Monthly Archives: იანვარი 2013

ადმინისტრაციული წარმოების სახეები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად , ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე -ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება: მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. დაუშვებელია ერთი და იგივე აქტის გამოცემა ერთზე მეტი წარმოების სახის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოებისათვის გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. სზაკ-ის 72- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებიტ. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს: 1)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება. 2)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა 3)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტთა საკითხი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს აუცილებლად დგას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების მეორე მხარეს მდგარი სუბიექტების ჩამონათვალი მოცემულია სზაკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეების ცნებაში.

Continue reading

მფლობელობა

მფლობელობის  გამოსახატავად ძველ ქართულ სამართალში გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქონება“, „ჭერა“, „პყრობა“, „ჯდომა“. ეს უკანასკნელი ტერმინი მიგვანიშნებს გერმანულ possesio-სთან მის კავშირზე.

155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება:
1.ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე.

2.ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვენული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი. იქ, სადაც სუბიექტის ნება არ მონაწილეობს, არც მფლობელობაა.

სსკ-ში მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები. მაშასადამე, მფლობელობა ფაქტია და არა უფლება!მფლობელობა აგრეთვე გამიჯნულია „ჭერისაგან“, ე.წ. detentio-სგან.  მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.მაშასადამე, „ბატონობა“ უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ. მჭერი არ ითვლება მფლობელად, ამიტომაც მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ. თუმცა მას შეუძლია წინ აღუდგეს მესამე პირთა აკრძალულ თვითნებობას.მფლობელობის შეძენისას მჭერის არაკეთილსინდისიერება განიხილება როგორც უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის არაკეთილსინდისიერება და მოსარჩელის წინაშეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი, თუკი მან მჭერის შერჩევისა და მასზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არ გამოიჩინა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადრებიანობა.ნივთი შეიძლება არამარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, არამედ არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც .აღსანიშნავია, რომ მფლობელობითი კონფლიქტის ვითარებაში უპირატესობა ენიჭება პირდაპირ მფლობელობას. პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელობისგან. სსკ მფლობელობის დანაწევრების ორ შემთხვევას იცნობს. პირველია ,როდესაც ერთ საგანზე არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა. მეორე, როცა ერთ ნივთს რამდენიმე პირი ფლობს ერთდროულად. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ თუ პირველ შემთხვევაში ორსაფეხურიანი დაყოფა გვაქვს მფლობელობისა, მეორე შემთხვევაში თანამფლობელთა ფაქტობრივი ბატონიბის მდგომარეობა ერთსაფეხურიანია: ან პირდაპირი მფლობელები არიან თანამფლობელები, ან კიდევ არაპირდაპირი მფლობელები.

თანამფლობელობა შეიძლება იყოს მარტივი, როცა ყოველ თანამფლობელს აქვს სანივთო ძალაუფლება, რასაც სხვებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. კვალიფიციური (კოლექტიური) თანამფლობელობისას ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა მხოლოდ კოლექტიურადაა შესაძლებელი და ამდენად, იგი საერთო მარტივი თანამფლობელობის მდომარეობას კარგად შეესაბამება საერთო თანაზიარი საკუთრება. ხოლო კვალიფიციურისას – წილადი საკუთრება. ისევე, როგორც ყოველი მესაკუთრე საერთო ნივთის მასზედ კუთვნილი ნაწილის მესაკუთრეა, შესაბამისად მისი მფლობელობა, იგივე ფაქტობრივი ძალაუფლება, მხოლოდ ამ ნაწილზე ვრცელდება. შეიძლება ერთსა და იმავე საგანზე ადგილი ჰქონდეს როგორცთანამფლობელობას, ისე ნაწილების მფლობელობას.

Continue reading

თანამონაწილეობის ცნება და ფორმები

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზარხი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სუბიექტებია (ფორმებია)  : ორგანიზარორი, წამქეზებელი და დამხმარე. თუ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ამდენიმე პირი, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს თუ ვინ ჩაიდინა ძირითადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რათა იგივე უმართლობისათვის დადგინდეს თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განასხვავებენ თანამონაწილეობას ფართო და ვიწრო გაგებით.ფართო გაგებით თანამონაწილეობა ნიშნავს დანაშაულში თანამონწილეობას როლების დაუნაწილებლად, ვიწრო გაგებით კი თანამონაწილეობა გულისხმობს როლების დანაწილებას  დანაშაულის მონაწილეთა შორის (მაგ:ორგანიზატორი, წამქეზებელი , დამხმარე).თანამონაწილეობას ახასიათებს აქცესორულობა, რაც ნიშნავს იმას რომ თანამონაწილე დაისჯება იმ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის რაც ჩაიდინა ამსრულებელმა.სსკ-ში გვხვდება დანაშაულის ისეთი შემადგენლობა სადაც თანამონაწილეობის გარეშე შემადგენლობა ვერ განხორციელდება, ასეთია მაგ:ქრთამის აღება. 

                        თანამონაწილეობის დასჯადობის დაფუძველი:
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ.ამ ფიზიკურ პირებში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის ამსრულებელი პირი,არამედ თანამონაწილეც, რომელიც უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამთავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იწყება 18 წლიდან. პირი უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ, ა) ჩაიდენს დანაშაულს პირადად, სხვა პირთან ერთად ან სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ბ) უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამტავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. გ) აღნიშნული დანაშაულის ჩადენს გაადვილების მიზნით დახმარებას უწევსმ აქეზებს ან სხვაგვარად ხელს უწობს მის ჩადენას ჩადენის მცდელობას, მათ შორის – მისი ჩადენისათვის საშუალებათა მიწოდებით; დ) განზრახი ქმედებით ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას; ე) გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს გენოციდის ჩასადენად; ვ) ეცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თუ პირი უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად ხელს შეუშლის მის ბოლომდე მიყვანას, არ დაისჯება.  დასჯადია როგორც დამთავრებული დანაშაული, აგრეთვე დანაშაულის მცდელობა.

Continue reading

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებების დაცვა

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლების დაცვაზე მოქმედ სამოქალაქო კოდექსში სპეციალური ნორმა არ არსებობს. 2005 წლის ცვლილებებამდე სამოქალაქო კოდექსი შეიცავდა 257-ე მუხლს, რომელიც იცავდა კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებებს. ,,თუ გირავნობის საგნის (გირაოს) გადაცემა სხვა პირისათვის ხორციელდება საბუთის გადაცემით და დამგირავებელი გირავნობის წარმოშობის მომენტისათვის ფლობს ამ ნივთს (უფლებას) მისი დაგირავების უფლებამოსილების გარეშე, მოგირავნე ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, თუკი მან არ იცის და არც შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ. მოგირავნის ეს კეთილსინდისიერება აძლევს უპირატესობას მესამე პირთან შედარებით.”

საბუთის გადაცემაში იგულისხმება სასაწყობო მოწმობის გადაცემა. როცა დაგირავება ხდება საწყობში შენახული ხორბლის, ამისათვის საკმარისია მოწმობის გადაცემა. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ,,კონსორციუმ ,,თავთავის” ერთ-ერთ წევრთან ინახებოდა სასაწყობო მოწმობა. მას სხვა წევრების თანხმობის გარეშე არ ჰქონდა ხორბლის გასხვისების ან დაგირავების უფლება. ამის მიუხედავად, მან ბანკიდან აიღო სესხი და დააგირავა სასაწყობო მოწმობა. ბანკს კეთილსინდისიერად ეგონა, რომ სასაწყობო მოწმობის მესაკუთრე იყო მხოლოდ კონსორციუმის აღნიშნული წევრი. ასეთ შემთხვევაში დანარჩენი წევრების პრეტენზიის მიუხედავად, ბანკი დარჩება მოგირავნედ. კონსორციუმის აღნიშნული წევრის მიერ თვითნებური თვითნებური მოქმედბის შემდეგ, ყველა წევრმა, შეთანხმებით ,აღნიშნული ფასიანი ქაღალდი დააგირავა და სხვა ბანკისაგან აიღეს სესხი.
ახლა დგას საკითხი:
რომელი მოგირავნის უფლება უნდა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში? პირველი მოგირავნისა, რომელიც მხოლოდ კეთილსინდისიერია თუ მეორე მოგირავნისა, რომელიც მართლზომიერი მოგირავნეა ?
სსკ-ის 257-ე მუხლის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე ჯერ დაკმაყოფილდება კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლება. ეს მუხლი გაუქმებულია.
იბადება კითხვა: ახლანდელი სამართალი იცავს თუ არა კეთილსინდისიერ მოგირავნეს?
ეს უნდა გავაანალიზოთ კეთილსინდისიერი შემძენის მდგომარეობიდან. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი კეთილსინდისიერ შემძენს მხოლოდ, მაშინ იცავს, როცა ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის. როცა ნებით გამოდის, ვთქვათ მესაკუთრემ ვინმეს შესანახად მიაბარა ნივთი, ამ შემთხვევაში როცა კეთილშემძენმა შემნახველისაგან შეიძინა ნივთი, საკუთრებაში რჩება მას. წარმოვიდგინოთ, რომ იგივე შემნახველისაგან მან ეს ნივთი გირაოს სახით მიიღო, კერძოდ, რეგისტრირებული გირავნობით და ამ ფაქტის წინაშე იგი კეთილსინდისიერია.
იბადება კითხვა: თუ კეთილსინდისიერ შემძენს შეუძლია საკუთრებაში დაიტოვოს ნივთი ,ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას გირაოზე უფლება?
მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადგან  257-ე მუხლი გაუქმებულია, ანალოგიის წესით შეგვიძლია გამოვიყენოთ 187-ე მუხლი.

სამომავლო ქონება, როგორც გირავნობის უფლების ობიექტი

სსკ-ის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს სიახლეს. კოდექსის ადრინდელი მდგომარეობა არამცთუ ითვალისწინებდა, არამედ კრძალავდა გირავნობის ობიექტად დამგირავებლის სამომავლო ქონების გამოყენებას. თუმცა შესაძლებელი იყო და დღესაც უშვებს სამოქალაქო კოდექსი სამომავლო და პირობითი მოთხოვნების უზრუნველყოფას სხვა ნებისმიერი მოძრავი ნივთით თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთით. მაშასადამე, დღესდღეობით კანონი არ კრძალავს უზრუნველყოფილი იყო სამომავლო მოთხოვნა თუნდაც სამომავლო ქონებით.

რას ნიშნავს სამომავლო ქონება სსკ-ის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის გაგებით? ლოგიკურია – იმ ქონებას, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს. ქონებაში აქ იგულისხმება მხოლოდ მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. აქ მნიშვნელოვანი დებულება გახლავთ ამავე ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც ამბობს, რომ გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ანუ მასზე გირავნობის უფლების წარმოშობა ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო თავად სამომავლო ქონება მოთხოვნის საშუალებად გამოიყენება მისი შეძენისთანავე. ანუ, მე შემიძლია ჯერ გავაფორმო და მოვახდინო ამ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია და შემდგომ შევიძინო ეს ქონება. თუ არ მოხდა შეძენა ქონების, ავტომატურად წყდება გირავნობის უფლება. რეგისტრაციის ზოგადი წესი კი გვეუბნება, რომ გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღის, მომენტის შესაბამისად.

თუმცა სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობასთან დაკავშირებით არსებობს ცალკე გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც სხვაგვარად აწესრიგებს ამ საკითხს. ეს გახლავთ სსკ-ის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამ მუხლის თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მაგალითი.

მაგ.:  დავაგირავე სამკვიდრო ქონება ანუ სამომავლო ქონება, რომელსაც  შევიძენდი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. მაშასადამე, გავაფორმე გირავნობა  2012 წლის 1 იანვარს, მანამადე კი იგივე ქონება მამკვიდრებელმა გირავნობით დატვირთა 2011 წლის 1 ოქტომბერს. 2012 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი და ქონებაც მე შევიძინე, ანუ უზრუნველყოფის საშუალება გახდა.

იბადება კითხვა: რომელი გირავნობაა პირველადი? თუ ჩვენ რეგისტრაციის პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ჩემი გირავნობა იქნება პირველადი და მამკვიდრებლის მეორადი. მაგრამ 267-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი პირველადია წინა მესაკუთრის ანუ ამ შემთხვევაში მამკვიდრებლის გირავნობის უფლება. ანუ ეს წესი ერთგვარი გამონაკლისია რიგითობის იმ ზოგადი წესიდან.

კაზუსი

კაზუსი

მარკების კოლექციონერ გიორგის სჭირდებოდა სასწრაფოდ გარკვეული თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად  ბანკს გადასცა თავისი მარკების კოლექცია, რათა მისგან მიეღო დიდი ოდენობის თანხა. მარკები მას შენახული ჰქონდა სეიფში. გიორგი გარდაიცვალა, ისე რომ არ დაუფარავს აღებული ვალი. მისმა შვილმა და ერთადერთმა მემკვიდრემ ლევანმა მისი მარკების კოლექცია იპოვა და ისე, რომ არც იცოდა სესხის უზრუnველყოფის შესახებ, გაასხვისა ავთანდილზე 30 000 ლარად.

ბანკი ითხოვს ავთანდილისგან კოლექციის უკან დაბრუნებას. რამდენად სწორია ბანკის მოთხოვნა?

 

ამოხსნა:

I. ბანკის მოთხოვნა ავთანდილის მიმართ კოლექციის დაბრუნების თაობაზე სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

იმისთვის, რომ ბანკმა შესძლოს კოლექციის გადმოცემა ავთანდილისგან  სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მას უნდა ჰქონდეს ვინდიკაციური მოთხოვნის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ბანკი უნდა იყოს მესაკუთრე და ავთანდილი კი არაკეთილსინდისიერი მფლობელი.

ა) გიორგი იყო კოლექციის თავდაპირველი მესაკუთრე

ბ) მას შეეძლო მთელი თავისი ქონება სსკ-ის186-ე მუხლის საფუძველზე ბანკზე გადაეცა. გიორგი შეუთანხმდა ბანკს საკუთრების უფლების გადაცემაზედა გადასცა კდიეც არაპირდაპირ მფლობელობაში. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლება სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით გიორგიდან ბანკზე გადავიდა.

გ) ბანკს, შესაძლოა მისი საკუთრება ლევანის მიერ ავთანდილზე გადაცემის შედეგად სსკ-ის  186-ე მუხლის თანახმად ასევე დაეკარგა.ლევანი შეუთანხმდა ავთანდილს საკუთრების უფლების გადაცემაზე და გადასცა კიდეც კოლექცია.

ლევანი უნდა ყოფილიყო აღნიშნულის განხორციელებაზე უფლებამოსილი. სსკ-ის  1306-ე მუხლის თანახმად, ყველა უფლება-მოვალეობა გადადის მემკვიდრეობით ლევანზე, რომელშიც ასევე საკუთრების უფლებაც შედის. გიორგის გარდაცვალებისას, იგი არ იყო კოლექციის მესაკუთრე. ასეთი იყო თავად ბანკი. შესაბამისად, ლევანზე აღარც სსკ-ის  1306-ე მუხლის   საფუძველზე უნდა გადასული საკუთრება. ვინაიდან ლევანი არ არის მესაკუთრე, იგი ასევე არაა უფლებამოსილი მის განკარგვაზე.

დ) კეთილსინდისიერი შეძენა არაუფლებამოსილი პირისგან მაშინაა დასაშვები, თუ ავთანდილმა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ლევანი არ იყო მარკების მესაკუთრე. შესაბამისად, ავთანდილი იყო კეთილსინდისიერი შემძენი.

გამონაკლისის სახით, შეიძლება ვიმსჯელოთ სსკ-ის 187-e მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაკარგული ნივთების კეთილსინდისიერად შეძენა ფულის ან საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდების სახით არ ხდება. მარკები შეიძლებოდა ყოფილიყო ფასიანი ქაღალდები, როგორც ფულადი ღირებულების შემცველი ფასეულობა.

კოლექცია, როგორც ფულის შემცველი, აშკარად გადაცემულია ბანკისთვის, ვინაიდან გიორგიმ კოლექცია სწორედ სესხის დაზღვევისთვის ბანკს გადასცა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა დაისვას შეკითხვა, თუ რამდენად იყო მარკები თავდაპირველი სახით კვლავ  გამოსაყენებელი, როდესაც იგი გიორგიმ ბანკს გადასცა. მარკების კოლექცია სსკ-ის  187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების  შინაარსში აბსოლუტურად არ ჯდება. ის წარმოადგენს ხელოვნების საგანს, რომელიც საკმაოდ დიდი ღირებულის მქონეა. აქედან გამომდინარე, ამ გამონაკლისზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. აქ შეუძლებელია გამოვიყენოთ 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება.

გიორგი გარდაცვალებამდე იყო მარკების პირდაპირი მფლობელი, რომლის დროსაც  მფლობელობას თავისი ნებით ახორციელებდა. სახეზე არ ყოფილა მფლობელობაში ნივთის დაკარგვით გადაცემა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ლევანი გახდა პირდაპირი მფლობელი, რომელიც წარმოადგენდა მის მემკვიდრეს.წინამდებარე კაზუსიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ლევანის ნივთი დაეკარგა, ვინაიდან ავთანდილზე მისი გადაცემა სწორედ ლევანის სურვილით მოხდა.

აქედან გამომდინარე, ავთანდილი ხდება მარკების მესაკუთრე და საერთოდ არაა სახეზე ნივთის დაკარგვის შემთხვევა.

შედეგი: ბანკს არ აქვს მოთხოვნის უფლება სსკ-ის  172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე .

II .ბანკის მოთხოვნა ავთანდილი  მიმართ კოლექციის დაბრუნების თაობაზე  სსკ-ის 187-ე მუხლის  პირველი ნაწილის საფუძველზე.

ბანკს შეეძლო ავთანდილი მიმართ კოლექციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა დაეყენებინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის, თუ სამართლებრივად ვის ჰქონდა მფლობელობის უკეთესი უფლებამოსილება. ასეთად თუ  ბანკს ჩავთვლით, მაშინ მას, კოლექციის ლევანის მიერ ავთანდილზე გადაცემამდე, უნდა ჰქონოდა იგი პირდაპირ მფლობელობაში. ამ ეტაპზე კი ავთანდილი  მფლობელობაშია კოლექცია, რომელიც მან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადასცეს, თუ იგი ბოროტად მოქმედებდა. ეს კი სახეზეა, თუ ავთანდილი არაკეთილსინდისიერი მფლობელი იქნებოდა. ამდენად, უნდა ვივარაუდოდ, რომ ავთანდილი კეთილსინდისიერი შემძენია.

შედეგი: ბანკის მიერ ავთანდილი მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე  მოთხოვნის წაყენებa  არ არის  მიზანშეწონილი.

III ბანკის მოთხოვნა ავთანდილის მიმართ კოლექციის დაბრუნების  თაობაზე სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

ბანკს შეეძლო ავთანდილი მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის  მეორე ნაწილის საფუძველზე კოლექციის დაბრუნებაზე მოთხოვნა წაეყენებინა. ამისთვის საჭიროა, რომ ნივთი მისი ადრინდელი მფლობელის მიერ დაკარგული ყოფილიყო. იბადება კითხვა,ლევანის მიერ ავთანდილზე კოლექციის გადაცემით, რამდენად დაიკარგა ნივთი ბანკის მიერ?ლევანმა თავისი მფლობელობა ნების საფუძველზე გადასცაავთანდილს. აქედან გამომდინარე, სახეზე საერთოდ არაა ნივთის დაკარგვის შემთხვევა.მან კოლექცია შეიძინა ლევანისგან, რომელმაც, მფლობელობა მართლზომიერად მოიპოვა.

შედეგი: ბანკს არა აქვს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე საფუძველზე მოთხოვნის წაყენების უფლება.

საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

public

თუ თქვენ გსურთ საჯარო ინფორმაციის მიღება, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისი მიღება ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან. ამ დროს, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობაშია ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია, ასევე, დედანში. თუ ინფორმაცია დაცულია სხვადასხვა ფორმით (ხელნაწერი, ნაბეჭდი,აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი და ა.შ), თქვენ უფლებამოსილი ხართ თავად აირჩიოთ, თუ რა სახით გსურთ ამ ინფორმაციის მიღება. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მისი გაცნობა ზედამხედველობის ქვეშ.

საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციას გასცემს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. აღნიშნული 10 დღიანი ვადა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც 1. მოთხოვნის უზრუნველყოფა საჭიროებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ერთეულიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის, აგრეთვე, დიდი მოცულობის სხვადასხვა დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;  2.ინფორმაციის მოთხოვნაზე უზრუნველყოფის გადაწყვეტილება საჭიროებს კონსულტაციას სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ერთეულთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უნდა გეცნობოთ დაუყოვნებლივ. უარის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით განგიმარტოთ თქვენი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა. ასევე, მიუთითოს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. საჯარო დაწესებულებას შეუძლია უარი გითხრათ ინფორმაციის გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. ამასთან, ინფორმაციის გასაიდუმლოება აღნიშნული მოტივებით არ შეიძლება, თუ კანონი პირდაპირ არ აწესებს მისი გასაიდუმლობის მოთხოვნას ან საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ჩამონათვალს.

საჯარო ინფორმაციის მიღება უფასოა. ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის გადახდა გეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასლის მიღება გსურთ და შესაბამისად, იხდით მხოლოდ იმ თანხის ოდენობას, რაც საჭიროა ასლის გადასაღებად.

კაზუსი ადამიანის უფლებების თემიდან

კაზუსის მომცემულობა

კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულმა რელიგიურმა გაერთიანებამ -„საქართველოს მუსლიმათა კავშირმა“ ააშენა მეჩეთი თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბაში. მეჩეთის მინარეთდან მუეძინი ყოველდღიურად, გამთენიისას ასრულებს ტრადიციულ რელიგიურ რიტუალს – ხმამაღალი ყვირილით მოუწოდებს მუსულმან მორწმუნეებს მეჩეთში ლოცვისაკენ. მუეძინის ყვირილით შეწუხებულნი არიან უბნის არამუსულმანი მოსახლეები. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, მოსთხოვოს მუეძინს აღნიშნული რელიგიური რიტუალის დაბალ ხმაზე შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძვნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-16 მულხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა თვითმმართელი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად არის გამოხადებული. რელიგიური გაერთიანება – „ქართველ მუსულმანთა კავშირი“ მიიჩნევს, რომ მერიის სამსახურის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს და არღვევს მისი, როგორც რელიგიური გაერთიანების, ძირითად უფლებას, ამასთან, გაერთიანება ქალაქის მერიას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში ეკლესიების სამრეკლოდან არანაკლებ დაბალ ხმაზე რეკენ ზარები. არის თუ არა დასაბუთებული გაერთიანების პრეტენზია??

ამოხსნა

Continue reading

ფულადი კომპენსაცია სამეზობლო თმენის ვალდებულებისთვის

ულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის არის მაშინ, როცა:

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

179-ე მუხლში გათვალისწინებულია ინტერესთა კოლიზიის განსაკუთრებული შემთხვევა სამეზობლო სამართალში. ნორმის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ თუ საზღვრის დამრღვევი მეზობელი განზრახ მოქმედებს, მაშინ მშენებლობით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებათა აღკვეთის მოთხოვნას ვერაფერი დაუდგება წინ, ხოლო თუ მშენებლობის დროს მის მოქმედებაში განზრახვა არაა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი უფლებადარღვეულმა მეზობელმა ამ დარღვევის წინასწარ ან შეტყობისთანავე პრეტენზია განაცხადა. აღნიშნული მაშინაა, როცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ცნობილი ხდება მოსალოდნელი დარღვევის შესახებ, ან დარღვევა უკვე დაწყებულია და პროტესტიც თან მოსდევს მას, ანდა, სხვადასხვა მიზეზთა (შვებულებაში, მივლინებაში, საავადმყოფოში ყოფნის და ა.შ.) გამო, ეს მისთვის უცნობი იყო, მაგრამ შეტყობინებისთანავე მოითხოვა დარღვევის აღკვეთა. დარღვევის აღკვეთაში იგულისხმება ის, რომ 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოეთხოვოს ნაგებობის მოშორება, დანგრევა ან მისი სახეცვლილება, ანდა ნაკვეთის შესყიდვა, ყველა სხვა შემთხვევაში მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა ითმინოს აღნიშნული ზემოქმედება. თმენის ვალდებულება ესაა სამეზობლო ინტერესებიდან გამომდინარე საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაშიც ვლინდება საკუთრების შინაარსი, მისი კანონისმიერი დატვირთვები.

talking-over-the-fence

როცა აღნიშნული დარღვევა განზრახი მოქმედებით ხდება, მაშინ 179-ე მუხლის წესები არ მოქმედებს და გამოიყენება 172-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი.

საკუთრივ მშენებლობაში იგულისხმება არა მარტო სამეურნეო, არამედ დროებითი ნაგებობანიც. მშენებლობად ითვლება ასევე არსებული ნაკეთობის სახეცვლილება, ანდა გაფართოება. საზღვრის დარღვევად ჩაითვლება ისეთი სახის მშენებლობა, როცა ნაგებობა მთლიანად ან ნაწილობრივ სხვის ნაკვეთს იკავებს, ანდა ლახავს ამ ნაკვეთის საჰაერო სივრცეს (მაგალითად, აივანი გადადის სხვის ნაკვეთზე).

179-ე მუხლის გამოყენებისას მნიშნველობა არ აქვს ვისი ბრალით მოხდა საზღვრის დარღვევა, მესაკუთრისა თუ სხვა პირთა მიერ, როგორიცაა მშენებელი, მოიჯარე. თავის მხრივ, პრეტენზიის განცხადების უფლება აქვს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, არამედ ამ მიწის მეაღნაგეს თუ უზუფრუქტუარს.

საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება მყარდება სხვის ნაკვეთზე გადასულ ნაგებობასა და მიწის ნაკვეთს შორის. მიწის ნაკვეთი კვლავაც მისი პატრონის საკუტრებაში რჩება. როცა შენობის ერთი ნაწილი ერთ ნაკვეთზე, ხოლო მეორე – მეორეზე, ისეთი ვითარება იქმნება, რომ თითქოს მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება იყოს აღნიშნული ნაგებობა. თუ ამოვალთ იმ დებულებიდან, რომ ნაგებობა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მიწაზე საკუთრება მასზედაც ვრცელდება, მაშინ ეს საეჭვო არ უნად იყოს. 179-ე მუხლი ამ საერთო წესიდან იშვიათი გამონაკლისია, როცა მიწის ნაკვეთი ერთი პირის საკუთრებაა, ხოლო მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი – მეორე პირისა.

ზემოთაღნიშნული თმენის ვალდებულება სასყიდლიანია. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, ყოველწლიურად წინასწარ გადაიხადოს კომპენსაცია, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მეზობელთა შეთანხმებით. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, მაშინ სასამართლო ადგენს მის სიდიდეს.

ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ არ უნდა მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. ამას მაშინ ექნება ადგილი, როცა მშენებელი უმნიშვნელოდ არღვევს სასაზღვრო მიჯნას და მეზობელი მოითხოვს ნაგებობის აღებას. სინამდვილეში ირკვევა, რომ ასეთი დარღვევა მეტისმეტად მცირე ზიანს აყენებს მიწის მესაკუთრეს.

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

  დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული მოძღვრებით შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დამოკიდებული არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა მყარად არის გამიჯნული მისი ბრალუნარიანობისაგან.ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს სხეულებრივი გადაადგილება გარესამყაროში. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხადობა ასაკის გამო, შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე ბრძანების ან განკარგულების შესრულება. შეზღუდული შერაცხადობა კი, წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მის შემამსუბუქებელ გარემოებას.

შეურაცხაობა

         მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა ის, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების სახით. იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია ნეგატიურად. მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.

         ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხრივ შეურაცხაობა დგინდება ორ: ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. დღეს შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირის ერთი უნარი მაინც იქნა დარღვეული, ასეთ შემთხვევაში მას ქმედება ინდივიდუალურად არ შეერაცხება.

შეურაცხაობა ასაკის გამო

   სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს  შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო

  სსკ 34 მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური

მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი. სსკ-34 მუხლი უთითებს ფსიქიკური მდგომარეობით განპირობებულ შეურაცხაობის გამომწვევ ოთხ ფაქტორს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

Continue reading