ვინ არის სახალხო დამცველი?
“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი.
როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?
საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.
კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის,ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.
ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
რა უფლებამოსილებები აქვს სახალხო დამცველს?
საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.
საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას, ასევე თავად, ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებებში მათი ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.”
ეს არის ძირითადი ამონარიდები ორგანული კანონიდან “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”
საქართველოში სახალხო დამცველები იყვნენ ნანა დევდარიანი, სოზარ სუბარი და გიორგი ტუღუში, ამჟამად კი სახალხო დამცველის კანდიდატურებად დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია და თამარ გურჩიანი განიხილებიან.
რომელი მათგანი აკმაყოფილებს თქვენი აზრით სახალხო დამცველის კანდიდატურას?