Tag Archives: ინდივიდუალური აქტი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

      ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

Continue reading