Monthly Archives: იანვარი 2014

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი

დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძებელი ან/და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. გამოძიება იწყება გამომძიებლის ან პროკურორისათვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ან თუ დანაშაული გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული, ასევე ანონიმურადაც, თუმცა მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ, პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებაროების მიხედვით. გამოძიების ვადა არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართელბრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და უფლებამოსილია ამის შესახებ გააფრთხილოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, რათა მან არ გაამჟღავნოს გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მხარეებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. დაცვის მხარის შუამდგომლობით, გამოძიებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის წარმოებას ახორციელებს. გამომძიებელს ირჩევს საგამოძიებო ორგანოს ხელძღვანელი. ამ შემთხვევაში, გამომძიებლის ხარჯებს ანაზღაურებს დაცვის მხარე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაასაბუთებს მის მიერ ამ ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.

დაცვის მხარეს არ აქვს უფლება ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის განხორციელებისათვის საჭიროა სასამართლოს ნებართვა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია ღამით, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. გამოძიების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას იმგვარი საშუალებების გამოყენება, რაც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრეძნებას, დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან ფსიქიკურად დაავადებულია, საჭიროა მშობლის ან მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოქმებელი პირი.

თუ საგამოძიებო მოქმედება ზღუდავს პირის კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას (ჩხრეკა, ამოღება), მაშინ იგი უნდა ჩატარდეს სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტოს შუამდგომლობა. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულად ითვლება, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის განმავლობაში.

გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის ამგვარი ინფორმაციის მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტი აღმოჩენილ იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს (ზედაპირული დათვალიერებისას), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს უნდა ეცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათში. ამავე ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე წყვეტს შუამდგლომლობას და გამოაქვს განჩინება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების ან უკანონობის შესახებ.

უდანაშაულობისა პრეზუმფცია

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის  მე-2 პუნქტი). უდანაშაულობის პრეზუმფციას, როგორც სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპის გამოხატულებას, ვხვდებით აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გათვალისწინებულია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია ადგენს ასევე, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ბრალის დამტკიცების გარეშე არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი. ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დარწმუნდება მის ბრალეულობაში. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.  In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში. აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს  ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჭენოდა. ეს ვალდებულება სასამართლოს მაშინ უჩნდება, თუკი მას შესაბამისი ეჭვი ფაქტობრივად გააჩნია.