Tag Archives: დამთავრებული დანაშაული

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

   თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. თუ პირმა მიუხედავად აქტიური მცდელობისა დანაშაული ვერ აიცილა, დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება პირის უმოქმედობითაც დასაშვებია (მაგალითად პირმა ერთხელ გასროლით ტყვია ვერ მოარტყა და მეორედ აღარ ისროლა). დამთავრებული მცდელობის შემთხვევებში პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაბუთებულია ე.წ. „ოქროს ხიდის“ თეორიით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: კანონმდებელი პირს აძლევს შანსს , თუ მან ხელი აიღო დამთავრებული მცდელობის სტადიაზეც კი დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე და თავიდან აიცილა სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.  აქვე განვიხილოთ შემთხვევა, როცა ა–მ სცადა მოეკლა ბ, მაგრამ ბ გადარჩა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ამ შემთხვევაში ა დაისჯება ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოქმედობით დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია განვითარდა. 1) ე.წ. ცალკეული აქტის თეორია – პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მდელობისათვის, თუ მან თავისი წარმოდგენით შედეგის მისაღწევად ვარგისი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითი : ა–მ ესროლა ბ–ს ტყვია და ბ–ს ტყვია აცდა. ამ შემთხვევაში პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მცდელობისათვის, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას შემდეგი მოქმედებით მიზნის მიღწევის საშუალება.  ამ თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ პირი არ გათავისუფლდება დანდობისთვის, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა. 2) ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია – დასჯად ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა ტავდაპირველ ქმედებას დანაშაულებრივი შედეგი არ მოჰყოლია, და ასევე პირს შედეგის მიღწევის სხვა საშუალება აღარ გააჩნდა.

დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. აქვე უნდა ვახსენოთ კრიმინალპოლიტიკური თეორია, რომელიც ასაბუთებს ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის დაუსჯელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია წახალისებისა და სასჯელის მიზნების თეორიები.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენლობა, ფუნქციები და სახეები. დანაშაულის კატეგორიები


    სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული. დანაშაულის ცნება კი აგებულია დანაშაულის სამსაფეხურიან სისტემაზე. დანაშაულის სისტემის ელემენტებია: ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი. მართლწინააღმდეგობა უნდა გავიგოთ როგორც წინააღმდეგობა კულტურის ნორმებისადმი, ხოლო ბრალი, როგორც ნორმატიული შეფასებითი კატეგორია.

დანაშაულის ცნება

თანამედროვე ქართულ სამართალში არსებობს დანაშაულის ჩადენის 6 სხვადასხვა შესაძლო შემთხვევა. ეს შემთხხვევებია:
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული
-მოქმედებით ჩადენილი გაუფრტხილებლობითი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დაუმტავრებელი დანაშაული
-უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული

დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
მოძღვრება დანაშაულზე შეისწავლის ქმედების დასჯადობის სამართლებრივ საფუძველს. დანაშაულის ზოგადი მოძღვრება განსაზღვრავს იმ ელემენტებსა და მის შემადგენელ ნიშნებს, რომლებიც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, რის გამოც ისინი წარმოადგენენ დანაშაულის სისტემის აგებულების ნაწილებს.

                        ქმედების შემადგენლობა

თავდაპირველად განიხილება ქმედების ობიექტური შემადგენლობა, რაც წარმოდგენილია შემდეგ სახეებში:
ა)ქმედების სუბიექტი(მოქმედება ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ ან იურიდიული პირის მიერ)
ბ)ქმედების ობიექტი(ქმედების შედეგად ზიანი მიადგა სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს)
გ)ქმედება და შედეგი
დ)მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის(მიზეზობრიობის პირობათა თეორია)
ე)შედეგის ობიექტური შერაცხვა
ვ)ქმედების შემადგენლობის სხვა ობიექტური ელემენტები: დრო, ვითარება, საშუალება და ა.შ
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:
ა) განზრახვა(ე.წ. არაბორიტი განზრახვა), მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე ფართო გაგებით. ეს იმას ნიშნავს რომ განზრახ მოქმედებს არა მარტო ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისიც, ვინც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ქმედების შემადგენლობის ელემენტი განზრახვა(ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა და ნებელობა) ბოროტ განზრახვად იქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალის ეტაპზე დადგინდება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების შეგნება.
ბ)ქმედების შემადგენლობის სხვა სუბიექტური ელემენტები და ა.შ
გ) აქვე უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი ხასიათის შეცდომები
2)მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია:
1.აუცილებელი მოგერიება
2.დამნაშავის შეპყრობა
3.უკიდურესი აუცილებლობა
4.მართლზომიერი რისკი
5.მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებანი, დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა კოლიზია და ა.შ.)
3)ბრალი
ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებებია:
1.ბრალუუნარობა(შეურაცხადობა)
ა)ასაკის გამო(14 წელს მიუღწევლობა)
ბ)ფსიქიკური მდგომარეობის გამო(ფსიქიკის დროებითი აშლილობა ან ქრონიკული ფსიქიკური დაავადება)

2.შემცირებული ბრალუნარიანობა(შეზღუდული შერაცხადობა). იგი ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
3.მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ვიწრო გაგებით-სამართლებრივი შეცდომა(შეცდომა აკრძალვაში, როცა პირმა არ იცის ბლანკეტური ნორმის შინაარსი ან შეცდომას უშვებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების სამართლებრივ მხარეზე, როცა მას გონია, რომ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ისეთი გარემოება, რომელიც მის მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობას გამართლებულად მიიჩნევს)
4.განზრახვის ელემენტის: მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ფართო გაგებით შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების ფაქტობრივ მხარეზე, მაგალითად, მოჩვენებითი მოგერიების დროს. როცა პირს ჰგონია, რომ იგერიებს რეალურ თავდასხმას, სინამდვილეში კი ასეთს ადგილი არ აქვს)
5.ბრძანების ან განკარგულების შესრულება, თუ არსებობს გარკვეული პირობები(ე.წ. პირობათა თეორია)
6.ბრალის გამომრიცხველი სხვა ზეკანონური გარემოებები(ნორმის შესაბამისი შესრულების მოტხოვნის შეუძლებლობა:ტრაგიკული კოლიზია,რომელიც შეიძლება გამოიხატოს საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობაში, მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობასა და სხვა მსგავსი შინაარსის გარემოებებში)

Continue reading