Monthly Archives: მარტი 2013

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

      ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

Continue reading

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება

კანონიერ ძალაში შესული, ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას ატარებს, შესაძლებელია გაუქმდეს. ეფექტური მმართველობის საქმიანობის განხორციელების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს მმართველობის აქტების რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და გულისხმობს, როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში- ზემდგომი ადმინსიტრაციული ორგანო ან სასამართლო, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. პირის კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
ა)მისი ძალაში შესვლის დღიდან
ბ)მისი ბათილად ცნობის დღიდან
გ)მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებეული მხარის უკანონო ქმედება.

ძალადაკარგულად კი ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იმ შემთხვევაში შეუძლია უფლებამოსილ ორგანოს თუ: 1) ეს პირდაპირაა მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში, 2) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირაა მითითებული ადმ.-სამართლებრივ აქტში, 3) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმ.-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმ.-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, 4) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, 5)არსებობს ახლად აღმოცენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც ადმ. ოორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმ-სამართლებრივი აქტი.

საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით (მუხლი 165)

საკუთრების ხანდაზმულობით შეძენა სრულიად ახალი ინსტიტუტია სამოქალაქო ცხოვრებისათვის. მას საბჭოთა სამოქალაქო სამართალი არ იცნობდა, ქართულ სამართალში კი რომის სამართლის მსგავსი დანაწესი მოქმედებდა. ეს ინსტიტუტი შეეხებოდა როგორც მოძრავ,ისე უძრავ ქონებას. არ შეიძლება ნივთზე უფლება უსასრულოდ გაურკვეველ (მერყევ) მდგომარეობაში იმყოფებოდეს.

საკუთრების ხანდაზმულობით შეძენისას ისეთი ვითარება ფიქსირდება, როდესაც სამართლებრივი ბურუსითაა მოცული ნივთზე უფლებრივი ურთიერთობა და ერთადერთი მისი მფლობელის მხრიდან „იჭყიტება“ სინათლე, რაც მფლობელობითი ხანდაზმულობის წყალობით უფლების წარმოშობის წყაროდ იქცევა.

მფლობელობითი ხანდაზმულობა გამოიყენება ძირითადად ორ შემთხვევაში: ერთი მაშინ, როცა ცდომილებით ხდება საკუთრების შეძენა და მეორეც- დავიწყებულ-გაურკვეველია საკუთრების მდგომარეობა. მფლობელობითი ხანდაზმულობა ვრცელდება როგორც მოძრავ,ისე უძრავ ნივთებზე,მათ შორის საჯარო ნივთებზეც. ეს წესი არ ვრცელდება იმ ნივთებზე, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან.  მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია არსებობდეს 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა, როგორებიცაა: 1) ნივთის ფლობა როგორც საკუთარისა; 2) ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად; 3) ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში.

კეთილსინდისიერი მფლობელობა საკუთრების შეძენის კონსტიტუციური ელემენტია. არაკეთილსინდისიერი მფლობელობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას. არაკეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია, ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს და შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანიც.

მოძრავი ნივთის მფლობელობითი ხანდაზმულობა ხუთი წლის ტოლია, ხოლო უძრავისა თხუთმეტი წლისა. ამ ხნის მანძილზე ნივთის ფლობა უწყვეტ ხასიათს უნდა ატარებდეს და მფლობელობის სიმტკიცეს უნდა ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც ნივთის ხუთწლიანი მფლობელობა ვერ იქნება საკუთრების შეძენის საფუძველი, თუკი მაგალითად, პირი ორ წელიწადს უწყვეტად მფლობს ნივთს, შემდეგ ორ წელიწადს კი სხვა ფლობს მას, ამის შემდეგ კი- სამ წელიწადს კვლავ თვითონ ფლობს ამ ნივთს.

არაკეთილსინდისიერი მფლობელობა გამორიცხავს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას. თუ პირი თავიდან კეთილსინდისიერი იყო თავისი მფლობელობის მიმართ, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე გაიგო, რომ მისი მფლობელობა არამართლზომიერია და ნივთი მას არ ეკუთვნის, ამ შემთხვევაშიც გამოიყენება 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება. თუ ამას პირი შეიტყობს ხუთწლიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ, ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება უფლების მოსაპოვებლად.

იმისათვის, რომ ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების შეძენა მოხდეს, საჭიროა, ნივთის მფლობელმა ამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა უწყვეტად. 166-ე მუხლის მიხედვით, საკმარისია პირმა დაამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს,რომ ვივარაუდოთ მისი მფლობელობა დროის შუა პერიოდშიც. თუ ამ ვარაუდის მიმართ საწინააღმდეგო არ იქნება გაცხადებული, შეიძლება სინამდვილეში პირი არც კი ფლობდა ნივთს დროის შუა პერიოდში, მაგრამ იგი მაინც მფლობელად ჩაითვალოს. საეჭვო ვითარება უნდა გადაწყდეს მფლობელის სასარგებლოდ.

მიწაზე ან სხვა უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენისათვის აუცილებელია, რომ საკუთრად მფლობელი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში.  167-ე მუხლის მიხედვით, საჭიროა 15 წლიანი ხანდაზმულობა საკუთრად მფლობელი მესაკუთრე რომ გახდეს. ქონების ნამდვილ მესაკუთრეს შეუძლია ხანდაზმულობის საერთო ვადის ფარგლებში მოახდინოს ნივთის გამოთხოვა. თუ ამ უფლებას არ გამოიყენებს, ივარაუდება, რომ მას დაუკარგავს ნივთის დაბრუნების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში არსებითია თვით საჯარო რეესტრის ცნობა და არა იმდენად პირი სუბიექტური დამოკიდებულება შეძენის ნამდვილობაზე.  საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი უნდა იყოს საკუთრად მფლობელი. საკუთრად ფლობა მაშინაა, როცა სახეზეა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და პირის დამოკიდებულება ნივთისადმი, როგორც საკუთარისადმი.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შემძენის კეთილსინდისიერება ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის კონსტიტუციურ ელემენტს. იგი აუცილებელია მხოლოდ მოძრავი ნივთების შეძენისათვის.  მაშასადამე, უძრავი ქონება ხანდაზმულობით შეიძლება შეიძინოს არაკეთილსინდისიერმა მფლობემაც,მთავარია, იგი გარკვეული ვადის განმავლობაში მესაკუთრედ იყოს რეგისტრირებული და საკუთრად ფლობდეს ამ ქონებას. ანალოგიურად განიმარტება ქართული სსკ-ის ნორმებიც.

ამსრულებლის ცნება და სახეები

განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში ორი ან მეტი პირის ერთობლივი მონაწილეობის შემთხვევაში მათი როლების გასამიჯნავად ქართული სისხლის სამართალი იყენებს ე.წ. დუალისტურ სისტემას. იგი დანაშაულის ჩადენის პროცესში შესრულებული როლის მიხედვით თითოეულ მონაწილეს განიხილავს ამსრულებლად ან თანამონაწილედ. ამ სისტემისაგან განსხვავდება ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირი ყოველთვის ამსრულებელია, მიუხედავად დანაშაულში მის მიერ შეტანილი წვლილისა. საქართველოში გაბატონებულია დუალისტური სისტემა, ხოლო ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი გამოიყენება გაუფრთხილებლობითი დანაშაულისას. 

          ცნობილია დანაშაულის ამსრულებლობის სამი სახე: უშუალო ამსრულებლობა, თანაამსრულებლობა და შუალობითი ამსრულებლობა.  ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული (ერთპიროვნული ამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში (თანაამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (შუალობითი ამსრულებლობა).

  ა) უშუალო ამსრულებელი – უწოდებენ ისეთ ამსრულებელს, რომელიც თვითონ მარტო ახორციელებს დანაშაულის შემადგენლობას. ზოგჯერ დამნაშავის მოქმედებასა და დანაშაულებრივ შედეგს შორის შუალედ რგოლად ჩართულია ფიზიკური საგანი, ბუნების მოვლენა ან ცხოველი. შესაძლებელია უშუალო ამსრულებლის ორი სახის გამოყოფა: 1) ერთპიროვნული ამსრულებლობა – მარტო ერთი ადამიანი მოქმედებს; 2) დანაშაულს თანამონაწილენი ჩადიან, მაგრამ დანაშაულის შემადგენლობას მაინც ერთი ადამიანი ასრულებს.

ბ) თანაამსრულებლობა – თანაამსრულებელია ის, ვინც სხვასთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის ჩადენა კი ნიშნავს კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით აღწერილ ქმედების შემადგენლობის უშუალოდ აღსრულებას. შესაბამისად, თანაამსრულებლობა იგივე ამსრულებლობაა. თანაამსრულებელია მაგალითად ისიც, ვინც ეხმარება პირს ადამიანის გაუპატიურებაში, აგრეთვე ისიც ვინც მსხვერპლს უმწეო მდგომარეობაში მოიყვანს. თანაამსრულებელია მაგალითად ის პირიც, ვინც ადამიანს ეხმარება ქურდობაში, თუმცა საგნის მითვისების მიზანი არა აქვს. განვიხილოთ  თანაასმრულებლობა უმოქმედობის დროს.  უმოქმედობის ორი სახე ვიცით: 1) წმინდა და 2) შერეული. რაც შეეხება წმინდა უმოქმედობას, ეს უცილობლივ ერთი პირის მიერ უნდა იყოს ჩადენილი. აქ თანაამსრულებლობა არ მოქმედებს. შერეული უმოქმედობა ისეთი დელიქტია, რომლის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. როდესაც 2 პირი თავის მოვალეობას არღვევს და ამით შედეგი დგება, ისინი თანაამსრულებლებად ჩაითვლებიან.  სუბიექტური მხრივ თანაამსრულებლობა განზრახი ქმედებაა, იგი ორ ელემენტს შეიცავს 1) შედეგისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება და 2) იმის ცოდნა, რომ სხვა თანაამსრულებელთან ერთად ჩადის უმართლობას.

გ) შუალობითი ამსრულებლობა – ისეთი შემთხვევაა, როცა დამნაშავემ დანაშაულის შემადგენლობა იმ პირის მეშვეობით შეასრულა, რომელსაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სხვადასხვა გარემოებათა გამო ან პასუხს აგებს სხვა უმართლობისათვის. შუალობითი ამსრულებლობისას „ცოცხალი იარაღი“ ანუ ადამიანი, რომელიც ქმედების შემადგენლობას უშუალოდ ასრულებს, შეურაცხადია.  შუალობითი ამსრულებელი წამქეზებლობის ფორმით მოქმედებს და მაშინ გვაქვს, როცა წამქეზებელმა იცის, რომ ის წაქეზებულს დანაშაულის ჩადენის „ცოცხალ იარაღად“ იყენებს. შუალობითი ამსრულებელი შეიძლება მარტო მოქმედებდეს და აქეზებდეს ან ეხმარებოდეს „ცოცხალ იარაღს“ შემადგენლობის განხორციელებაში. თანაშუალობითი ამსრულებლობა გვაქვს როცა რამდენიმე პირი ცადის ამგვარ საქციელს. შუალობითი ამსრულებლობა მაშინაც გვაქვს, როცა „ცოცხალი იარაღი“ და მსხვერპლი ერთი პიროვნებაა. შუალობითი ამსრულებლობა ყოველთვის განზრახი მოქმედებაა, განზრახვა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირია. ზოგჯერ კი შუალობითი ამსრულებელი ცდება და ჰგონია, რომ ის, ვისაც იგი აქეზებს ან ეხმარება სავსებით ვარგისია შესაბამისი დანაშაულის ამსრულებლად, ზოგჯერ კი წამქეზებელს ჰგონია რომ აქეზებს არასრულწლოვანს, სინამდვილეში კი ის სრულწლოვანია.

ცვლილებები შრომის კოდექსში

shromis-kodeqsi

საქართველოს შრომის კოდექსის ავკარგიანობაზე ბევრი იწერებოდა. აღსანიშნავია, რომ შემფასებელთა უმრავლესობა შრომის კოდექსის იმ ვერსიას, რომელიც ახლაც ძალაშია, უარყოფითად უყურებდა და თვლიდა, რომ ამ კოდექსით არ იყო კარგად მოწესრიგებული დამსაქმებლისა თუ დასაქმებულის უფლება-მოვალეობები.

2012 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელდა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები  მე-6, მე-9, 37-ე, 38-ე, მე-40, 41-ე და 49-ე მუხლებშია შესული.

  • მე-6 მუხლის მიხედვით, იზღუდება ე.წ. მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადება, თუკი დამსაქმებელს მომსახურების ხანგრძლივად მიღება სჭირდება. განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადება მიზანშეწოლილი ისეთ შემთხვევებშია, როდესაც დამსაქმებელს სამუშაოს მოცულობის დროებითი ზრდა წარმოეშობა, ჩასანაცვლებელია შვებულებაში გასული თანამშრომელი ან სულაც თავად სამუშაოს მოცულობაა ამოწურვადი, მაგალითად, სეზონური და ა.შ.
  • მე-9 მუხლი სამუშაო დროის ნორმირებას ეხება. მოქმედი კოდექსი არ უზრუნველყოფს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას. ცვლილებების მიხედვით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება სავალდებულო ხდება გაზრდილი ტარიფით (1,25-ჯერ). თუმცა, უცნაური ისაა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება სავალდებულო კვირაში მხოლოდ 48 საათს მიღმაა გათვალისწინებული, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო კვირა 41 საათით განისაზღვრება და არა 48-ით.  პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით სამუშაო დროის ხანგძლივობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ზუსტად 41 საათით. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კი, გაზრდილი ტარიფით უნდა მოხდეს. 
  • განსაკუთრებით აქტუალურია არსებული შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულების მოშლაა, რისი ინიციატორიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე შეიძლება იყოს. ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. დამსაქმებელი ვალდებული ხდება დაასაბუთოს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები. ცვლილებების პროექტში ჩამოთვლილია ასეთი მიზეზები:  ეკონომიკური გარემოებები, დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია და უნარჩვევები დაკავებულ პოზიციასთან მიმართებით, ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა, ორგანიზაციის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევა და ა.შ.
  • 49-ე მუხლში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებას ეხება, გამაფრთხილებელი გაფიცვა უკვე აღარაა საჭირო. დამსაქმებელთან მოლაპარაკების პერიოდისათვის კი კოდექსი 21 დღეს ითვალისწინებს.

თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს?

პოსტი მომზადებულია საქართველოს პარლამენტის საიტზე მოპოვებული  საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის, საქართველოს პროფკავშირების საიტზე მოპოვებული შენიშვნებით და ჟურნალ ლიბერალის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.