მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი

მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის ძირითად წყაროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებივ ღონისძიებას. იმისათვის, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმები ფუნქციის გარეშე არ დარჩნენ და სისხლის სამართლის მიზნები განხორციელდეს (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვაში მდგომარეობს), სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული პროცესის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება. აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი ნორმები ამავდროულად მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცალკეული ინდივიდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ზუსტად განისაზღვროს პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება და მათი მოქმედების ფარგლები. სწორედ ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიან სისხლის საპროცესო სამართალს, იგივე ფორმალურ სისხლის სამართალს, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მაშასადამე, მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ავსებენ ერთმანეთს. ის, რაც მატერიალურ სისხლის სამართალას არ მიეკუთვნება, გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინ სისხლის საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმებით და პირიქით. ამ ორ მათგანს შორის მჭიდრო კავშირი მით უფრო იკვეთება, თუკი სისხლის სამართალს სამართლის სხვა დარგებს შევადარებთ. სამართლის სხვა დარგებში მატერიალური სამართალი მოქმედებს და ფუნქციონირებს ყოველგვარი პროცესის გარეშეც. როგორც წესი, ხელშეკრულებების უმეტესობა სრულდება (Pacta sunt servanda) და დავის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება საქმე პროცესამდე არც კი მივიდეს. განსხვავებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისაგან, სადაც ერთი მხარის ,,მოთხოვნას” მეორე მხარე როგორც წესი ნებაყოფლობით აკმაყოფილებს და პროცესს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, სისხლის სამართალში პროცესის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ნებაყოფლობით ცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, სისხლის სამართლის პროცესის გარეშე ვერ დაეკისრება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე აბსოლიტური მონოპოლია, შეძლოს დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე სისხლის საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამრიგად, სისხლის სამართალში, განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისაგან, მატერიალური სამართლის ნორმათა მოთხოვნები ფორმალური სამართლის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესრულდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s