Monthly Archives: ნოემბერი 2012

დისკრეციული უფლებამოსილება

აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმათშეფარდებითი საქმიანობაა. მმართველობის ორგანოების კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი, რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმა ორი ნაწილისგან შედგება: ნორმის ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. სამართლის შეფარდება – სუბსუმცია სამართლის სათანადო ნორმების მოძიებასა და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, რის შედეგადაც შესაძლებელია სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან რამენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა, განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება კონკრეტულ შემთხვევაში ან რომელი ღნისძიება გამოიყენოს. პოლიციის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ჩატარებული დემონსტრაცია და იგი მხოლოდ მაშინ ხდება ვალდებული, გაატაროს სათანადო ღონისძიება, თუ საფრთხე დაემუქრა საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას. თუ ეს სახეზე არ გვაქვს, პოლიციას აქვს არჩევნის უფლება, რაც გულისხმობს მისაღები ღონისძიების ერთ-ერთი სახის არჩევის შესაძლებლობას – დაშალოს თუ არა დემონსტრაცია. არჩევანის თავისუფლება გვაქვს სახეზე, თუ კანონი ადგენს დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას და ადგენს თანხის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო თავად იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის ოდენობაზე.

      ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინარსის გარკვევა. კანონის ტექსტში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოიხატება სიტყვებით ‘უფლება აქვს’, ‘შეუძლია’. პირიქით, როდესაც იგი იყენებს სიტყვებს ‘ვალდებულია’, ‘უფლება არ აქვს’, დისკრეციული უფლებამოსილება გამორიცხულია. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაიაზროს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

      დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო  არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, მის მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოა და სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რომელიც ძირითადად სამ შემთხვევაში დგება:

      1. ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო

      2. ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული. სახეზეა უკანონო მმართველობითი საქმიანობა (60 ლარით დაჯარიმება, როცა გათვალისწინებულია 10-50 ლარი)

      3. ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისთვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სახეზეა უკანონო მმართველობითი საქმიანობა – შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო

ნებისმიერი კანონი, იქნება ეს ნორმატიული აქტი, კოდექსი თუ სხვა, ვრცელდება კონკრეტულ სფეროზე. ამჯერად შემოგთავაზებთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მოქმედების სფეროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას იძლევა სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითთმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ეს ლეგალური დეფინიცია შედგება ორი ნაწილისგან: მისი პირველი ნაწილი მოიცავს ხელისუფლების რომელიმე შტოს (არსებითი არ არის, თუ რომელი შტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ესა თუ ის ორგანო) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საჯარო უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს საქმიანობას, რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, საეკლესიო და სასამართლო საქმიანობა და მართლმსაჯულება. მმართველობას ძირითადად აღმასრულებებლი ორგანოები ახორციელებენ, თუმცა ეს სფერო აღმასრულებელი ხელისუფლებით არ იფარგლება. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ შეიძლება იყოს როგორც კერძო პირი, რომელიც კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ახორციელებს საჯარო მმართველობას, ისე საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლება, როდესაც ის ორგანიზაციულ საქმიანობას ეწევა.

      სზაკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული ცნების ასახვაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოდექსის მოქმედების გავრცელებას (მესამე თავის გარდა) ზღუდავს შემდეგ ორგანოებზე: საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო (უშიშროების საბჭო); საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგების გამოძახილი კი ამავე მუხლის მესამე ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სზაკ-ის გავრცელებას ამ ორგანოებსა და ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებას უკავშირდება.

      აღმასრულებელი ხელისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ფუნქციონალური გაგების შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვის არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობას. ამის ნათელი მაგალითი მთავრობაა, რომელიც საპარლამენტო და ნახევრადსაპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, რაც კონსტიტუციური ხასიათის უფლებას წარმოადგენს და შესაბამისად სცდება მმართველობით საქმიანობას. ამას გარდა, სზაკ-ის მესამე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა არ წარმოადგენს ამ კოდექსის მოწესრიგების საგანს. ესენია: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. კოდექსის მოქმედება ასევე არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს როგორც პირთა თანამდებობაბზე დანიშვნასა და გათავისუფლებას, ასევე პირთა შეწყალებასა და სხვა უფლებებს.

      აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლების) მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმიდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების, ან კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

კაზუსი თავისი ამოხსნით

კაზუსი

რეზო, რომელიც ოცნებობს შეიძინოს ნოკია N 95 მოდელი, ვერ ახერხებს მოიპოვოს აღნიშნული ტელეფონის ღირებულება ერთიანად, ვინაიდან იგი დასაქმებულია სამშენებლო კომპანიაში და მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 600 ლარს. ის მეგობრისაგან შეიტყობს, ახალი მაღაზიის შესახებ, რომელიც მობილური ტელეფონებით ვაჭრობს და მომგებიან წინადადებასაც სთავაზობს კლიენტებს. კერძოდ, კი აღნიშნული მაღაზიის სარეკლამო რგოლში მოისმენს, რომ ნებისმიერი მობილური ტელეფონის ყიდვის მსურველს შეუძლია შეიძინოს ტელეფონი ყოველგვარი გარანტიისა და სხვა რთული პროცედურის გარეშე თავის ფასში. რეზო სასწრაფოდ მიეშურება მაღაზიაში და აზუსტებს დეტალებს. გამყიდველი ნინო ატყობინებს, რომ მაღაზიის მიერ განხორციელებული შეთავაზება უნიკალურია, ვინაიდან გადასახდელი თანხის განვადება შესაძლებელია 5 წლამდე ვადაზე გაიწეროს. აღფრთოვანებული რეზო დებს ხელშეკრულებას და მაქსიმალურ ვადას 3 წელს განსაზღვრავს ხელშეკრულებით. ამასთან, იგი გამყიდველთან საუბარში მიდის აღნიშნულ დასკვნამდე, ვინაიდან, გამყიდველის განმარტებით რეზოს ნებისმიერ დროს შეეძლება გრაფიკს გადაუხვიოს და წინასწარ და უფრო მეტი რაოდენობით გადაიხადოს, ანუ, ვადაზე ადრე დაფაროს განვადების თანხა. იგი შესაბამისად, დაუფიქრებლად აწერს ხელს სამწლიან განვადების ხელშეკრულებას და მისი ტელეფონის გადასახადის გრაფიკს.

ექვსი თვის შემდეგ ის მოულოდნელად იღებს საზღვარგერეთ მცხოვრები ძმისაგან საჩუქრად 2000 ლარს და დაუყონებლივ გადაწყვეტს დაფაროს ტელეფონის დარჩენილი სრული თანხა. გამყიდველი კი განუმარტავს, რომ სამწლიანი 20 %-იანი განვადების გათვალისწინებით % 1200 ლარს შეადგენდა, ტელეფონის ღირებულება 2000, გადახდილი %-ის (200 ლარის) გამოკლებით ბანკი ითხოვს 1000 ლარის დარჩენილი პროცენტისა და ძირითადი თანხის 1665 ლარის გადახდას. რეზი აღშფოთებულია, ის თვლის, რომ გამყიდველი ატყუებს მას სთხოვს რა იმ დარჩენილი დროისათვის %-ის გადახდას, როდესაც განვადება აღარ იარსებებს. ეს მაშინ, როდესაც შეთავაზება მაღაზიის მიერ არ ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას, ვინაიდან ტელეფონი თავის ფასში იყიდებოდა. გამყიდველი მიუთითებს მაღაზიის შიდა ინსტრუქციაზე, რომელიც მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტშიდაც არის ასახული. ხელშეკრულებაში აღნიშნულის შესახებ მითითება არ არსებობს.
რეზოს უფლებები.

ა მ ო ხ ს ნ ა:

Continue reading

ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

ჩვენი ბლოგის Facebook გვერდზე ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან ხოლმე ინდ. მეწარმეობისა და მიკრო ბიზნესის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, რეგისტრაციის წესებს. ამიტომ გადავწყვიტე ეს ზოგადი ინფო ერთ პოსტად ჩამომეყალიბებინა.

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია ხდება მაშინ, როცა პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ინდივიდუალური საწარმოს მაგალითებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

  1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
  2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს;
  3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  5. სათამაშოO ბიზნესი.
  6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
  7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა

მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირმა განცხადებით უნდა მიმართაოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის – http://www.rs.ge-ს მეშვეობით.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენლობა, ფუნქციები და სახეები. დანაშაულის კატეგორიები


    სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული. დანაშაულის ცნება კი აგებულია დანაშაულის სამსაფეხურიან სისტემაზე. დანაშაულის სისტემის ელემენტებია: ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი. მართლწინააღმდეგობა უნდა გავიგოთ როგორც წინააღმდეგობა კულტურის ნორმებისადმი, ხოლო ბრალი, როგორც ნორმატიული შეფასებითი კატეგორია.

დანაშაულის ცნება

თანამედროვე ქართულ სამართალში არსებობს დანაშაულის ჩადენის 6 სხვადასხვა შესაძლო შემთხვევა. ეს შემთხხვევებია:
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი გაუფრტხილებლობითი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დაუმტავრებელი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული

დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
მოძღვრება დანაშაულზე შეისწავლის ქმედების დასჯადობის სამართლებრივ საფუძველს. დანაშაულის ზოგადი მოძღვრება განსაზღვრავს იმ ელემენტებსა და მის შემადგენელ ნიშნებს, რომლებიც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, რის გამოც ისინი წარმოადგენენ დანაშაულის სისტემის აგებულების ნაწილებს.

                        ქმედების შემადგენლობა

თავდაპირველად განიხილება ქმედების ობიექტური შემადგენლობა, რაც წარმოდგენილია შემდეგ სახეებში:
ა)ქმედების სუბიექტი(მოქმედება ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ ან იურიდიული პირის მიერ)
ბ)ქმედების ობიექტი(ქმედების შედეგად ზიანი მიადგა სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს)
გ)ქმედება და შედეგი
დ)მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის(მიზეზობრიობის პირობათა თეორია)
ე)შედეგის ობიექტური შერაცხვა
ვ)ქმედების შემადგენლობის სხვა ობიექტური ელემენტები: დრო, ვითარება, საშუალება და ა.შ
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:
ა) განზრახვა(ე.წ. არაბორიტი განზრახვა), მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე ფართო გაგებით. ეს იმას ნიშნავს რომ განზრახ მოქმედებს არა მარტო ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისიც, ვინც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ქმედების შემადგენლობის ელემენტი განზრახვა(ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა და ნებელობა) ბოროტ განზრახვად იქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალის ეტაპზე დადგინდება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების შეგნება.
ბ)ქმედების შემადგენლობის სხვა სუბიექტური ელემენტები და ა.შ
გ) აქვე უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი ხასიათის შეცდომები
2)მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია:
1.აუცილებელი მოგერიება
2.დამნაშავის შეპყრობა
3.უკიდურესი აუცილებლობა
4.მართლზომიერი რისკი
5.მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებანი, დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა კოლიზია და ა.შ.)
3)ბრალი
ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებებია:
1.ბრალუუნარობა(შეურაცხადობა)
ა)ასაკის გამო(14 წელს მიუღწევლობა)
ბ)ფსიქიკური მდგომარეობის გამო(ფსიქიკის დროებითი აშლილობა ან ქრონიკული ფსიქიკური დაავადება)

2.შემცირებული ბრალუნარიანობა(შეზღუდული შერაცხადობა). იგი ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
3.მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ვიწრო გაგებით-სამართლებრივი შეცდომა(შეცდომა აკრძალვაში, როცა პირმა არ იცის ბლანკეტური ნორმის შინაარსი ან შეცდომას უშვებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების სამართლებრივ მხარეზე, როცა მას გონია, რომ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ისეთი გარემოება, რომელიც მის მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობას გამართლებულად მიიჩნევს)
4.განზრახვის ელემენტის: მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ფართო გაგებით შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების ფაქტობრივ მხარეზე, მაგალითად, მოჩვენებითი მოგერიების დროს. როცა პირს ჰგონია, რომ იგერიებს რეალურ თავდასხმას, სინამდვილეში კი ასეთს ადგილი არ აქვს)
5.ბრძანების ან განკარგულების შესრულება, თუ არსებობს გარკვეული პირობები(ე.წ. პირობათა თეორია)
6.ბრალის გამომრიცხველი სხვა ზეკანონური გარემოებები(ნორმის შესაბამისი შესრულების მოტხოვნის შეუძლებლობა:ტრაგიკული კოლიზია,რომელიც შეიძლება გამოიხატოს საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობაში, მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობასა და სხვა მსგავსი შინაარსის გარემოებებში)

Continue reading

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 3.  ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოგეხსენებათ ოჯახში ძალადობის პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი ჩემი პოსტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრებზე ყოფილიყო.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება როგორც ტრეფიკინგის, ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 2 თავშესაფარი ოჯახური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის, თბილისში და ბათუმში.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

როგორ ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განთავსება თავშესაფარში:

Continue reading

სიცოცხლის უფლება

ბლოგზე განხილული გვაქვს ევთანაზია, აბორტი. შესაბამისად სიცოცხლის უფლების თემატიკასაც შევეხეთ რამდენჯერმე. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე სიცოცხლის უფლება საერთაშორისო სამართლის მხრიდან განმეხილა. კერძოდ, შემოგთავაზოთ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი საინტერესო გადაწყვეტილებები ევროპული კონვენციის მეორე მუხლზე აღძრული საქმეების შესახებ.

მუხლი 2 – სიცოცხლის უფლება

  1. ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერ. არავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულდება სასამართლოს განაჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.
  2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებად, თუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგს, რომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:
    ა. ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისაგან დასაცავად;
    ბ. რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა.
    გ. ამბოხებასა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს

ევთანაზიის შესახებ ევროსასამართლომ Pretty v. the United Kingdom საქმეში იმსჯელა და დააფიქსირა, რომ მე-2 მუხლი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას და მასში არსად არ არის მინიშნებული სიკვდილის უფლება.

აბორტის შესახებ ევროსასამართლომ იმსჯელა სხვადასხვა საქმეებში.  H. v. Norway – სასამართლომ აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, თუ იგი უშვებს აბორტს მე–13 კვირამდე; 12–18 კვირამდე ექიმების ნებართვით; 18 კვირის შემდეგ – მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობით. Vo. v. France ქეისში კი სასამართლომ დააფიქსირა, რომ დაუბადებელი ბავშვი არ არის “პირი”, რომელიც პირდაპირ სარგებლობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დაცვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაუბადებელ ნაყოფს აქვს “სიცოცხლის უფლება”, ეს უფლება შეზღუდულია დედის უფლებებითა და ინტერესებით.

ადრეც აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, თვითონ არ განახორციელოს არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. კერძოდ, Anguelova v. Bulgaria საქმეში არაეფექტიანი გამოძიების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მხარეც. ანუ, არ უზრუნველყვეს დაზარალებული დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარებით, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ იგი სიკვდილს ებრძოდა.

ნეგატიური ვალდებულების მაგალითად განვიხილავდით საქმეს Andronicou and Constantinou v. Cyprus, რომელშიც გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ მოცულობისათვის, რომელიც “აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირის სიცოცხლის წართმევის საფრთხე.

სამეზობლო ზემოქმედებათა სახეები

სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია მესაკუთრეთა ურთიერთზემოქმედების ფარგლები. ამას საემისიო სამართალიც ჰქვია. ემისიის ცნებაში იგულისხმება ყველა ის ზემოქმედებანი, რაც მიწის ერთი ნაკვეთიდან მეორეზე ვრცელდება და გარკვეული აზრით ზიანს აყენებს მას. ამის მაგალითია გაზით, ორთქლით, სუნით, ჭვარტლით, კვამლით, სითბოთი, რყევებით ან სხვა მსგავსი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედებანი. ემისიები იყოფა არსებით და არაარსებით ემისიებად. არაარსებითი ემისიების თმენის ვალდებულება უპირობოა, არსებითი ემისიები კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ექვემდებარებიან თმენის ვალდებულებას. დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში სადავოა იდეალური ემისიების, კერძოდ, ესთეტიკური და ზნეობრივი ხასიათის ზემოქმედების საკითხი. საქმე იმაშია, რომ სამოქალაქო კოდექსი მას არ ითვალისწინებს. თუ ზემოქმედების რომელიმე სახე არაა განსაზღვრული, მაშინ ზემოქმედების ადგილას მიღებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს ჩაითვალოს თუ არა ზემოქმედება დაშვებულ ზემოქმედებად. მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორებიც.

გერმანულ დოქტრინაში მიღებული დაყოფით, აღნიშნულ ემისიათა ერთი ჯგუფი უსხეული ემისიებია, როგორიცაა სითბოთი, სინათლით გამოწვეული ზემოქმედებანი. სხვა კი , რბილი სხეულებით გამოწვეული ემისიები, როგორებიცაა ჭვარტლით,კვამლით და ა.შ. გამოწვეული ზემოქმედებანი. ყოველთვის, ზემოქმედება უფრო ფიზიკური ზემოქმედების ხასიათს უნდა ატარებდეს. მარტო ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ვთქვათ, მეზობლის ნაკვეთზე ხშირი თავყრილობა, არაა საკმარისი დაუშვებელი ზემოქმედების საკვალიფიკაციოდ, თუ რა თქმა უნდა თავყრილობას არ ახლავს ხმაური.

მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს ასევე არსებითი ზემოქმედებანიც, თუკი იგი გამოწვეულია მეზობლის ან სხვა უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით, რაც მისი ნორმალური საქმიანობაა.

სასამართლოების პრაქტიკა ზემოქმედების განსაზღვრის საკითხში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ზემოქმედების დასაშვებობის ხარისხი შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადგილთან მიმართებით. ამ შემთხვეაში, მნიშვნელობა აქვს სამრეწველო რაიონთან გვაქვს საქმე თუ საცხოვრებელ უბანთან, მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრშია თუ ქალაქის გარეთ.

ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

ვაგრძელებ კაზუსების თემას და ამჯერად შემოგთავაზებთ კაზუსს ვალდებულებითი სამართლიდან, თავისი ამოხსნით.

კაზუსი:

რესტორანი “სამწვადე“ უგემრიელესი საფირმო კერძების დამზადებით არის სახელგანთქმული. რესტორანი კლიენტებს განსაკუთრებული ღვინოების დიდ არჩევანს სთავაზობს, რომელსაც იგი კახეთში, ღვინის მწარმოებელი კომპანია “ვაზის ნაჟურისაგან“ ყიდულობს. პარტნიორების თანამშრომლობა წლებს ითვლის. ორ თვეში ერთხელ კომპანია იღებს შეკვეთებს რესტორნისაგან შესაბამისი რაოდენობისა და სახეობის ღვინის მიწოდებაზე. 1 თებერვალს რესტორნის მენეჯერი შეკვეთის მორიგ დაზღვეულ წერილს უგზავნის კომპანიას, სადაც სთხოვს 10 ყუთი მანავის მიწოდებას, ტრადიციულად, თვის 10 რიცხვისათვის. 3 თებერვალს ფოსტისგან იღებს პასუხს, რომ კომპანიას წერილი ჩაბარდა. 11-ში რესტორანში გრანდიოზული ბანკეტია დაგეგმილი. 10-ში საღამოს 5სთ-ზე სამზადისში მყოფი რესტორნის მენეჯერი აღმოაჩენს, რომ ღვინის პარტია არ ჩამოსულა. იგი შეშფოთებული ურეკავს კომპანიას, სადაც პასუხობენ, რომ ხელმძღვანელობა გამოიცვალა და მათ აღარ სურთ ურთიერთობის გაგრძელება რესტორანთან, რადგანაც კონკურენტ რესტორანთან გააფორმეს შეთანხმება და რომ ღვინოებს არ ელოდონ, რადგანაც კომპანიას რესტორნის შეკვეთაზე თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად, შეთანხმებაც არ ყოფილა. სასოწარკვეთილი მენეჯერი მთელი ღამის განმავლობაში ეძებს სასმელს. საბოლოოდ, მეორე დილით იგი მოიტანს სასმელს, რომელიც რესტორანს 1000 ლარით ძვირი უჯდება. ბანკეტზე მოსული სტუმრები სიამოვნებით მიირთმევენ „ღვინოს“, მაგრამ მათი სიამოვნება დიდხანს არ გასტანს, რადგანაც მალე აღმოჩნდება, რომ სასმელმა მათი დიდი ნაწილის მოწამვლა გამოიწვია. სასამართლო პროცესების თავიდან აცილების მიზნით რესტორანი იძულებული ხდება, გადაუხადოს მათ მკურნალობის ხარჯები – 2 000 ლარი, აგრეთვე, იმიჯის შენარჩუნების მიზნით, არ ითხოვს ბანკეტის საფასურის ნაწილის, 5000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მეორე დღეს უნდა დაეფარათ მოქეიფეებს.
რესტორანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კომპანიისაგან. აქვს რესტორანს მოთხოვნა ღვინის კომპანიის მიმართ?

ამოხსნის სქემა:

Continue reading

სახალხო დამცველი

ვინ არის სახალხო დამცველი? 

 

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი. 

როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?  Continue reading