Monthly Archives: ნოემბერი 2013

სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae)

,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი, რომელიც ცნობილია ლათინური ტერმინით “Amicus Curiae”, წარმოადგენს სიახლეს ქართული სისხლის საპროცესო სამართლისთვის. იგი თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და დღემდე დიდი წარმატებით მოქმედებს. მოგვიანებით ეს ინსტიტუტი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებში ამუშავდა, რომელსაც წარმატებით იყენებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოში ,,სასამართლოს მეგობარი” პირველად დაინერგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში 2009 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნული ინსტიტუტი ამოქმედდა ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.

,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტის მიზანია, რომ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთა ინტერესის სფეროში შედის სასამართლოში განსახილველი საკითხი, მაგრამ ის არ არის რომელიმე მხარე, შეეძლოს სასამართლოსთვის თავისი არგუმენტების წარდგენა და პროცესში უშუალოდ ჩართვა. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს ნებისმიერი კერძო პირი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, მეცნიერი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტი, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი და ა.შ. სასამართლოს მეგობარი, როგორც წესი, არის კვალიფიციური პირი, რომლის მოსაზრებებმაც, შეიძლება, სასამართლოს გაუწიოს დახმარება. ამგვარად, აღნიშნულ ინსტიტუტს შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაზე, რადგან სასამართლო უფრო მეტ წყაროს ეყრდნობა. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს საზოგადოებისა და სასამართლოს შორის კავშირს.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს მეგობარი წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მეგობარი ვერ იქნება ის პირი, რომელიც პროცესში წარმოადგენს მხარეს ან გვევლინება პროცესის სხვა მონაწილედ. სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით, რისი მიზანიც უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ სასამართლოს დახმარება და განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასება. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს. ამასთან, სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.

 

ბრალდებული

1.1. ბრალდებულის ცნება

 დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება, თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

განსხვავებით ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისაგან, მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა ჩამოაყალიბა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია. პირი რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (რომელიც იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე, იხ. სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებულად მოიხსენიება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე. აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ანიჭებდა სხვადასხვა პროცესუალურ სტატუს სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე. კერძოდ, თავდაპირველად ეჭვის არსებობის შემთხვევაში მას პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირის დადგენილებით ენიჭებოდა ,,ეჭვმიტანილის~ სტატუსი, შემდეგ მას სცნობდნენ ,,ბრალდებულად~ და როდესაც საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემოდა, იგი ხდებოდა ,,განსასჯელი~. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ,,ბრალდებულის~ ერთიანი სტატუსი მოიცავს როგორც ,,ეჭვმიტანილის~, ისე ,,განსასჯელის~ ფორმალურ ნიშნებს, რის შედეგადაც დაცვის მხარე მთელი პროცესის განმავლობაში გვევლინება ფართო უფლებებით აღჭურვილ პროცესის აქტიურ სუბიექტად. პირი აღნიშნული სტატუსით და შესაბამისი უფლებებით სარგებლობს მის მიმართ დევნის დაწყებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე. თუ სასამართლო ბრალდებულის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს, ეწოდება მას ,,გამართლებული~. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, იგი გვევლინება ,,მსჯავრდებულად~.

 1.2. პირის ბრალდებულად ცნობა

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს, ნებიემიერ შემთხვევაში სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება, რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით. თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი. ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით. თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის ადვოკატის მეშვეობით. ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად.

კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი, კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად, პირს ბრალი ჰქონდა წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

Continue reading