ამსრულებლის ცნება და სახეები

განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში ორი ან მეტი პირის ერთობლივი მონაწილეობის შემთხვევაში მათი როლების გასამიჯნავად ქართული სისხლის სამართალი იყენებს ე.წ. დუალისტურ სისტემას. იგი დანაშაულის ჩადენის პროცესში შესრულებული როლის მიხედვით თითოეულ მონაწილეს განიხილავს ამსრულებლად ან თანამონაწილედ. ამ სისტემისაგან განსხვავდება ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირი ყოველთვის ამსრულებელია, მიუხედავად დანაშაულში მის მიერ შეტანილი წვლილისა. საქართველოში გაბატონებულია დუალისტური სისტემა, ხოლო ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი გამოიყენება გაუფრთხილებლობითი დანაშაულისას. 

          ცნობილია დანაშაულის ამსრულებლობის სამი სახე: უშუალო ამსრულებლობა, თანაამსრულებლობა და შუალობითი ამსრულებლობა.  ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული (ერთპიროვნული ამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში (თანაამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (შუალობითი ამსრულებლობა).

  ა) უშუალო ამსრულებელი – უწოდებენ ისეთ ამსრულებელს, რომელიც თვითონ მარტო ახორციელებს დანაშაულის შემადგენლობას. ზოგჯერ დამნაშავის მოქმედებასა და დანაშაულებრივ შედეგს შორის შუალედ რგოლად ჩართულია ფიზიკური საგანი, ბუნების მოვლენა ან ცხოველი. შესაძლებელია უშუალო ამსრულებლის ორი სახის გამოყოფა: 1) ერთპიროვნული ამსრულებლობა – მარტო ერთი ადამიანი მოქმედებს; 2) დანაშაულს თანამონაწილენი ჩადიან, მაგრამ დანაშაულის შემადგენლობას მაინც ერთი ადამიანი ასრულებს.

ბ) თანაამსრულებლობა – თანაამსრულებელია ის, ვინც სხვასთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის ჩადენა კი ნიშნავს კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით აღწერილ ქმედების შემადგენლობის უშუალოდ აღსრულებას. შესაბამისად, თანაამსრულებლობა იგივე ამსრულებლობაა. თანაამსრულებელია მაგალითად ისიც, ვინც ეხმარება პირს ადამიანის გაუპატიურებაში, აგრეთვე ისიც ვინც მსხვერპლს უმწეო მდგომარეობაში მოიყვანს. თანაამსრულებელია მაგალითად ის პირიც, ვინც ადამიანს ეხმარება ქურდობაში, თუმცა საგნის მითვისების მიზანი არა აქვს. განვიხილოთ  თანაასმრულებლობა უმოქმედობის დროს.  უმოქმედობის ორი სახე ვიცით: 1) წმინდა და 2) შერეული. რაც შეეხება წმინდა უმოქმედობას, ეს უცილობლივ ერთი პირის მიერ უნდა იყოს ჩადენილი. აქ თანაამსრულებლობა არ მოქმედებს. შერეული უმოქმედობა ისეთი დელიქტია, რომლის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. როდესაც 2 პირი თავის მოვალეობას არღვევს და ამით შედეგი დგება, ისინი თანაამსრულებლებად ჩაითვლებიან.  სუბიექტური მხრივ თანაამსრულებლობა განზრახი ქმედებაა, იგი ორ ელემენტს შეიცავს 1) შედეგისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება და 2) იმის ცოდნა, რომ სხვა თანაამსრულებელთან ერთად ჩადის უმართლობას.

გ) შუალობითი ამსრულებლობა – ისეთი შემთხვევაა, როცა დამნაშავემ დანაშაულის შემადგენლობა იმ პირის მეშვეობით შეასრულა, რომელსაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სხვადასხვა გარემოებათა გამო ან პასუხს აგებს სხვა უმართლობისათვის. შუალობითი ამსრულებლობისას „ცოცხალი იარაღი“ ანუ ადამიანი, რომელიც ქმედების შემადგენლობას უშუალოდ ასრულებს, შეურაცხადია.  შუალობითი ამსრულებელი წამქეზებლობის ფორმით მოქმედებს და მაშინ გვაქვს, როცა წამქეზებელმა იცის, რომ ის წაქეზებულს დანაშაულის ჩადენის „ცოცხალ იარაღად“ იყენებს. შუალობითი ამსრულებელი შეიძლება მარტო მოქმედებდეს და აქეზებდეს ან ეხმარებოდეს „ცოცხალ იარაღს“ შემადგენლობის განხორციელებაში. თანაშუალობითი ამსრულებლობა გვაქვს როცა რამდენიმე პირი ცადის ამგვარ საქციელს. შუალობითი ამსრულებლობა მაშინაც გვაქვს, როცა „ცოცხალი იარაღი“ და მსხვერპლი ერთი პიროვნებაა. შუალობითი ამსრულებლობა ყოველთვის განზრახი მოქმედებაა, განზრახვა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირია. ზოგჯერ კი შუალობითი ამსრულებელი ცდება და ჰგონია, რომ ის, ვისაც იგი აქეზებს ან ეხმარება სავსებით ვარგისია შესაბამისი დანაშაულის ამსრულებლად, ზოგჯერ კი წამქეზებელს ჰგონია რომ აქეზებს არასრულწლოვანს, სინამდვილეში კი ის სრულწლოვანია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s