Monthly Archives: მარტი 2014

როგორ რეგულირდება სატელეფონო მოსმენები სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით

ამ ბოლო დროს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ითხოვენ კანონის გამკაცრებას მოსმენების შესახებ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სხვა ქვეყნების კანონმდებლობისთვის შემედარებინა ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ერთად გადაგვეწყვიტა, არის თუარა კანონი მოსმენების შესახებ არასამართლიანი.

მაგალითად: ამერიკის შეერთებულ შტატებში კოდექსის 3124-ე მუხლის თანახმად, კომუნიკაციების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოს ყველა ინფორმაცია, აპარატურა და გაუწიოს მას ტექნიკური ხასიათის დახმარება, რაც საჭიროა შესაბამისი მოსასმენი აპარატურის დასამონტაჟებლად (მოთხოვნის შესაბამისად).  აღნიშნულ ნორმაში არ არის განმარტებული როდის არის სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილი მიმართოს კომუნიკაციების მიმწოდებელს, არ არის დაკონკრეტებული და არ არის ჩამონათვალი რა შემთხვევაში აქვს უფლება სამართალდამცავ ორგანოს მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. და ასევე არ არის ის, თუ ვისი ნებართვის შემდეგ აქვს ამ ქმედებების განხორციელების უფლება. ე.ი უნდა ვივარაუდოდ რომ პროკურატურას აქვს უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს როდის არის საჭირო მოსმენა, და გააკეთოს ამისთვის ყველაფერი. შესაბამისად, ამ ნორმიდან გამომდინარეობს მხოლოდ, ის რომ  სამართალდამცავ ორგანოს აქვს უფლება მოითხოვოს მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება. იგივე კოდექსის, 3126-ე მუხლის თანახმად, მოსასმენი აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი ანგარიშს წარუდგენს კონგრესს. ე.ი იგი ანგარიშვალდებული მხოლოდ კონგრესთანაა.

ძალიან საინტერესოა გერმანიის „მიმოწერის, საფოსტო გზავნილებისა და სატელეგრაფო და სატელეფონო შეტყობინებების საიდუმლოს შეზღუდვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტი, სადაც ვკითხულობთ: „ის ვინც სამეწარმეო მიზნებისთვის  ახორციელებს მომსახურებას ტელეკომუნიკაციების სფეროში, ან მონაწილეობს ამგვარი მომსახურების მიწოდებაში, ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოს, ამ უკანასკნელის განკარგულების შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია იმ ტელეკომუნიკაციის გარემოებების შესახებ, რომელიც შედგა განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ. ასევე, ის ვალდებულია, გადასცეს გზავნილები, რომლებიც მას გადაეგზავნა ტელეკომუნიკაციის გზით გაგზავნის მიზნით, ამასთანავე ის ვალდებულია უზრუნველყოს ტელეკომუნიკაციაზე მეთვალყურეობა და მისი ჩაწერა.“ აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს კომუნიკაციების სფეროში მყოფ ორგანიზაციებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩაუვარდება ხელში, გადასცეს უფლებამოსილ ორგანოს. ასევე, აღნიშნულ ორგანოს, აქვს სრული თავისუფლება როდესაც მოუნდება მაშინ გადაამოწმოს ნებისმიერი სახის სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაციები. ასევე, კანონის  მე-14 მუხლის თანახმად, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ანგარიშვალდებულია საპარლამენტო მაკონტროლებელი კომისიის წინაშე.

კიდევ ერთი საინტერესო ნორმა, ამჯერად გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობიდან:  „საგამოძიებო უფლებამოსილებათა რეგულირების შესახებ“ კანონის  მე-12 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოიცემა განკარგულება, რომელიც ავალდებულებს ტელეკომუნიკაციის სფეროში სერვისის მიმწოდებელს, უზრუნველყოს მოსმენის ორდერების აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ორდერის თანახმად, გაიცემა ცნობა, რომელიც ვალდებულების სუბიექტისგან მოითხოვს ყველა იმ საჭირო ნაბიჯის გადადგმას, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრული ან აღწერილი იყოს ცნობაში“. აღნიშნულ მუხლში არ არის დაკონკრეტებული თუ რა შემთხვევებშია ვალდებული ტელეკომუნიკაციების სფეროში სერვისის მიმწოდებელი უზრუნველყოს მოსმენის ორდერების აღსრულება. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია ამ ნორმის ისე გამოყეება, როგორც უფლებამოსილ ორგანოს მოუნდება.

არანაკლებ საინტერესოა ისრაელის „სატელეფონო მოსმენების შესახებ“ კანონის (1979წ.) მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, უშიშროების სამსახურს მოსმენის ნებართვა შეუძლია მიიღოს პრემიერ-მინისტრისგან ან თავდაცვის მინისტრისგან სასამართლო კონტროლის გარეშე. ასევე, უშიშროების სამსახურის შესახებ კანონის (GSSA) მე-11 მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრს შეუძლია განსაზღვროს, რომ მონაცემთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც სერვისის მიმწოდებელთან მონაცემთა ბაზაში ინახება, საჭიროა უშიშროების სამსახურის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად და უნდა გადაეცეს ამ უკანასკნელს.  ე.ი გამოდის რომ უშიშროების მინისტრს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომ მისთვის რაღაც კონკრეტული ინფორმაცია საჭიროა, მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაცია და თან ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე.  ასევე, არანაკლებ საინტერესოა ის, რომ 2012 წელს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (HCJ 3809/08) კონსტიტუციურად ცნო კანონი „კომუნიკაციის მონაცემების შესახებ“, რომელიც ასევე ითვალისწინებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებს სამართალდამცავების მხრიდან შესაბამის მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის შემდეგ მინდა გაგაცნოთ საქართველოს კანონმდებლობა.  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის“ მეშვიდე მუხლის, მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო  საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა.  ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ტარდება მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ე.ი გამოდის რომ სატელეფონო მოსმენა საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც  დაიწყება გამოძიება და გამოძიების პროცესში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შესაძლოა იყოს დამნაშავე, ან რაიმე კავშირი ჰქონდეს დანაშაულთან. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთებული შუამდგომლობა მოსამართლესთან. სწორედ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ხდება ამა თუ იმ ადამიანის სატელეფონო საუბრების მოსმენა.

თუკი ადამიანი არ არის სისხლისსამართლებრივ დევნაში, თუკი საგამოძიებო ორგანოს არ აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ ადამიანს აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება დანაშაულის გახსნაში, მას არავინ მოუსმენს.

თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების კანონმდებლობას და შევადარებთ ჩვენსას, მარტივად დავასკვნით რომ ჩვენი კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

 

თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მისამართით.  სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებსა და საიტებზე, ასევე პერსონალურ ბლოგებში მიზანმიმართულად ხდება სრული დეზინფორმაციის გავრცელება. თბილისის საქალაქო სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ე.წ ’’კომპრომატები’’ აბსურდია, კერძოდ, ერთ-ერთ სტატიაში ნახსენებია თითქოსდა მოსამართლე ქოჩიაშვილი ”ზედამხედველობდა”  ”ქართული ფოლადის” ’’გადახდისუუნაროდ მიჩნევისა და მისი აქტივების პატარკაციშვილების ოჯახის მიერ ხელმეორედ შეძენის პროცესს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ს.ს. ,,ქართული ფოლადი”-ს მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, აღნიშნული საქმე არის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის წარმოებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეაბილიტაციის პროცესში შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადზე” გასხვისებული მოვალის ძირითადი აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული საქმის მხარეები არ არიან ჯოზეფ კეი და პატარკაციშვილების ოჯახი.

გარდა ამისა, ლაშა ქოჩიაშვილი მოხსენებულია როგორც ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების საქმის განმხილველი მოსამართლე. ამა თუ იმ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველს, ხოლო მოსამართლე ქოჩიაშვილი არ იხილავს ადმინისტრაციულ დავებს, აქედან გამომდინარე აბსურდია აღნიშნული მოსამართლის ამ საქმესთან დაკავშირება.

რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ მესამე საქმეს, თითქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ”დამნაშავედ გამოაცხადა” მოქალაქე ნელი მჭედლიძე (ზოგ შემთხვევაში მითითებულია ,,ნელი მჟავანაძე”) და ”გადაწყვიტა მისთვის ბრალის წარდგენის საკითხი”, არასწორია, რადგან ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2009 წლის ნოემბრის თვიდან, ნელი მჭედლიძის მიმართ კი საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განაჩენით და ამავე განაჩენით გაუქმდა ნელი მჭედლიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება  _  პირადი თავდებობა. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დროს ნელი მჭედლიძის მიმართ გამოყენებული აქვს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება კი არ წარმოადგენს პირის ბრალეულობის დადასტურებას წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და აზრის თავისუფლება, თუმცა იმავე მუხლის მესამე ნაწილი აწესებს შეზღუდვას- როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო მოუწოდებს მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის ავტორებს, სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რადგან თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

 

სასამართლო სისტემა

საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები. სასამართლოს ფუნქცია ფაქტების განსჯა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანაა,, თუმცა რეალურად საქმე ძალიან მძიმედაა და სასამართლო ხშირ შემთხვევაში თავის ფუნქციას: სწორად და სამართლიანად გადაწყვიტოს შესული საქმეები, ვერ და არ ასრულებს!

ისმის კითხვა? რატომ არის სასამართლო პოლიტიზირებული და რატომ ექვემდებარება ყოველთვის ზემდგომის, ანუ ხელისუფლების გავლენას? სასამართლოს მესამე ხელისუფლებას უწოდებენ, თუმცა ეს მესამე ხელისუფლება თითქმის ყოველთვის მაღალთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა და თუ საქმე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, განაჩენიც სახელმწიფოს სურვილისამებრ გამოდის.

საზოგადოებას უამრავი მაგალითი ახსოვს, როცა სასამართლო უხეშად არღვევდა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების უფლებებს შემდეგი მექანიზმებით:

სასამართლო და სხვა იურიდიული პროცედურების უპრეცედენტო დაჩქარება, სასამართლო გადაწყვეტილების მიწოდების დაგვიანება და სხვა, ერთი შეხედვით პროცედურული საკითხები, რათა მხარეს ვერ მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება; ბიზნესში მოწილის თავსმოხვევა, პროკურატურის სახელითა და კონკრეტული ადვოკატის  პროცესში ჩართვით; წინასწარი დაკავება, რომლის დროსაც ხდებოდა საპროცესო გარიგების დადება; საპროცესო გარიგების მიუღწევლობის შემთხვევაში გვხვდება ბრალის დამძიმებისა და ზოგ შემთხვევაში  ისეთი მუხლების, მიყენების ფაქტები, როგორიცაა „ჯაშუშობა”; ამასთან, რადგან ამ მუხლით განხილული საქმეები გასაიდუმლოებულია, მუხლების მიყენების კანონიერების შემოწმება საზოგადოების მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელია;

რამდენიმე მაგალითი იხილეთ ამ პოსტში, როცა მოსამართლემ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და საგანგებოდ გამოიტანა არასწორი დასკვნა.  სამწუხაროა, რომ პოსტში მოხსენიებული მოსამართლე ჯერაც იკავებს თანამდებობის ადგილს და ის ერთადერთი არ არის, მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ ჯაჭვისა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და ხელს უშლის სასამართლო სისტემის კორუფციისა და მაქინაციების გარეშე არსებობას.

სამწუხაროდ, კორუმპირებული მოსამართლეები ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში ინაცვლებენ და როგორც ნაციონალების მმართველობის ხანაში, ასევე მანამდე პერიოდშიც მწვავედ იდგა პროკურატურისა და მოსამართლეების ერთსულოვნების საკითხი: სასამართლო ყოველთვის აკეთებდა იმას, რისკენაც იმდროინდელი პოლიტიკა უბიძგებდა. ზემოთხსენებულ პოსტში მოყვანილი ქეისები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რაც მუდამ ხდებოდა და სადაც უბრალო მოქალაქეები მუდმივად დაზარალებულები გამოდიოდნენ. დაზღვევა იმისგან, რომ მოსამართლეს არ მოისყიდიან, არ უბრძანებენ საქმის კონკრეტული პიროვნების სასარგებლოდ გადაწყვეტას, არ არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც ციხის ბუნტი და იმდროინდელი მოვლენები. სასამართლო მუდამ იჭერდა ხელისუფალთა მხარეს, რის შედეგადაც უამრავი პატიმარი ზარალდებოდა (იგულისხმება წამების ფაქტები და ა.შ) . უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება მოსამართლეთა განუკითხაობის ირგვლივ, თუმცა უკვე მომხდარ ფაქტებზე სამწუხარო არსებული მდგომარეობაა: იმავე განუკითხაობის საშიშროება, რაც მუდამ იყო და რასაც ძველი, ბინძური საქმეებით დამძიმებული მოსამართლეების სასამართლო სისტემაში ყოფნა განაპირობებს. ადამიანები ისევ ზარალდებიან კორუმპირებული სასამართლო სისტემის გამო.  არავინ იცის, როდის მოხდება სისტემის რეალური რეფორმა,  ამაზე პასუხს კი არც ამჟამინდელი ხელისუფლება იძლევა,