რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ფეიჯზე დაიდო კაზუსი სისხლის სამართლიდან.
აღნიშნული კაზუსი წარმოდგენილია პრაქტიკიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლს (განსაცდელში მიტოვება). თუმცა, როგორც იცით სასამართლო ხშირად ცდება ხოლმე და მიიჩნევენ, რომ სასამართლის მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილებაც არასწორია და სინამდვილეში მძღოლის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაუხმარებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, წარმოადგენს.
გადავწყვიტე, თითოეული სავარაუდო პასუხი ცალ-ცალკე განმეხილა და ამეხსნა თუ რატომ არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ქმედება როგორც განსაცდელში მიტოვება (სსკ-ის 128-ე მუხლი) და რატომ არის კაზუსში განხილული დანაშაული დაუხმარებლობა (სსკ-ის 129-ე მუხლი).
“მუხლი 128. განსაცდელში მიტოვება (28.04.2006 N 2937)
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზომები თავის დასაცავად. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებლად. განსაცდელში მიტოვების დროს დამნაშავე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედებაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი პირობების არსებობას:
ა) ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად;
ბ) განსაცდელში მიტოვებულს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება.