შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობა მხარეებს შორის გარანტირებულია, როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე (იხ. სსსკ 25-ე მუხლი). აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა და ანალიზის მხრივ.

შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეთა მოძიება, მათი სასამართლოში დაბარება და მტკიცებულებების სასამართლოში პრეზენტაცია მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის კომპეტენციაა. გამოძიების სტადიაზე ბრალდების და დაცვის მხარეს უნდა გააჩნდეთ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები მტკიცებულებათა მოსაპოვებლად. ბრალდებულს და მის დამცველს ენიჭებათ უფლებამოსილება პარალელურად და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად გამოავლინონ და შეაგროვონ ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბრალდების გამაქარწყლებელ მტკიცებულებათა სახით. საქმის სასამართლოში არსებითად განხილვის ეტაპზე კი სასამართლომ, რომელსაც ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა ეკრძალება, განაჩენს საფუძვლად უნდა დაუდოს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები (judex secundam allegata at probata a partibus judicare debet ). ანტაგონისტური მხარეები წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აყალიბებენ, რომელსაც შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ნეიტრალური მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) აფასებს. ამრიგად, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის პირობებში სასამართლო, რომელიც თავად არ ეძებს გადაწყვეტილების მიღებისათვის რელევანტურ მტკიცებულებებს და შემოიფარგლება მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, უზრუნველყოს მხარეებს შორის ,,სამართლიანობის სასწორის” პინის თანაბარ მდგომარეობას.

შეჯიბრებითობის პრინციპის საპირისპირო პრინციპი ცნობილია ე.წ. საგამოძიებო (ინკვიზიციური) პრინციპის სახელით, რომელიც დამახასიათებელია კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემის მქონე ქვეყნების სისხლის სამართლის პროცესისთვის. საგამოძიებო (ინკვიზიციური) პროცესში საქმის გარემოებათა გამოკვლევის პრივილეგია არა მხარეებს, არამედ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ სახელმწიფო ორგანოებს ეკუთვნის. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესი ატარებს ინკვიზიციურ ხასიათს. სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს აკისრია ვალდებულება ეხ ოფფიციო გამოარკვიოს ბრალდებულის მამხილებელი და ასევე გამამართლებელი გარემოებები. შეჯიბრებითი პროცესისგან განსხვავებით, მოსამართლე დამოუკიდებლად ატარებს სრული მოცულობით სასამართლო გამოძიებას და ამ გზით ადგენს ე.წ. ,,მატერიალურ ჭეშმარიტებას~. მოსამართლე საქმის განხილვის დროს არ იზღუდება მხარეთა შუამდგომლობებით და მოსაზრებებით. იგი უფლებამოსილია და ამავდროულად ვალდებულიც, ჭეშმარიტების დასადგენად მოიპოვოს და გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მათ შორის ისინიც, რომელიც მხარეებს არ წარმოუდგენიათ ან არ გამოუთხოვიათ.

სისხლის საპროცესო სამართლებრივ ლიტერაში მეცნიერთა ერთი ნაწილი საგამოძიებო (ინკვიზიციური) პროცესს ჭეშმარიტების დადგენის თვალსაზრისით შეჯიბრებით პროცესთან შედარებით უკეთეს მოდელად მიიჩნევს. არაერთი თეორეტიკოსი მიუთითებს იმაზე, რომ შეჯიბრებითი პროცესის პირობებში სასამართლო მხოლოდ ,,პასიური არბიტრის~ როლს თამაშობს და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შესაძლებლობას არის მოკლებული. მოსამართლე, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალებით, გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რომელმა მხარემ წარმოადგინა უკეთესი არგუმენტები. ამიტომ, შეჯიბრებითი პროცესის მიზანი არა მატერიალური, არამედ ფორმალური ჭეშმარიტების დადგენაშია დანახული. აღნიშნულ მოსაზრებას ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც შეჯიბრებითი პროცესის მოდელის უპირატესობაზე საუბრობენ და თვლიან, რომ ეს უკანასკნელიც ასევე ,,მატერიალური ჭეშმარიტების” დადგენისაკენ არის მიმართული. მათ მიაჩნიათ, რომ შეჯიბრებით პროცესში ჭეშმარიტება მხარეების მიერ მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის გზით დგინდება. სიმართლე უკეთესად დგინდება მაშინ, როდესაც მხარეები საქმის გარემოებების შესახებ თავის შეხედულებას დამოუკიდებლად აყალიბებენ და ამასთანავე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტების სისუსტეზე მიუთითებენ. ამდენად, შეჯიბრებით პროცესში ადგილი აქვს მტკიცებულებათა ორკვალოვან გამოკვლევას, რომლის დროსაც ერთი მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულება პარალელურად კრიტიკულად მოწმდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ასეთ პირობებში საქმისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი გარემოების და დეტალის გამოვლენა ხდება, ვიდრე ეს ინკვიზიციურ პროცესის დროს არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ბრალდებული და ბრალმდებელი თანაბარ პროცესუალურ დონეზე დგანან და ბრალდებულს ფართო პროცესუალური შესაძლებლობები გააჩია თავის სასარგებლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. ამიტომ, ბრალდებულს შეჯიბრებით პროცესში ,,პროცესის სუბიექტის” უფრო მაღალი ხარისხი გააჩნია.

შეჯიბრებითი პროცესის მომხრეები ამასთან ერთად უარყოფენ მოსამართლის ,,პასიური მსმენელის” ფუნქციასაც და მიაჩნიათ, რომ მას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს სიმართლის დასადგენად ფართო უფლებები აქვს მინიჭებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი მიუთითებენ მოსამართლის უფლებებზე: უხელმძღვანელოს სასამართლო სხდომას, დააკვირდეს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევას და მისი შევსების მიზნით მხარეების თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში თავადაც დაუსვას მოწმეებს დამაზუსტებელ კითხვები, საბოლოოდ კი მისცეს ნაფიც მსაჯულებს განმარტებები.

 

ავტ.:გ.თუმანიშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s