სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენლობა, ფუნქციები და სახეები. დანაშაულის კატეგორიები


    სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული. დანაშაულის ცნება კი აგებულია დანაშაულის სამსაფეხურიან სისტემაზე. დანაშაულის სისტემის ელემენტებია: ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი. მართლწინააღმდეგობა უნდა გავიგოთ როგორც წინააღმდეგობა კულტურის ნორმებისადმი, ხოლო ბრალი, როგორც ნორმატიული შეფასებითი კატეგორია.

დანაშაულის ცნება

თანამედროვე ქართულ სამართალში არსებობს დანაშაულის ჩადენის 6 სხვადასხვა შესაძლო შემთხვევა. ეს შემთხხვევებია:
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი გაუფრტხილებლობითი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დაუმტავრებელი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული

დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
მოძღვრება დანაშაულზე შეისწავლის ქმედების დასჯადობის სამართლებრივ საფუძველს. დანაშაულის ზოგადი მოძღვრება განსაზღვრავს იმ ელემენტებსა და მის შემადგენელ ნიშნებს, რომლებიც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, რის გამოც ისინი წარმოადგენენ დანაშაულის სისტემის აგებულების ნაწილებს.

                        ქმედების შემადგენლობა

თავდაპირველად განიხილება ქმედების ობიექტური შემადგენლობა, რაც წარმოდგენილია შემდეგ სახეებში:
ა)ქმედების სუბიექტი(მოქმედება ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ ან იურიდიული პირის მიერ)
ბ)ქმედების ობიექტი(ქმედების შედეგად ზიანი მიადგა სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს)
გ)ქმედება და შედეგი
დ)მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის(მიზეზობრიობის პირობათა თეორია)
ე)შედეგის ობიექტური შერაცხვა
ვ)ქმედების შემადგენლობის სხვა ობიექტური ელემენტები: დრო, ვითარება, საშუალება და ა.შ
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:
ა) განზრახვა(ე.წ. არაბორიტი განზრახვა), მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე ფართო გაგებით. ეს იმას ნიშნავს რომ განზრახ მოქმედებს არა მარტო ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისიც, ვინც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ქმედების შემადგენლობის ელემენტი განზრახვა(ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა და ნებელობა) ბოროტ განზრახვად იქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალის ეტაპზე დადგინდება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების შეგნება.
ბ)ქმედების შემადგენლობის სხვა სუბიექტური ელემენტები და ა.შ
გ) აქვე უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი ხასიათის შეცდომები
2)მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია:
1.აუცილებელი მოგერიება
2.დამნაშავის შეპყრობა
3.უკიდურესი აუცილებლობა
4.მართლზომიერი რისკი
5.მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებანი, დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა კოლიზია და ა.შ.)
3)ბრალი
ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებებია:
1.ბრალუუნარობა(შეურაცხადობა)
ა)ასაკის გამო(14 წელს მიუღწევლობა)
ბ)ფსიქიკური მდგომარეობის გამო(ფსიქიკის დროებითი აშლილობა ან ქრონიკული ფსიქიკური დაავადება)

2.შემცირებული ბრალუნარიანობა(შეზღუდული შერაცხადობა). იგი ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
3.მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ვიწრო გაგებით-სამართლებრივი შეცდომა(შეცდომა აკრძალვაში, როცა პირმა არ იცის ბლანკეტური ნორმის შინაარსი ან შეცდომას უშვებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების სამართლებრივ მხარეზე, როცა მას გონია, რომ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ისეთი გარემოება, რომელიც მის მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობას გამართლებულად მიიჩნევს)
4.განზრახვის ელემენტის: მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ფართო გაგებით შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების ფაქტობრივ მხარეზე, მაგალითად, მოჩვენებითი მოგერიების დროს. როცა პირს ჰგონია, რომ იგერიებს რეალურ თავდასხმას, სინამდვილეში კი ასეთს ადგილი არ აქვს)
5.ბრძანების ან განკარგულების შესრულება, თუ არსებობს გარკვეული პირობები(ე.წ. პირობათა თეორია)
6.ბრალის გამომრიცხველი სხვა ზეკანონური გარემოებები(ნორმის შესაბამისი შესრულების მოტხოვნის შეუძლებლობა:ტრაგიკული კოლიზია,რომელიც შეიძლება გამოიხატოს საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობაში, მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობასა და სხვა მსგავსი შინაარსის გარემოებებში)

  დანაშაულის კატეგორიები

დანაშაულის კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნით. მათგან უმეტესობა არ წარმოადგენს საკანონმდებლო კლასიფიკაციას, არამედ სისხლის სამართლის დოგმატიკის განვითარების შედეგია.
კლასიფიკაცია დანაშაულის სიმძიმის მიხედვით
სიმძიმის მიხედვით დანაშაული იყოფა სამ კატეგორიად. საკითხი იმის შესახებ თუ დანაშაულის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება სსკ-ის კერძო ნაწილის კონკრეტული შემადგენლობა, განისაზღვრება მხოლოდ აბსტრაქტული სასჯელის მიხედვით. კონკრეტულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ნორმა ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად სასჯელს ალტერნატიულად, მაშინ დანაშაულის კატეგორია განისაზღვრება იმ ყველაზე მკაცრი სასჯელის მიხედვით, რომელიც უმაღლესი აბსტრაქტული სასჯელის სახით გათვალისწინებულია ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით, მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს დანასაულის შემდეგ სამ კატეგორიას:
1.ნაკლებად მძიმე(განზრახი,გაუფრთხილებლობითი ან დანაშაული, სანქციით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით)
2.მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული სანქციით 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთით)
3.განსაკუთრებით მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციით 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით) განსაკუთრებით მძიმედ ითვლება მხოლოდ განზრახი დანაშაული და არა გაუფრთხილებლობითი თუნდაც ის ითვალისწინებდეს 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას.
დანაშაულის კატეგორიები ჩადენის ფორმის მიხედვით:
ჩადენის ფორმის მიხედვით არსებობს დანაშაულის სამი კატეგორია:
1.შედეგგარეშე(ე.წ. ფორმალური) დელიქტი დამთავრებულად ითვლება აქტიური მოქმედების ჩადენის, ან შესაძლებელი მოქმედების შესრულების მომენტიდან, მიუხედავად შედეგის დადგომისა.
2.შედეგიანი(ე.წ. მატერიალური) დელიქტი მოითხოვს ობიექტური შედეგის დადგომას. იგი შეიძლება გამოიხატოს სამართლებრივი სიკეთის განადგურებაში(სიცოცხლის მოსპობა) ან დაზიანებაში(ჯანმრთელობის დაზიანება) ან დაცული სამართლებრივი სიკეთისთვის საფრთხის შექმნაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (აფეთქების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ კონკრეტული, აბსტრაქტული და კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები.
თუ კანონი მოითხოვს კონკრეტული საფრთხის სიტუაციას, ადგილი აქვს კონკრეტულ საფრთხის დელიქტს(მაგალითად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება). თუ კანონი სამართლებრივი სიკეთისთვის კონკრეტული საფრთხის არსებობის დადგენას არ მოითხოვს, მაშინ სახეზეა აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი(მაგალითად ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა). აბსტრაქტულისგან განსხვავებით კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტებში მოსამართლეს უწევს იმის შემოწმება კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს შეეძლო თუ არა გამოეწვია მძიმე შედეგი.
3. წმინდა უმოქმედობით ჩადენილი დელიქტი არის ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენა შეიძლება მხოლოდ უმოქმედობით(დანაშაულის შეუტყობინებლობა, დაუხმარებლობა). შერეული უმოქმედობით ჩადენილია დელიქტი, რომლის შემადგენლობა სსკ-ის კერძო ნაწილში გათვალისწინებულია აქტიური მოქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ამავე შემადგენლობით კვალიფიცირდება უმოქმედობაც(მაგალითად უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობა), თუ არსებობს სამართლებრივი გარანტის ფუნქცია უმოქმედობის დასჯადობის სხვა ორ პირობასთან 1)მოქმედების შესაძლებლობასა და2)შედეგის თავიდან აცილებადობასთან ერთად.
4.შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დანაშაული შეიძლება გამოიხატოს ძირითად, კვალიფიციურ და პრივილეგიურ შემადგენლობაში.
ქმედების ძირითადი შემადგენლობა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი უმართლობის ტიპიზირებულ ფორმას(განზრახი მკვლელობა). კვალიფიციური შემადგენლობა(განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) უმართლობის ხარისხს ამაღლებს, ხოლო პრივილეგიური(მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით)- ამცირებს.
ქმედების კვალიფიკაციის დროს კვალიფიციურ და პრივილრგიურ შემადგენლობას ყოველთვის უპირატესობა აქვს ქმედების შემადგენლობასთან მიმართებით, ხოლო თუ ერთდროულად არსებობს ერთი და იმავე დანაშაულის კვალიფიციური და პრივილეგიური შემადგენლობები უპირატესობა ენიჭება პრივილეგიურ შემადგენლობას.
5..დანაშაულის ჩადენის „ნორმალურ შემთხვევას“ წარმოადგენს ე.წ. დამთავრებული დანაშაული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დანაშაულის შემადგენლობის ყველა სუბიექტური და ობიექტური ელემენტი სახეზეა. თუ შემადგენლობა მთლიანად არ არის განხორციელებული მაშინ დანაშაული არაა დამთავრებული. გაუფრთხილებლობით დანაშაულს არ აქვს დასჯადი სტადიები, ხოლო განზრახი დანაშაული გაივლის მომზადებისა და მცდელობის სტადიებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s