Tag Archives: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება

კანონიერ ძალაში შესული, ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას ატარებს, შესაძლებელია გაუქმდეს. ეფექტური მმართველობის საქმიანობის განხორციელების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს მმართველობის აქტების რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და გულისხმობს, როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში- ზემდგომი ადმინსიტრაციული ორგანო ან სასამართლო, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. პირის კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
ა)მისი ძალაში შესვლის დღიდან
ბ)მისი ბათილად ცნობის დღიდან
გ)მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებეული მხარის უკანონო ქმედება.

ძალადაკარგულად კი ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იმ შემთხვევაში შეუძლია უფლებამოსილ ორგანოს თუ: 1) ეს პირდაპირაა მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში, 2) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირაა მითითებული ადმ.-სამართლებრივ აქტში, 3) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმ.-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმ.-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, 4) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, 5)არსებობს ახლად აღმოცენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც ადმ. ოორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმ-სამართლებრივი აქტი.

ადმინისტრაციული წარმოების სახეები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად , ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე -ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება: მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. დაუშვებელია ერთი და იგივე აქტის გამოცემა ერთზე მეტი წარმოების სახის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოებისათვის გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. სზაკ-ის 72- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებიტ. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს: 1)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება. 2)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა 3)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტთა საკითხი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს აუცილებლად დგას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების მეორე მხარეს მდგარი სუბიექტების ჩამონათვალი მოცემულია სზაკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეების ცნებაში.

Continue reading

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლეიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

      ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. კონკრეტულია პირთა წრე, თუ გარკვეულია,თუ ვის ეხება ის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართულ ან შეეხებოდეს ცალკეულ შემთხვევებს. ეს ნიშანი ახასიათებს მას, როგორც ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ემსახურება მის გამიჯვნას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან, რომელიც ქცევის ზოგად წესს ადგენს. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამიჯვნისთვის არსებით მნიშვნელობა აქვს მოწესრიგების ორ სტრუქტურულ ელემენტს: ადრესატთა წრესა და კონკრეტულ შემთხვევას. მოწესრიგების ადრესატთა წრე განისაზღვრება ინდივიდუალურად ან გენერალურად, შემთხვევა კი აღიწერება კონკრეტულად ან აბსტრაქტულად .ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის ზღვარი არ განისაზღვრება პირთა რაოდენობაზე, იგი დამოკიდებულია იმაზე, განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე. კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ერთჯერადია. აბსტრაქტული სამართლებრივი აქტი კი საქმის გარემოებებს ზოგადად და მის საფუძველზე ასახავს.

      აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივი შედეგისკენ (მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც სამართლებრივი მოწესრიგებისკენ არის მიმართული. მოწესრიგების არსი მდგომარეობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს. თუ სახეზე პირდაპირი სამართლებრივი შედეგი, მმართველობითი ღონისძიება რეალაქტად იწოდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება: ა) გამოცემის ფორმის მიხედვით აქტი შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი სახის, რასაც სზაკ-ის 51-ე მუხლი უშვებს. მმართველობით პრაქტიკაში ის დუმილის ან კონკლუდენტური მოქმედების სახითაც შეიძლება შეგვხვდეს. ბ) ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი ხასიათის, რომელიც აწესებს ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას, და პირის უფლების ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დამდგენი აქტი. გ) ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით ასხვავებენ აღმჭურველსა და შემზღუდველ აქტებს. აღმჭურველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს. მისგან განსხვავებით, შემზღუდველი აქტი ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს.