Tag Archives: დანაშაული

განრიდება და მედიაცია

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმია, რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს.

ამ ინსტიტუტის შემოღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერიალიზაციისაკენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ნასამართლევ, პირობით მსჯავრდებულ პირთა და პატიმართა რაოდენობის შემცირება, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს რესურსების დაზოგვა.

  • განრიდების და მედიაციის პროგრამის შინაარსი

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და გადასცემს მას არასრულწლოვანის საქმეს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს, რის საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელი პირობის შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ, მედიაციის ფარგლებში, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს მოიცავს, მხარეები შეთანხმდებიან სამოქალაქო ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის არასრულწლოვანის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დაზარალებული. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები  დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.

არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. თუმცა შესაძლოა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული ეს ერთი შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამოსილია  დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვანის მიმართ.

აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია არასრულწლოვანს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროგრამა ემსახურება დაზარალებულების კმაყოფილების დონის გაზრდასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ  ჩართვას.

  • პროგრამის გავრცელების არეალი

პროგრამა თავდაპირველად მოიცავდა საქართველოს ოთხ ქალაქს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 2011 წლის ნოემბერში დაემატა ორი ქალაქი: გორი და სამტრედია, ხოლო 2012 წლის თებერვალში 9 ახალი ქალაქი: მცხეთა, კასპი, გარდაბანი, წყალტუბო, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ვანი და ქობულეთი. 2013 წელს დაემატა 10 ქალაქი: ხაშური, ქარელი, მარნეული, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი და მესტია.

2013 წელს პროგრამა გავრცელდება საქართველოს სრული მასშტაბით.

  • განრიდებული არასრულწლოვნების სტატისტიკა

2010 წელი – 2 არასრულწლოვანი

2011 წელი – 81 არასრულწლოვანი

2012 წელი – 120 არასრულწლოვანი

2013 წლის I კვარტაკლი – 25 არასრულწლოვანი

  • სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა

სრულწლოვანთა განრიდება, როგორც სისხლისამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში დაინერგა 2011 წლის 25 ოქტომბრიდან.

სრულწლოვანთა განრიდება – პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოიყენება, თუკი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი ან უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე მთავრდება ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე.

თავის მხრივ, პირი მზად უნდა იყოს, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული გარკვეული პირობები: სახელმწიფოს გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, ან აანაზღაუროს ამ ქონების ღირებულება; ჩააბაროს დანაშაულის იარაღი; სრულად, ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანი; უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.

  •  განრიდებული სრულწლოვნების სტატისტიკა

2011 წელი – 130 სრულწლოვანი

2012 წელი- 1247 სრულწლოვანი

2013 წლის I კვარტაკლი – 279 სრულწლოვანი

ბრალდებული

1.1. ბრალდებულის ცნება

 დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება, თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

განსხვავებით ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისაგან, მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა ჩამოაყალიბა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია. პირი რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (რომელიც იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე, იხ. სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებულად მოიხსენიება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე. აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ანიჭებდა სხვადასხვა პროცესუალურ სტატუს სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე. კერძოდ, თავდაპირველად ეჭვის არსებობის შემთხვევაში მას პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირის დადგენილებით ენიჭებოდა ,,ეჭვმიტანილის~ სტატუსი, შემდეგ მას სცნობდნენ ,,ბრალდებულად~ და როდესაც საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემოდა, იგი ხდებოდა ,,განსასჯელი~. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ,,ბრალდებულის~ ერთიანი სტატუსი მოიცავს როგორც ,,ეჭვმიტანილის~, ისე ,,განსასჯელის~ ფორმალურ ნიშნებს, რის შედეგადაც დაცვის მხარე მთელი პროცესის განმავლობაში გვევლინება ფართო უფლებებით აღჭურვილ პროცესის აქტიურ სუბიექტად. პირი აღნიშნული სტატუსით და შესაბამისი უფლებებით სარგებლობს მის მიმართ დევნის დაწყებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე. თუ სასამართლო ბრალდებულის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს, ეწოდება მას ,,გამართლებული~. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, იგი გვევლინება ,,მსჯავრდებულად~.

 1.2. პირის ბრალდებულად ცნობა

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს, ნებიემიერ შემთხვევაში სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება, რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით. თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი. ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით. თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის ადვოკატის მეშვეობით. ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად.

კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი, კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად, პირს ბრალი ჰქონდა წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

Continue reading

მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი

მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის ძირითად წყაროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებივ ღონისძიებას. იმისათვის, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმები ფუნქციის გარეშე არ დარჩნენ და სისხლის სამართლის მიზნები განხორციელდეს (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვაში მდგომარეობს), სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული პროცესის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება. აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი ნორმები ამავდროულად მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცალკეული ინდივიდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ზუსტად განისაზღვროს პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება და მათი მოქმედების ფარგლები. სწორედ ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიან სისხლის საპროცესო სამართალს, იგივე ფორმალურ სისხლის სამართალს, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მაშასადამე, მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ავსებენ ერთმანეთს. ის, რაც მატერიალურ სისხლის სამართალას არ მიეკუთვნება, გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინ სისხლის საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმებით და პირიქით. ამ ორ მათგანს შორის მჭიდრო კავშირი მით უფრო იკვეთება, თუკი სისხლის სამართალს სამართლის სხვა დარგებს შევადარებთ. სამართლის სხვა დარგებში მატერიალური სამართალი მოქმედებს და ფუნქციონირებს ყოველგვარი პროცესის გარეშეც. როგორც წესი, ხელშეკრულებების უმეტესობა სრულდება (Pacta sunt servanda) და დავის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება საქმე პროცესამდე არც კი მივიდეს. განსხვავებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისაგან, სადაც ერთი მხარის ,,მოთხოვნას” მეორე მხარე როგორც წესი ნებაყოფლობით აკმაყოფილებს და პროცესს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, სისხლის სამართალში პროცესის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ნებაყოფლობით ცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, სისხლის სამართლის პროცესის გარეშე ვერ დაეკისრება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე აბსოლიტური მონოპოლია, შეძლოს დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე სისხლის საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამრიგად, სისხლის სამართალში, განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისაგან, მატერიალური სამართლის ნორმათა მოთხოვნები ფორმალური სამართლის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესრულდება.

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

   თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. თუ პირმა მიუხედავად აქტიური მცდელობისა დანაშაული ვერ აიცილა, დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება პირის უმოქმედობითაც დასაშვებია (მაგალითად პირმა ერთხელ გასროლით ტყვია ვერ მოარტყა და მეორედ აღარ ისროლა). დამთავრებული მცდელობის შემთხვევებში პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაბუთებულია ე.წ. „ოქროს ხიდის“ თეორიით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: კანონმდებელი პირს აძლევს შანსს , თუ მან ხელი აიღო დამთავრებული მცდელობის სტადიაზეც კი დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე და თავიდან აიცილა სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.  აქვე განვიხილოთ შემთხვევა, როცა ა–მ სცადა მოეკლა ბ, მაგრამ ბ გადარჩა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ამ შემთხვევაში ა დაისჯება ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოქმედობით დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია განვითარდა. 1) ე.წ. ცალკეული აქტის თეორია – პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მდელობისათვის, თუ მან თავისი წარმოდგენით შედეგის მისაღწევად ვარგისი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითი : ა–მ ესროლა ბ–ს ტყვია და ბ–ს ტყვია აცდა. ამ შემთხვევაში პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მცდელობისათვის, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას შემდეგი მოქმედებით მიზნის მიღწევის საშუალება.  ამ თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ პირი არ გათავისუფლდება დანდობისთვის, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა. 2) ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია – დასჯად ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა ტავდაპირველ ქმედებას დანაშაულებრივი შედეგი არ მოჰყოლია, და ასევე პირს შედეგის მიღწევის სხვა საშუალება აღარ გააჩნდა.

დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. აქვე უნდა ვახსენოთ კრიმინალპოლიტიკური თეორია, რომელიც ასაბუთებს ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის დაუსჯელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია წახალისებისა და სასჯელის მიზნების თეორიები.

სასჯელის ცნება და მიზნები

სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანდაშაულის ჩამდენ პირს.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქვიას ბრალის ხარიხსის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აბსოლუტური თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, პრევენციული თეორიის მიხედვით კი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავვის რესოციალიზაცია. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური გენერალური პრევენცია – ნორმის ადრესატების მიერ კანონისა და სამართლისადმი პატივისემის გრძნობის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას. რაც შეეხება ნეგატიურ გენერალურ პრევენციას, იგი ორიენტირებულია დამნაშავის დაშინებისაკენ და უარყოფილ იქნა.                        

სასჯელი გახლავთ სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. ის სახემწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ იგი იძულებითი ხასიათისაა. იგი მხოლოდ ისეთი ქმედებისათვის შეიძლება დაინიშნოს, რომელიც მიჩნეულია სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად. სასჯელი მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება დაინიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი არის პირის გაკიცხვა მისი ქმედებისათვის და იწვევს განსაკუთრებულ სამართლებრივ შედეგს – ნასამართლეობას. სასჯელს მკაცრად პერსონალური ხასიათი აქვს.  გულისხმობს პირის ზნეობრივ გაკიცხვას, ასევე მისთვის ერთგვარი ტანჯვის მიყენებასაც, მისი პირადი თუ ქონებრივი უფლებების შეზღუდვას. ყოველი სასჯელი მეტნაკლებად ასეთ ტანჯვას შეიცავს, ხოლო თუ არა –  მაშინ სასჯელი არც ყოფილა. სწორედ ამიტომ იქნა უარყოფილი საზოგადოებრივი გაკიცხვა. ტანჯვა ხომ სასჯელის ელემენტია, ხოლო საზოგადოებრივ გაკიცხვაში ეს ელემენტი არ არსებობდა. შესაბამისად, სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც ინიშნება სასამართლოს განაჩენით და შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს და გამოიხატება ამ პირისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევასა და შეზღუდვაში.

არსებობს აბსოლუტური და რელატიური თეორიები. აბსოლუტური თეორია დაკავშირებულია წარსულთან და სჯის წარსულში ჩადენილ ქმედებისათვის, ხოლო რელატიური მომავალზეა ორიენტირებული, რომ მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები.  სასჯელის აბსოლუტური თეორია არის სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. იგი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად ისჯება ისეთი პირიც, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა. სასჯელის სპეციალური ენციის თეორიის მიხედვით, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. გამოყოფენ ამ თეორიაში ნეგატიური და პოზიტიურ ასპექტებს.  ნეგატიური სპეციალური პრევენციის თეორიის მიხედვით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს გამოუსწორებელი დამნაშავისაგან, უნდა მოხდეს მისი იზოლირება რათა ხალხი დაცული იყოს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისაგან. პოზიტიური სპეციალური პრევენცია კი, მიზნად ისახავს დამნაშავის საზოგადოებაში დაბრუნებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაგ.: პირობითი მსჯავრი. სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიის მიხედვით კი დამნაშავე არის საყოველთაო კეთილდღეობის ინსტრუმენტი. სასჯელის მიზანი მხოლოდ ხალხის დაშინებაა. სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენციის თეორია სამართლის ერთგულების მიღწევასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იგი უყურადღებოდ ტოვებს დამნაშავის პიროვნებას. აუცილებელია აღნიშნული თეორიების ურთიერთშერწმა და სინთეზი. მთავარია რომ დამნაშავე არ იყოს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, არამედ უნდა დაისაჯოს თავისი ქმედებისათვის, ბრალის ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.

თანამონაწილეობის ცნება და ფორმები

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზარხი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სუბიექტებია (ფორმებია)  : ორგანიზარორი, წამქეზებელი და დამხმარე. თუ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ამდენიმე პირი, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს თუ ვინ ჩაიდინა ძირითადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რათა იგივე უმართლობისათვის დადგინდეს თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განასხვავებენ თანამონაწილეობას ფართო და ვიწრო გაგებით.ფართო გაგებით თანამონაწილეობა ნიშნავს დანაშაულში თანამონწილეობას როლების დაუნაწილებლად, ვიწრო გაგებით კი თანამონაწილეობა გულისხმობს როლების დანაწილებას  დანაშაულის მონაწილეთა შორის (მაგ:ორგანიზატორი, წამქეზებელი , დამხმარე).თანამონაწილეობას ახასიათებს აქცესორულობა, რაც ნიშნავს იმას რომ თანამონაწილე დაისჯება იმ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის რაც ჩაიდინა ამსრულებელმა.სსკ-ში გვხვდება დანაშაულის ისეთი შემადგენლობა სადაც თანამონაწილეობის გარეშე შემადგენლობა ვერ განხორციელდება, ასეთია მაგ:ქრთამის აღება. 

                        თანამონაწილეობის დასჯადობის დაფუძველი:
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ.ამ ფიზიკურ პირებში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის ამსრულებელი პირი,არამედ თანამონაწილეც, რომელიც უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამთავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იწყება 18 წლიდან. პირი უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ, ა) ჩაიდენს დანაშაულს პირადად, სხვა პირთან ერთად ან სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ბ) უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამტავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. გ) აღნიშნული დანაშაულის ჩადენს გაადვილების მიზნით დახმარებას უწევსმ აქეზებს ან სხვაგვარად ხელს უწობს მის ჩადენას ჩადენის მცდელობას, მათ შორის – მისი ჩადენისათვის საშუალებათა მიწოდებით; დ) განზრახი ქმედებით ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას; ე) გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს გენოციდის ჩასადენად; ვ) ეცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თუ პირი უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად ხელს შეუშლის მის ბოლომდე მიყვანას, არ დაისჯება.  დასჯადია როგორც დამთავრებული დანაშაული, აგრეთვე დანაშაულის მცდელობა.

Continue reading

მართლწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოებები

მართლწინააღდეგობა, მარტივად რომ ავხსნათ, ნიშნავს იმ ნორმების დარღვევას, რომლებიც კანონშია გათვალისწინებული. მართლწინააღდეგობა დანაშაულის ერთ-ერთი ელემენტია და დანაშაული მის გარეშე არ არსებობს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, მაგრამ “დამნაშავის” პასუხისმგებლობა არ დგება, რადგან იგი მოქმდებედა ისეთ გარემოებაში, რომელიც გამორიცხავს მართლწინააღდეგობას. მართლწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია: აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, დამნაშავის შეპყრობა, მართლზომიერი რისკი და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები.  

 აუცილებელი მოგერიება
____________________________

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიელებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აუცილებელი მოგერიება ორი სახისაა: აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება. აუცილებელი მოგერიება შედგება 3 ნიშნისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი.ზოგჯერ არსებობს მეოთხე პირობაც, რომელიც მდგომარეობს სოციალურ–ეთიკურ შეზღუდვაში(მაგ: ბაღში ვაშლის მოპარვა) აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანია: უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება: 1)სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა;
2)ხელყოფის იმწუთიერება;
3)ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც გულისხმობს ხელყოფის რეალურ(ობიექტურ) ხასიათს. განვიხილოთ ცალ–ცალკე:

Continue reading

პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მერვე მუხლი განსაზღვრავს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და შეზღუდვის კრიტერიუმებს.

european convention on human rights and freedom ARTICLE 8

მუხლი 8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
  2.  დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ევროკონვენციის მე–8_მე–11 მუხლები ძალიან სპეციფიკურია თავისი შინაარსის მიხედვით. მუხლშივეა მოცემული რა საფუძვლების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს  მუხლით დაცული სიკეთე.

პირადი ცხოვრების უფლება ზღუდავს სახელმწიფოს და ავალდებულებს მას მინიმალურად ჩაერიოს პირის განვითარების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, თუ ამას მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობა არ განაპირობებს. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლისაგან საზოგადოებრივ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში

Continue reading

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?