Category Archives: ვალდებულებითი სამართალი

სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

სანივთო და ვალდებულებითი სამართალი მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. ამ განსხვავებას საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების დაცვის საშუალებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნით. რომაელი იურისტები განმარტავდნენ, რომ სანივთო უფლება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას, ვალდებულება კი გულისხმობს, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. უფრო გვიანდელი იურისტების აზრით, ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტია მოქმედება, სანივთოსი კი ნივთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი – რელატიური (შეფარდებითი). აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ყველა პირი გვევლინება როგორც ვალდებული პირი, შეფარდებითი უფლების მატარებელს კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. სანივთო უფლება ყველას მიერ უნდა იყოს ცნობილი და ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით.  ნივთის დაზიანების შემთხვევაში დელიქტური სარჩელებიც გამოიყენება, რაც აგრეთვე სანივთო უფლების აბსოლუტურობის გარანტიაა. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება მხოლოდ მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე.

     კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლებები ‘’numerus clausas’’ -ს პრინციპითაა გასაზღვრული, ანუ სანივთო  უფლებათა წრე კანონით ამომწურავადაა მოხაზული – არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. (ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა) ვალდებულებითი სამართალი კი თავისუფალია ასეთი იმპერატიული ფორმულირებისგან. კოდექსის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც, მართალია, კანონით არ არიან გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას.

     სხვა განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება ახასიათებს საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამას ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე. მათზე ინფორმაციას საჯარო რეესტრში ვერ მოვიპოვებთ. სანივთო უფლების ეს თავისებურება განაპირობებს სხვა განსხვავებასაც. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ამიტომ სანივთო სამართალში კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთაა დაცული, რადგანაც ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია. ვალდებულებითში კი ასეთი ვარაუდი მმფლობელის კეთილსინდისიერებას უკავშირდება.

     ამ თვისებების წყალობით სანივთო უფლებები პრიორიტეტულია ვალდებულებით უფლებებათან შედარებით და მათ შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა სანივთო უფლებებს ენიჭება.

ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

ვაგრძელებ კაზუსების თემას და ამჯერად შემოგთავაზებთ კაზუსს ვალდებულებითი სამართლიდან, თავისი ამოხსნით.

კაზუსი:

რესტორანი “სამწვადე“ უგემრიელესი საფირმო კერძების დამზადებით არის სახელგანთქმული. რესტორანი კლიენტებს განსაკუთრებული ღვინოების დიდ არჩევანს სთავაზობს, რომელსაც იგი კახეთში, ღვინის მწარმოებელი კომპანია “ვაზის ნაჟურისაგან“ ყიდულობს. პარტნიორების თანამშრომლობა წლებს ითვლის. ორ თვეში ერთხელ კომპანია იღებს შეკვეთებს რესტორნისაგან შესაბამისი რაოდენობისა და სახეობის ღვინის მიწოდებაზე. 1 თებერვალს რესტორნის მენეჯერი შეკვეთის მორიგ დაზღვეულ წერილს უგზავნის კომპანიას, სადაც სთხოვს 10 ყუთი მანავის მიწოდებას, ტრადიციულად, თვის 10 რიცხვისათვის. 3 თებერვალს ფოსტისგან იღებს პასუხს, რომ კომპანიას წერილი ჩაბარდა. 11-ში რესტორანში გრანდიოზული ბანკეტია დაგეგმილი. 10-ში საღამოს 5სთ-ზე სამზადისში მყოფი რესტორნის მენეჯერი აღმოაჩენს, რომ ღვინის პარტია არ ჩამოსულა. იგი შეშფოთებული ურეკავს კომპანიას, სადაც პასუხობენ, რომ ხელმძღვანელობა გამოიცვალა და მათ აღარ სურთ ურთიერთობის გაგრძელება რესტორანთან, რადგანაც კონკურენტ რესტორანთან გააფორმეს შეთანხმება და რომ ღვინოებს არ ელოდონ, რადგანაც კომპანიას რესტორნის შეკვეთაზე თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად, შეთანხმებაც არ ყოფილა. სასოწარკვეთილი მენეჯერი მთელი ღამის განმავლობაში ეძებს სასმელს. საბოლოოდ, მეორე დილით იგი მოიტანს სასმელს, რომელიც რესტორანს 1000 ლარით ძვირი უჯდება. ბანკეტზე მოსული სტუმრები სიამოვნებით მიირთმევენ „ღვინოს“, მაგრამ მათი სიამოვნება დიდხანს არ გასტანს, რადგანაც მალე აღმოჩნდება, რომ სასმელმა მათი დიდი ნაწილის მოწამვლა გამოიწვია. სასამართლო პროცესების თავიდან აცილების მიზნით რესტორანი იძულებული ხდება, გადაუხადოს მათ მკურნალობის ხარჯები – 2 000 ლარი, აგრეთვე, იმიჯის შენარჩუნების მიზნით, არ ითხოვს ბანკეტის საფასურის ნაწილის, 5000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მეორე დღეს უნდა დაეფარათ მოქეიფეებს.
რესტორანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კომპანიისაგან. აქვს რესტორანს მოთხოვნა ღვინის კომპანიის მიმართ?

ამოხსნის სქემა:

Continue reading

ბე

ბეს ცნება ქართული სამოქალაქო სამართლისთვის უცხო არ არის და მისი გამოყენება ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუწიოს. ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა ამის შესახებ.

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ბეს ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს არა უბრალოდ სამომავლოდ ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, არამედ უკვე შემდგარი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ბე გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ერთია, შესრულების ვალდებულება პირველად რომელმა მხარემ უნდა განახორციელოს. ისევე როგორც პირგასამტეხლოს დროს, ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. არავის არ აქვს უფლება აიძულოს მოვალე, მიიღოს ფულადი თანხა, ისევე როგორც მაგალითად არავინაა ვალდებული მიიღოს საჩუქარი.

ვინაიდან ბე ხელშეკრულების დადების ფაქტს ამტკიცებს, იგი უმეტესწილად გამოიყენება კრედიტორის მიერ იქ, სადაც ურთიერთობისბუნებიდან თუ პარტნიორის თვისებიდან გამომდინარე მეტი შესაძლებლობაა ხელშეკრულების დარევევისა. პრაქტიკიდან ჩანს რომ ბე გამოიყენება იქ, სადაც ხელშეკრულების ფორმა ნაკლებად უზრუნელყოფს მის სიმტკიცეს, მაგალითად, ზეპირ გარიგებებში.

ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ვიდრე არ მოხდება მთლიანად შესრულება, ბე არ შეიძლება ნაწილობრივ შესრულებად ჩაითვალოს. ამით განსხვავდება ის ავანსისგან, თუმცა მათ ხშირად მაინც აიგივებენ ერთმანეთთან. ავანსი ისეთი ფულადი თანხა ან სხვა ქონებაა, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ გადასცემს მეორეს ვალდებულების ნაწილობრივ ან სრული შესრულების მიზნით და არა ხელშეკრულების ფაქტის დადასტურებისა თუ მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას , ბე რჩება მის მიმღებს. თუ მოქმედება არ სრულდება ბეს მიმღების მხრიდან, ის აბრუნებს უკან ბეს რაოდენობას ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, როცა ზიანი აჭარბებს უკან დასაბრუნებელი ორმაგი ბეს რაოდენობას, ბეს ჩათვლა უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

რაც შეეხება ბეს რაოდენობას, ამაზე სამოქალაქო კოდექსი არაფერს ამბობს. ლოგიკური იქნებოდა ბეს იმ ოდენობით განსაზღვრა, რაც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არ ჩააყენებდა მხარეს უსამართლოდ მძიმე მდგომარეობაში. კოდექსი არაფერს ამბობს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ბე.

გარიგების ფორმა

გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას. თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. ესა თუ ის ფორმა ყველა შემთხვევაშია აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ კანონითა თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული ფორმა წარმოადგენს გარიგების აუცილებელ ელემენტს, როგორც იტყვიან გარიგების corpus-ს, ურომლისოდაც ეს გარიგება არ არსებობს. სწორედ აქაა გარიგების სავალდებულო ფორმა. სხვა დროს კი, როცა ნების გამოხატვა შეიძლება ნებისმიერი ფორმით, მაშინ ნებისმიერი მათგანია საკმარისი საფუძველი გარიგების ნამდვილობისთვის. ამ შემთხვევაში კი სახეზეა გარიგების არასავალდებულო ფორმა. ამრიგად, ერთ შემთხვევაში ფორმა იმპერატიულია, სხვა დროს კი – დისპოზიციური.  იმპერატიული ფორმა ყოველთვის წერილობითია, დისპოზიციური ფორმა უპირატესად ვლინდება სიტყვიერ ან სხვაგარ მოქმედებაში, როგორიცაა დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებანი.

ნების გამოვლენის ფართოდ გავრცელებული საშუალება ზეპირი გარიგებაა. ზეპირად ნების გამოვლენა გულისხმობს სიტყვიერად მის გამოვლენას “კონტრაჰანტთან პირისპირ მოლაპარაებით თუ სატელეფონო საუბრით”. ზეპირად შეიძლება დაიდოს ყველა ის გარიგება, რომელთათვისაც არაა აუცილებელი წერილობითი ფორმა. ამასთან, ნებისმიერი ზეპირი გარიგება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოექცეს ფორმაში.

წერილობითი გარიგებისას ნების გამოვლენის გამოხატვის ფორმაა წერილობითი დოკუმენტი. სულერთია სახეზეა მარტივი წერილობითი ფორმა, თუ რთული წერილობითი ფორმა. დოკუმენტებში აუცილებელია ჩანდეს გარიგების შინაარსი, ნების გამოვლენის სუბიექტთა ხელმოწერა. ცალმხრივი გარიგებისას საკმარისია ერთი პირის ხელმოწერა, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებისას კი – ორი ან მეტი პირის ხელმოწერაა საჭირო.  თუ კი გარიგება იდება წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საჭიროა მისი ხელმოწერა. დოკუმენტის შინაარსიდან უნდა ჩანდეს რომ ესა თუ ის პირი სხვისი დავალებით მოქმედებს. ამ წესების დაუცველობა ნიშნავს იმას, რომ არაა დაცული გარიგების წერილობითი ფორმა, რაც მისი ბათილობის მომასწავებელია.

თუ სანოტარო ფორმა კანონით ეხება ცალმხრივი ნების გამოვლენას, ან მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენას სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასეთ შემთხვევაში საკმარისია დამოწმდეს ნების გამოვლენის შინაარსი. მაგალითად, ანდერძის დამოწმება გულისხმობს ერთი მხარის ნების გამოვლენის დამოწმებას; სხვა დროს კი, როცა სანოტარო ფორმა ეხება ურთიერთმხრივი ნების გამოვლენას, ამ შემთხვევაში დამოწმების საგანია არამარტო ნების გამოვლენის შინაარსი, არამდედ ყოველი მათგანის ნების გამოვლენა მეორე მხარის მიმართ. სანოტარო წესით დამოწმება საჯარო დამოწმებაა და მას ანორციელებს ნოტარიუსი, მოსამართლე ან კანონით გათვალისწინებული სხვა პირი.

ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ერთსა და იმავე დოკუმენტზე; ხოლო თუ უნდა შედგეს ერთი და იმავე შინაარსის მქონდე რამდენიმე დოკუმენტი, რომელბშიაც მხარეთა ნება გადმოცემული იქნება სრულად და ერთნაირად, მაშინ საკმარისია, თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისთვის. ტექსტში არსებული წვრილმანი შეცდომები არ იძლევა შეცილების უფლებას. თითოეულის მიერ ხელმოწერლი წერილი წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას. ამ წერილების გაცვლა არაა საკმარისი ისეთი ხელშეკრულების დასადებად, რისთვისაც კანონი წერილობით ფორმას ითხოვს. მაგალითად, ერთი პირი წინადადებას სთავაზობს მეორეს მიწის ნაკვეთის გარკვეული ვადით გაქირავების თაობაზე, რაზედაც მეორისგან იღებს წერილობით პასუხს. მოკლედ, მხარეები ახდენენ წერილების გაცვლას. გარიგების წერილობითი ფორმა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ერთი პირის მიერ თავის წინადადებაზე, ხოლო მეორის მიერ კი – თავის პასუხზე ხელის მოწერა აკმაყოფილებს შესაბამისად წინადადებისა (ოფერტისა) და პასუხის (აქცეპტის) მოთხოვნებს და არა მათ შორის შეთანხმების მოთხოვნებს. ამიტომაც, ერთიც და მეორეც ვალდებულია ხელშეკრლების ტექსტზე ერთად მოაწერონ ხელი. ასევე საკმარისია, რომ ერთმა მეორისათვის გაკვუთვნილ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ხოლო მეორემ – პირველიუსათვის განკუთვნილ დოკუმენტს.

გარიგებანი – ზოგადი ნორმები

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა,
რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,
შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

გარიგება მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენაა, რომელიც იწვევს იურიდიულ შედეგებს. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას, ან შეწყვეტას. მაგალითად, ვინმეს დაპატიჟება კინოში, ფეხბურთის სანახავად, ანდა წვეულებაზე, ნების გამოვლენაა, მაგრამ ისინი არ უკავშირდებიან სამართლებრივ შედეგებს და არც სამართლებრივი სანქციით არიან უზრუნველყოფილნი. გარიგება ყოველთვის სამართლებრივი სანქციასთანაა დაკავშირებული. ვთქვათ, გამყიდველმა არ გადასცა ხელშეკრულებით შეპირებული ნივთი მყიდვველს, ამ დროს ამოქმედდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რითაც მყიდველს შესაძლებლობა ეძლევა დაიცვას დარღვეული უფლებები. ამდენად, მას შეუძლია დაეყრდნოს სახელმწიფოებრივ იძულებასაც.

ნების გამოვლენა მიმართულია ნორმალური სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ზიანის მიყენებაც ნების გამოვლენაა, მაგრამ სწორედ აღნიშნულის გამო იგი დელიქტია და არა გარიგება. თუმცა, ამდაგვარ ნების გამოვლენას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები, სამოქალაქო–სამართლებრივიც და სისხლის სამართლებრივიც.

ნების გამოვლენა ფართო მნიშვნელობით მოაზრება სამოქალაქო კოდექსში. იგი ყოველთვის არ გულისხმობს პირდაპირ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიზანმიმართულებას. მაგალითად, უფლებამოსილების მიცემა, გაუქმება, თანხმობა გარიგებებში ეს მოქმედებანი აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენად, ე.ი გარიგებად, რადგანაც მათ მიმართ გამოიყენება ქმედუნარიანობის, წარმომადგენლობის, საცილოობის და სხვა დებულებანი, რაც გამოიყენება დანარჩენი გარიგებების მიმართ.

50–ე მუხლის თანახმად, გარიგება ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხირივი ნების გამოვლენაა. ასე მაგალითად, ანდერძი, ჯილდოს საჯაროდ შეპირება ცალმხრივი გარიგებაა და მარტოოდენ ერთი პირის ნების გამოვლენაც საკმარისია სამართლებრივი ეფექტის გამოსაწვევად. უფრო ხშირია შემთხვევვები, როდესაც სამართლებრივი შედეგის მისაღწევად საჭიროა ორი ან რამდენიმე პირის ნების გამოვლენა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ხელშეკრულება ან გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრებაზე. ამ შემთხვევაში, ყოველი ნების გამოვლენა მიიჩნევა დამოუკიდებელ გარიგებად, ხოლო თვით ხელშეკრულება ანდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, შეთანხმებული საერთო ნების რეზულტატია.

ნების გამოვლენა რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა, ანუ გამგზავნით ნებით, დოკუმენტი რომელშიც გამოხატულია ნება აღმოჩნდება ადრესატის ხელში. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად თუ მეორე მხარე წიასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს. მების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ქმედუნარიანობის დაკარგვამ, თუკი ეს მოვლენები დადგა ნების გამოვლენის შემდეგ.

გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს არიგების შინაარსი. მხედველობაშია ნების გამოვლენის ფორმა. რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება უნდა გამოვლინდეს ცხადად, მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი.

გარიგების ბათილობა

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. გარიგება ასევე ბათილად შეიძლება ჩაითვალოს, თ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღრაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ–ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გაუცდელობით (გულუბრყვილობით). ბათლად ჩაითვლება გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხაის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ბათილად  ჩაითვლება გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. თუ ოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლების სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ. ბათილია აგრეთვე მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეძლება ჩაითვალოს ნების გამოვნელა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.

თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუ კი გარიგების ბათილობაზე შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა. უცილოდ ბათილი გარიგება (არარა) ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, აშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონდე პირი, მაშინ მამით კარგავს შეცილების უფლებას. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს. გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

პირგასამტეხლო

ალბათ ყველას ხშირად გვესმის სიტყვა პირგასამტეხლო, თუმცა მისი სრული იურიდიული მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. სხვა შემთხვევაში კი , უხეშად რომ ვთქვათ, მოვალეს შესაძლოა სიტუაციიდან “გამოძვრომის” იმედი ჰქონდეს.  პირგასამტეხლოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი.

პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. უბრალო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ კი საჭიროებს უამრავ მტკიცებულებას, იმის გასარკვევად, მართლა განიცადა კრედიტორმა ზიანი , თუ არა . თუმცა , პირადად მე, გამიჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა გარანტია იმისა რომ კრედიტორი იქნება სამართლიანი და არ “გაათამაშებს” ზიანის ფაქტს?

არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლო ანაზღაურება, ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.  მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება. აქაც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას: ვფიქრობ, კუმულატიური პირგასამტეხლო მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება მოვალესათვის.

ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლისის შემთხვევაში პირგასამტეხლო გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით.

პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით. შეთანხმების განსაზღვრა არაა თავისუფალი, მაშინ როცა მთავარი ხელშეკრულება შეიძლება იყოს სხვა ფორმის. თუ პირგასამტეხლოს ფორმა დაირღვა, მისი რღვევა გამოიწვევს ძირითადი ხელშეკრულების ბათილობას.

კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება.

პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რაც მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის.

შესაძლებელია სასამართლოს მიერი საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული იქნეს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, რისი გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქნას , ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს და შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა.

შემთხვევა – ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით

შემთხვევა:

დედის გარდაცვალების შემდეგ ქეთევანმა მიიღო მემკვიდრეობით სახლი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქეთევანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარმა ცოლისგან მიიღო ხელწერილი, რომლითაც ცოლი ვალდებულებას ღებულებდა სახლი გაეყიდა მხოლოდ ქმრის თანხმობით.ქმარი მივლინებაში წავიდა და ამ დროს ქეთევანმა სახლი მიჰყიდა შალვა წიკლაურს. ქმარმა ამბის გაგების შემდეგ მოითხოვა შალვასგან 30%-ის დამატება ან სახლის უკან დაბრუნება. შალვამ უარი განაცხადა და შედეგად ქმარმა წარადგინა სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ცოლს ბრალი დასდო ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის.

სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ რაც აღიარებული იქნება ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული გარიგება. თუმცა იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს, მისი მომწესრიგებელი ნორმებიც იმპერატიულია. მათი შეცვლა ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მიუთითებს კანონი პირდაპირ, რომ:

მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით:
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

შესაბამისად ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქმრის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.

ზოგადად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევის თანავე. ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს  პირი, რომელიც იქორწინებს სრულწლოვანებების მიღწევამდე. ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელსაც სასამართლო ასეთად აღიარებს ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო, ასევე არასრულწლოვანი შვიდი წლის ასაკამდე.

მოწვევა ოფერტზე- ანუ შეთავაზების სწორი ფორმა

გუშინ ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კვების ობიექტში ყოფნისას არჩევანის წინაშე დავდექი: მიმეცა თანხმობა გაუფრთხილებლად დაწესებულ პირობებზე , ან მესარგებლა შეზღუდული მომსახურებით. საქმე იმაშია, რომ ელვისში ყოველთვის ავდივარ მეორე სართულზე და ვუკვეთავ კონკრეტული რაოდენობის და ღირებულების საკვებს. თანხის გადახდის შემდეგ, როცა დავაპირე ავსულიყავი და ადგილი დამეკავებინა, წინააღმდეგობას წავაწყდი და გავიგე, რომ უნდა შემეკვეთა მინიმუმ 50 ლარის პროდუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ მექნებოდა უფლება, საღამოს 8 საათის შემდეგ მომესმინა ცოცხალი მუსიკისთვის, ჩემთვის სასურველი ადგილიდან.

ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, უნდა იყოს თუ არა მსგავს დაწესებულებებშ ასეთი ტიპის განცხადებები თვალსაჩინო ადგილზე გაკეთებული, თუ ამას უნდა ვიგებდეთ მხოლოდ მაშინ, როცა ხელში ჩეკი გვიჭირავს?

ასეთ შემთხვევებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლი აწესრიგებს, რომელიც ზუსტად განმარტავს რა არის ოფერტის გაკეთება და მოწვევა ოფერტზე :

  1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში , რომელიც მიმართულია  ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი მოქმედება
  2. წინადადება რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.

თუ ამ წინადადებებს დავზუსტებთ, პირველი მათგანი გულისხმობს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მოითხოვს მეორე მხარისგან მის მიღებას, თუმცა ზემოთ მოცემულ შემთხვევაში მუხლის ეს ნაწილი არ გამოგვდგება, ეს რა თქმა უნდა სხვა შემთხვევაა და მისი არშესრულებით ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები არ დარღვეულა.

რაც შეეხება 329 მუხლი მეორე ნაწილს, ანუ მოწვევას ოფერტზე, როგორც უკვე ვხვდებით, ეს არის რაიმე შეთავაზების საჯარო გამოცხადება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს პირობები, სურს თუ არა შეთავაზებული პროდუქციის გამოყენება და თანხმობის განცხადება. როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებაში ახალი წესები იწყებს მოქმედებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის ამის შესახებ მომხმარებელს .

მაგალითისთვის, კინო რუსთაველის მიერ გაკეთებული განცხადება, რაიმე ფილმის ჩვენების შესახებ, რომელიც გაიმართება 10 ივნისს, ბილეთის ღირებულება კი იქნება 15 ლარი, იქნება მოწვევა ოფერტზე, ანუ მომხმარებელი წინასწარ იქნება გარკვეული სასურველ ინფორმაციაში, რაც მას მისცემს საშუალებას, თავად შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ის ინფორმაცია, რასაც ოფერტზე მოწვევა მოიცავს, უნდა იყოს ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული:

ზემოთმოყვანილი მაგალითის მიხედვით, კინოს ბილეთის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს უკვე დადგენილ 15 ლარს.

ოფერტზე მოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ვიტრინაში საქონლის გამოფენა, რომლის შერჩევის და სასურველი ნიმუშის შეძენის საშუალება მყიდველს თავისუფლად აქვს.

სატელეფონო , სატელევიზიო ვაჭრობით, ან ქუჩაში არსებული ავტომატების მეშვეობით მომსახურების შეთავაზებაც ასევე წარმოადგენს ოფერტზე მოწვევას.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ოფერტსა და ოფერტზე მოწვევას შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი მიმართულია პირთა ნებისმიერი წრისადმი და არა კონკრეტული ადამიანის ან ადამიანისადმი, ის იძლევა თავისუფალი და შეუზღუდავი არჩევანის საშუალებას. ასევე, ოფერტზე მოწვევა ნებისმიერ დროს შეიქნება ოფერტენტის მიერ გაუქმებული იქნას და დადგინდეს ახალი პირობები და შეთავაზებები, როცა ოფერტის დროს ოფერენტი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და არ გააუქმოს უკვე დადგენილი პირობები.