საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით (მუხლი 165)

საკუთრების ხანდაზმულობით შეძენა სრულიად ახალი ინსტიტუტია სამოქალაქო ცხოვრებისათვის. მას საბჭოთა სამოქალაქო სამართალი არ იცნობდა, ქართულ სამართალში კი რომის სამართლის მსგავსი დანაწესი მოქმედებდა. ეს ინსტიტუტი შეეხებოდა როგორც მოძრავ,ისე უძრავ ქონებას. არ შეიძლება ნივთზე უფლება უსასრულოდ გაურკვეველ (მერყევ) მდგომარეობაში იმყოფებოდეს.

საკუთრების ხანდაზმულობით შეძენისას ისეთი ვითარება ფიქსირდება, როდესაც სამართლებრივი ბურუსითაა მოცული ნივთზე უფლებრივი ურთიერთობა და ერთადერთი მისი მფლობელის მხრიდან „იჭყიტება“ სინათლე, რაც მფლობელობითი ხანდაზმულობის წყალობით უფლების წარმოშობის წყაროდ იქცევა.

მფლობელობითი ხანდაზმულობა გამოიყენება ძირითადად ორ შემთხვევაში: ერთი მაშინ, როცა ცდომილებით ხდება საკუთრების შეძენა და მეორეც- დავიწყებულ-გაურკვეველია საკუთრების მდგომარეობა. მფლობელობითი ხანდაზმულობა ვრცელდება როგორც მოძრავ,ისე უძრავ ნივთებზე,მათ შორის საჯარო ნივთებზეც. ეს წესი არ ვრცელდება იმ ნივთებზე, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან.  მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია არსებობდეს 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა, როგორებიცაა: 1) ნივთის ფლობა როგორც საკუთარისა; 2) ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად; 3) ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში.

კეთილსინდისიერი მფლობელობა საკუთრების შეძენის კონსტიტუციური ელემენტია. არაკეთილსინდისიერი მფლობელობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას. არაკეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია, ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს და შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანიც.

მოძრავი ნივთის მფლობელობითი ხანდაზმულობა ხუთი წლის ტოლია, ხოლო უძრავისა თხუთმეტი წლისა. ამ ხნის მანძილზე ნივთის ფლობა უწყვეტ ხასიათს უნდა ატარებდეს და მფლობელობის სიმტკიცეს უნდა ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც ნივთის ხუთწლიანი მფლობელობა ვერ იქნება საკუთრების შეძენის საფუძველი, თუკი მაგალითად, პირი ორ წელიწადს უწყვეტად მფლობს ნივთს, შემდეგ ორ წელიწადს კი სხვა ფლობს მას, ამის შემდეგ კი- სამ წელიწადს კვლავ თვითონ ფლობს ამ ნივთს.

არაკეთილსინდისიერი მფლობელობა გამორიცხავს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას. თუ პირი თავიდან კეთილსინდისიერი იყო თავისი მფლობელობის მიმართ, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე გაიგო, რომ მისი მფლობელობა არამართლზომიერია და ნივთი მას არ ეკუთვნის, ამ შემთხვევაშიც გამოიყენება 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება. თუ ამას პირი შეიტყობს ხუთწლიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ, ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება უფლების მოსაპოვებლად.

იმისათვის, რომ ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების შეძენა მოხდეს, საჭიროა, ნივთის მფლობელმა ამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა უწყვეტად. 166-ე მუხლის მიხედვით, საკმარისია პირმა დაამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს,რომ ვივარაუდოთ მისი მფლობელობა დროის შუა პერიოდშიც. თუ ამ ვარაუდის მიმართ საწინააღმდეგო არ იქნება გაცხადებული, შეიძლება სინამდვილეში პირი არც კი ფლობდა ნივთს დროის შუა პერიოდში, მაგრამ იგი მაინც მფლობელად ჩაითვალოს. საეჭვო ვითარება უნდა გადაწყდეს მფლობელის სასარგებლოდ.

მიწაზე ან სხვა უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენისათვის აუცილებელია, რომ საკუთრად მფლობელი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში.  167-ე მუხლის მიხედვით, საჭიროა 15 წლიანი ხანდაზმულობა საკუთრად მფლობელი მესაკუთრე რომ გახდეს. ქონების ნამდვილ მესაკუთრეს შეუძლია ხანდაზმულობის საერთო ვადის ფარგლებში მოახდინოს ნივთის გამოთხოვა. თუ ამ უფლებას არ გამოიყენებს, ივარაუდება, რომ მას დაუკარგავს ნივთის დაბრუნების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში არსებითია თვით საჯარო რეესტრის ცნობა და არა იმდენად პირი სუბიექტური დამოკიდებულება შეძენის ნამდვილობაზე.  საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი უნდა იყოს საკუთრად მფლობელი. საკუთრად ფლობა მაშინაა, როცა სახეზეა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და პირის დამოკიდებულება ნივთისადმი, როგორც საკუთარისადმი.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შემძენის კეთილსინდისიერება ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის კონსტიტუციურ ელემენტს. იგი აუცილებელია მხოლოდ მოძრავი ნივთების შეძენისათვის.  მაშასადამე, უძრავი ქონება ხანდაზმულობით შეიძლება შეიძინოს არაკეთილსინდისიერმა მფლობემაც,მთავარია, იგი გარკვეული ვადის განმავლობაში მესაკუთრედ იყოს რეგისტრირებული და საკუთრად ფლობდეს ამ ქონებას. ანალოგიურად განიმარტება ქართული სსკ-ის ნორმებიც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s