Author Archives: georgianlawyer

არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

კანონიერების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამარტლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

ზემოთაღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ამ ძირითად უფლებას „ზურგს უმაგრებს“:

კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც უნდა მოქმედებდეს საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

კანონის არაორაზროვნების და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლობისგან მოითხოვს გასაგები და არაბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.

და ბოლოს კანონის უკუძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს“. ეს პრინციპი გავრცობილია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:

„სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს მოქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არ აქვს.

თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომელსაც დამნაშავე იხდის,  ეს სასჯელი უნდა შემცირდეს კანონით მოცემულ ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანის დღემდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“

ზემოაღნიშნულიდან იკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება: კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად: თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალი ვადები, ან განსხვავებული წესი, უკუძალა იმოქმედებს, იმის მიუხედავად ამსუბუქებს თუ ამკაცრებს პირის მდგომარეობას იგი.

დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევენ მხოლოდ ორ საკითხში:

ა)ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

ბ)ქმედების დასკადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

განხილულ საპროცესო უფლებას მჭიროდ უკავშირდება ნდობის დაცვის პრინციპი, ანუ მოქალაქის უსაფრთხოება, მოქალაქის ნდობის დაცვა, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოყვება არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რისი გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. მაგალითად: კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი არაკონსტიტუციურია.

ხშირ შემთხვევაში კანონის ნორმები ეხება არამხოლოდ წარსულში მომხდარ მოვლენებს არამედ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვნენ წარსულში, მოქმედება გააგრძელეს აწმყოში და შეწყდებიან მომავალში. ასეთ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ხომ არ იზღუდება დაინტერესებულ პირთა ინტერესები და ხომ არ მოყვა კანონის ცვლილებას მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე6 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

 

მოწვევა ოფერტზე- ანუ შეთავაზების სწორი ფორმა

გუშინ ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კვების ობიექტში ყოფნისას არჩევანის წინაშე დავდექი: მიმეცა თანხმობა გაუფრთხილებლად დაწესებულ პირობებზე , ან მესარგებლა შეზღუდული მომსახურებით. საქმე იმაშია, რომ ელვისში ყოველთვის ავდივარ მეორე სართულზე და ვუკვეთავ კონკრეტული რაოდენობის და ღირებულების საკვებს. თანხის გადახდის შემდეგ, როცა დავაპირე ავსულიყავი და ადგილი დამეკავებინა, წინააღმდეგობას წავაწყდი და გავიგე, რომ უნდა შემეკვეთა მინიმუმ 50 ლარის პროდუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ მექნებოდა უფლება, საღამოს 8 საათის შემდეგ მომესმინა ცოცხალი მუსიკისთვის, ჩემთვის სასურველი ადგილიდან.

ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, უნდა იყოს თუ არა მსგავს დაწესებულებებშ ასეთი ტიპის განცხადებები თვალსაჩინო ადგილზე გაკეთებული, თუ ამას უნდა ვიგებდეთ მხოლოდ მაშინ, როცა ხელში ჩეკი გვიჭირავს?

ასეთ შემთხვევებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლი აწესრიგებს, რომელიც ზუსტად განმარტავს რა არის ოფერტის გაკეთება და მოწვევა ოფერტზე :

  1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში , რომელიც მიმართულია  ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი მოქმედება
  2. წინადადება რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.

თუ ამ წინადადებებს დავზუსტებთ, პირველი მათგანი გულისხმობს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მოითხოვს მეორე მხარისგან მის მიღებას, თუმცა ზემოთ მოცემულ შემთხვევაში მუხლის ეს ნაწილი არ გამოგვდგება, ეს რა თქმა უნდა სხვა შემთხვევაა და მისი არშესრულებით ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები არ დარღვეულა.

რაც შეეხება 329 მუხლი მეორე ნაწილს, ანუ მოწვევას ოფერტზე, როგორც უკვე ვხვდებით, ეს არის რაიმე შეთავაზების საჯარო გამოცხადება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს პირობები, სურს თუ არა შეთავაზებული პროდუქციის გამოყენება და თანხმობის განცხადება. როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებაში ახალი წესები იწყებს მოქმედებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის ამის შესახებ მომხმარებელს .

მაგალითისთვის, კინო რუსთაველის მიერ გაკეთებული განცხადება, რაიმე ფილმის ჩვენების შესახებ, რომელიც გაიმართება 10 ივნისს, ბილეთის ღირებულება კი იქნება 15 ლარი, იქნება მოწვევა ოფერტზე, ანუ მომხმარებელი წინასწარ იქნება გარკვეული სასურველ ინფორმაციაში, რაც მას მისცემს საშუალებას, თავად შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ის ინფორმაცია, რასაც ოფერტზე მოწვევა მოიცავს, უნდა იყოს ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული:

ზემოთმოყვანილი მაგალითის მიხედვით, კინოს ბილეთის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს უკვე დადგენილ 15 ლარს.

ოფერტზე მოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ვიტრინაში საქონლის გამოფენა, რომლის შერჩევის და სასურველი ნიმუშის შეძენის საშუალება მყიდველს თავისუფლად აქვს.

სატელეფონო , სატელევიზიო ვაჭრობით, ან ქუჩაში არსებული ავტომატების მეშვეობით მომსახურების შეთავაზებაც ასევე წარმოადგენს ოფერტზე მოწვევას.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ოფერტსა და ოფერტზე მოწვევას შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი მიმართულია პირთა ნებისმიერი წრისადმი და არა კონკრეტული ადამიანის ან ადამიანისადმი, ის იძლევა თავისუფალი და შეუზღუდავი არჩევანის საშუალებას. ასევე, ოფერტზე მოწვევა ნებისმიერ დროს შეიქნება ოფერტენტის მიერ გაუქმებული იქნას და დადგინდეს ახალი პირობები და შეთავაზებები, როცა ოფერტის დროს ოფერენტი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და არ გააუქმოს უკვე დადგენილი პირობები.

როგორ დავწეროთ სარჩელი

სარჩელი უფლებების დაცვის პროცესუალური საშუალებაა და ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, დაიცვას თავისი უფლებები და საჭიროებისამებრ მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ როგორ დაწეროს სარჩელი, რა ფორმებია ამისთვის გათვალისწინებული და ვეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ყველაფრის შესახებ.

სარჩელი უნდა იყოს წერილობითი ფორმით მოცემული და მასში აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს (არბიტრაჟის) დასახელება, რომელშიაც შეაქვთ განცხადება, მოსარჩლისა და მოპასუხის ვინაობა, მათი საცხოვრებელი ადგილი (თუ მოსარჩლე იურიდიული პირია – მისი სამყოფელი ადგილი), გარემოებანი, რომელთაც ემყარება მოსარჩლის მოთხოვნა, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, მოსარჩლის მოთხოვნა, სარჩელის ფასი და იმ საბუთების ნუსხა, რომლებიც ერთვის სარჩელს.

2009 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა სარჩელის,  სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის განახლებული ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სასამართლოსთვის მიმართვა მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ მოცემული ფორმებით.

სარჩელის ელექტრონული ვერსია სამოქალაქო საქმეზე

სარჩელის ელექტრონული ვერსია სამოქალაქო საქმეზე

შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

შესაგებელი სასამართლოს წარედგინება კანონით განსაზღვრულ ვადებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს საპატიო მიზეზი , ვადის გადაწევისათვის.

სარჩელის ფორმა ადმინისტრაციულ საქმეზე

სარჩელის ფორმა ადმინისტრაციულ საქმეზე

შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე

შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე

მოქალქეებს უფლება არ აქვთ შეცვალონ რეკვიზიტების ფორმა თავიანთი სურვილისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოზე სარჩელის ფორმა არ დაიშვება.

მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ კომპიუტერული მომსახურებით, შეუძლიათ სარჩელის ფორმა შეავსონ კალმით, რომელიც სრულიად იდენტურია ელქტრონული ვერსიის .