Tag Archives: ანალოგიის წესი

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებების დაცვა

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლების დაცვაზე მოქმედ სამოქალაქო კოდექსში სპეციალური ნორმა არ არსებობს. 2005 წლის ცვლილებებამდე სამოქალაქო კოდექსი შეიცავდა 257-ე მუხლს, რომელიც იცავდა კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებებს. ,,თუ გირავნობის საგნის (გირაოს) გადაცემა სხვა პირისათვის ხორციელდება საბუთის გადაცემით და დამგირავებელი გირავნობის წარმოშობის მომენტისათვის ფლობს ამ ნივთს (უფლებას) მისი დაგირავების უფლებამოსილების გარეშე, მოგირავნე ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, თუკი მან არ იცის და არც შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ. მოგირავნის ეს კეთილსინდისიერება აძლევს უპირატესობას მესამე პირთან შედარებით.”

საბუთის გადაცემაში იგულისხმება სასაწყობო მოწმობის გადაცემა. როცა დაგირავება ხდება საწყობში შენახული ხორბლის, ამისათვის საკმარისია მოწმობის გადაცემა. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ,,კონსორციუმ ,,თავთავის” ერთ-ერთ წევრთან ინახებოდა სასაწყობო მოწმობა. მას სხვა წევრების თანხმობის გარეშე არ ჰქონდა ხორბლის გასხვისების ან დაგირავების უფლება. ამის მიუხედავად, მან ბანკიდან აიღო სესხი და დააგირავა სასაწყობო მოწმობა. ბანკს კეთილსინდისიერად ეგონა, რომ სასაწყობო მოწმობის მესაკუთრე იყო მხოლოდ კონსორციუმის აღნიშნული წევრი. ასეთ შემთხვევაში დანარჩენი წევრების პრეტენზიის მიუხედავად, ბანკი დარჩება მოგირავნედ. კონსორციუმის აღნიშნული წევრის მიერ თვითნებური თვითნებური მოქმედბის შემდეგ, ყველა წევრმა, შეთანხმებით ,აღნიშნული ფასიანი ქაღალდი დააგირავა და სხვა ბანკისაგან აიღეს სესხი.
ახლა დგას საკითხი:
რომელი მოგირავნის უფლება უნდა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში? პირველი მოგირავნისა, რომელიც მხოლოდ კეთილსინდისიერია თუ მეორე მოგირავნისა, რომელიც მართლზომიერი მოგირავნეა ?
სსკ-ის 257-ე მუხლის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე ჯერ დაკმაყოფილდება კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლება. ეს მუხლი გაუქმებულია.
იბადება კითხვა: ახლანდელი სამართალი იცავს თუ არა კეთილსინდისიერ მოგირავნეს?
ეს უნდა გავაანალიზოთ კეთილსინდისიერი შემძენის მდგომარეობიდან. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი კეთილსინდისიერ შემძენს მხოლოდ, მაშინ იცავს, როცა ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის. როცა ნებით გამოდის, ვთქვათ მესაკუთრემ ვინმეს შესანახად მიაბარა ნივთი, ამ შემთხვევაში როცა კეთილშემძენმა შემნახველისაგან შეიძინა ნივთი, საკუთრებაში რჩება მას. წარმოვიდგინოთ, რომ იგივე შემნახველისაგან მან ეს ნივთი გირაოს სახით მიიღო, კერძოდ, რეგისტრირებული გირავნობით და ამ ფაქტის წინაშე იგი კეთილსინდისიერია.
იბადება კითხვა: თუ კეთილსინდისიერ შემძენს შეუძლია საკუთრებაში დაიტოვოს ნივთი ,ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას გირაოზე უფლება?
მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადგან  257-ე მუხლი გაუქმებულია, ანალოგიის წესით შეგვიძლია გამოვიყენოთ 187-ე მუხლი.

სისხლის სამართლის პრინციპები

სისლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც კანონმდებელი უნდა დაემორჩილოს. სისხლის სამართლის კანონი ამ მოთხოვნების მიხედვით უნდა აიგოს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი კანონმდებლის საქმიანობას განსაზღვრავს და მათ მნიშვნელობა აქვთ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას.

კანონიერების პრინციპი
კანონიერების პრინციპი სამართლის ზოგადი პრინციპია, მაგრამ იგი სპეციფიკურად ვლინდება სისხლის სამართალში. ამ პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს გათვალისწინებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კანონში. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად ითვლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ქმედება.  ეს იმასაც ნიშნავს, რომ ანალოგია სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ასპექტით გამორიცხულია. ნორმის ანალოგიის წესით გამოყენება არაა გამორიცხული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.  სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში ცალ-ცალკე არაა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, რაც გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ გარემოებათა დადგენას. თუ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს უნდა მიეცეს შეზღუდული ახსნა-განმარტება, შემამსუბუქებელს პირიქით ფართო ახსნა-განმარტება უნდა მიეცეს, რაც თავის მხრივ ანალოგიის წესით კანონის გამოყენებასაც გულისხმობს. კანონიერების პრინციპი სისხლის სამართალში ვლინდება სასჯელის ასპექტითაც. საჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში,ანუ ამ ჩამონათვალში მოუხსენიებელი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია.  ქმედების დანაშაულებრიობა განისაზღვრება სსკ-ს კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. გამონაკლისია სსკ-ს კანონის უკუძალა, რაც  ნიშნავს ახალი კანონის გამოყენებას ამ კანონის ძალაში შესვლამდე ჩადენილი ქმედების მიმართ, თუ ეს ახალი კანონი აუქმებს ძველი კანონით ჩადენილი ქმედების დასჯადობას.. სისხლის სამართალი ქმედების სამართალია. აღსანიშნავია,რომ  დანაშაულებრივი ქმედება სუბიექტის ნებელობითი საქციელისგან მოწყვეტით შეუძლებელია.  კრიმინალიზაციის ობიექტია არა მარტო ნების გარეგანი აქტი, არამედ სუბიექტის ქცევის ფსიქიკურ საზრისში გამოხატული მისი პასუხისმგებლობაც. კრიმინალიზაციის ობიექტი შერაცხადი პირის ქმედებაა.

 

Continue reading