ჩაითვლება ელექტროენერგიის მიტაცება, რადგან ქურდობა არის სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით , ხოლო ელექტროენერგია არ წარმოადგენს ნივთს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია ანალოგიის გამოყენება. დასჯადობის ხარვეზი რომ აღმოიფხვრას საჭიროა სსკ-ში სპეციალური ნორმის არსებობა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?  Continue reading

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ევროკონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. ხელმოწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოხდა, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს.

ევროპული კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს იგი ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. ზოგადად, თუკი ამა თუ იმ სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფომ ერთი მხრივ, იკისრა ვალდებულება შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა ნებისმიერი პირის უფლება მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, მათ შორის სასამართლოშიც.  საქართველოში ევროკონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად და სახელმწიფოსათვის წარმოშობს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის საფუძველზე განიხილავს საქმეებს სტრასბურგში მდებარე ევროსასამართლო. 

Geolaw ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს.

ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი.
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.(იცავს)

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება

ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.(შეზღუდვადია)

ევროპული კონვეციის მე–9 მუხლი მოიცავს შეზღუდვად უფლებებს აბსოლუტური ელემენტებით. აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლებები, ისევე როგორც რელიგიის შეცვლის უფლება, აბსოლიტური ხასიათისაა.

Continue reading

სისხლის სამართლის პრინციპები

სისლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც კანონმდებელი უნდა დაემორჩილოს. სისხლის სამართლის კანონი ამ მოთხოვნების მიხედვით უნდა აიგოს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი კანონმდებლის საქმიანობას განსაზღვრავს და მათ მნიშვნელობა აქვთ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას.

კანონიერების პრინციპი
კანონიერების პრინციპი სამართლის ზოგადი პრინციპია, მაგრამ იგი სპეციფიკურად ვლინდება სისხლის სამართალში. ამ პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს გათვალისწინებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კანონში. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად ითვლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ქმედება.  ეს იმასაც ნიშნავს, რომ ანალოგია სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ასპექტით გამორიცხულია. ნორმის ანალოგიის წესით გამოყენება არაა გამორიცხული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.  სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში ცალ-ცალკე არაა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, რაც გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ გარემოებათა დადგენას. თუ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს უნდა მიეცეს შეზღუდული ახსნა-განმარტება, შემამსუბუქებელს პირიქით ფართო ახსნა-განმარტება უნდა მიეცეს, რაც თავის მხრივ ანალოგიის წესით კანონის გამოყენებასაც გულისხმობს. კანონიერების პრინციპი სისხლის სამართალში ვლინდება სასჯელის ასპექტითაც. საჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში,ანუ ამ ჩამონათვალში მოუხსენიებელი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია.  ქმედების დანაშაულებრიობა განისაზღვრება სსკ-ს კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. გამონაკლისია სსკ-ს კანონის უკუძალა, რაც  ნიშნავს ახალი კანონის გამოყენებას ამ კანონის ძალაში შესვლამდე ჩადენილი ქმედების მიმართ, თუ ეს ახალი კანონი აუქმებს ძველი კანონით ჩადენილი ქმედების დასჯადობას.. სისხლის სამართალი ქმედების სამართალია. აღსანიშნავია,რომ  დანაშაულებრივი ქმედება სუბიექტის ნებელობითი საქციელისგან მოწყვეტით შეუძლებელია.  კრიმინალიზაციის ობიექტია არა მარტო ნების გარეგანი აქტი, არამედ სუბიექტის ქცევის ფსიქიკურ საზრისში გამოხატული მისი პასუხისმგებლობაც. კრიმინალიზაციის ობიექტი შერაცხადი პირის ქმედებაა.

 

Continue reading

საქართველოს პარლამენტი: (ცვლილებები კონსტიტუციაში)

21 ოქტომბერს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა ქალაქ ქუთაისში. კონსტიტუციაში უამრავი ცვლილებაა შესული რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის წარმოთქმის შემდეგ ამოქმედდება, ამიტომ გთავაზობთ მუხლების ჩამონათვალს ცვლილებებითურთ:

პირველი ცვლილება, რა თქმა უნდა ადგილსამყოფელს შეეხო: უახლესი კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. – 

51 მუხლი:

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

[ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე; (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

[დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

მუხლი 59

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი.

[1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

Continue reading

როგორ უნდა გადაწყდეს დავა? (კაზუსი)

შპს “მშენებელს” და შპს “მეტალს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს “მეტალმა” იკისრა ვალდებულება მიეყიდა შპს “მშენებელისთვის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლის მქონდე დიზელის სამონტაჟო ავტომატრისა, ბურღით, მარკით აგდ-1. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 609 000 შვეიცარული ფრანკით. ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში საქონლის მიწოდებიდან ორი დღის ვადაში. საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო 2012 წლის 20 მაისს. მიწოდების ადგილად განისაზღვრა შპს “მშენებელის” იურიდიული მისამართი. საქონლის გადაცემის დროს უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. საქონლის ღირებულების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემძენს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. დათქმულ ვადაში, 2012 წლის 20 მაისს, შპს “მეტალმა”  შპს “მშენებელს” მიაწოდა საქონელი იურიდიულ მისამართზე. შპს “მშენებელმა” მიწოდებული საქონელი განათავსო უსაფრთხოდ თავის ტერიოტორიაზე, ამასთან საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე შპს “მეტალს” არ მოუწერა ხელი, ვინაიდან პრეტენზია გაანცხადა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით, კერძოდ საქონლის ტექნიკური პასპორტი არ იყო ნათარგმნი ქართულ ენაზე, ამასთან ვიზუალური დათვალიერებით ვერ მოხერხდებოდა საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა მოთხოვნილ პარამეტრებთან და ამისთვის აჭირო იყო ექსპერტიზის დასკვნა. საექსპერტო დაწესებულებამ 2012 წლის 20 ივლისს გასცა დასკვნა, რომ ექსპერტიაზაზე წარდგენილი ავტომატრისა აგდ-1 თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით მთლაინად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს და ვარგისი იყო ექსპლუატაციისთვის. ექსპერტიზის დასკვნის გაცემიდან ორ დღეში შპს “მშენებელმა” გადაურიცხა შპს “მეტალს” ნასყიდობის საგნის საფასური, ამასთან მოითხოვა ტექნიკური პასპორტის თარგმნის და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება. შპს “მეტალმა” უსაფუძვლოდ მიიჩნია პრეტენზია და თავის მხრივ მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება თანხის დაგვიანებით ანაზღაურების გამო.

როგორ უნდა გადაწყდეს დავა? იმსჯელეთ მხარეთა პოზიციების მართებულობაზე.

შეგახსენებთ რომ კაზუსის ამოსახსნელად დაგჭირდებათ სახელშეკრულებოს, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების, ცოდნა : )

ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

Continue reading

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

სანივთო სამართლის ცნება და პრინციპები

ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამათლის ცნებას. დოქტრინის მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ნივთებთან. სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით მეტს ნიშნავს. სანივთო სამართალი სამოქალაქო კოდექსის განუყოფელი ნაწილია. აქვე უნდა ვახსენოთ სანივთო  უფლება, რომელიც  არის აბსოლუტური უფლება, რაც იმას ნიშნავს რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშეა ყველა პირი, როგორც ვალდებული პირი. სანივთო უფლება უნდა იყოს ცნობილი ყველას მიერ და მისი ხელყოფის შემთხვევაში იგი დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით. ამასთან, აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე.

რაც შეეხება სანივთო სამართლის პრინციპებს,  სანივთო უფლებები numerus clausas” პრინციპითაა განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სანივთო უფლებათა წრე, კანონით ამომწურავადაა მოხაზული. არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული.  ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა.

სანივთო სამართლის სხვა თვისება არის მისი საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობაუნარიანობა.

სანივთო უფლებების რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში. ამის მიზანი კი ის არის, რომ იგი ადვილად შესამჩნევი ხდება ყოველი დაინტერესებული პირისათვის. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია. ეს იმას ნიშნავს , რომ რეესტრის ჩანაწერი მანამ ითვლება სწორად, სანამ არ მოხდება მათი ჩასწორება. სანივთო სამართალში ივარაუდება , რომ რეესტრის ჩანაწერი არის სწორი, ეს კი მფლობელის კეთილსინდისიერებასთანაა დაკავშირებული.

სანივთო უფლებას ახასიათებს მიდევნების, გადაცემადობის თვისება. ეს ნიშნავს, რომ სანივთო უფლება მიჰყვება ნივთს, როცა იგი სხვა პირის ხელში გადადის.

სანივთო სამართლის თვისებად გერმანულ დოქტრინაში მიჩნეულია მისი სპეციალურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანივთო უფლებები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული ნივთების მიმართ. აქ ნივთებზე ზოგადად კი არ არის საუბარი, არამედ კონკრეტულად.

გერმანულ სამართალში სანივთო უფლების თვისებად დასახელებულია მისი აბსტრაქტულობა. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო გარიგება გამოცალკევებულია მის საფუძვლად არსებული კაუზალური გარიგებისაგან.

აღსანიშნავია, რომ სანივთო უფლებები პრიორიტეტულია ვალდებულებით უფლებებთან შედარებით. მათ შორის კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სანივთო უფლებებს.  რაც შეეხება სანივთო უფლებათა კოლიზიისას, ასეთი კოლიზია შესაძლებელია ერთი რანგის უფლებათა შორის.