Tag Archives: კონსტიტუცია

უდანაშაულობისა პრეზუმფცია

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის  მე-2 პუნქტი). უდანაშაულობის პრეზუმფციას, როგორც სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპის გამოხატულებას, ვხვდებით აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გათვალისწინებულია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია ადგენს ასევე, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ბრალის დამტკიცების გარეშე არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი. ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დარწმუნდება მის ბრალეულობაში. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.  In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში. აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს  ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჭენოდა. ეს ვალდებულება სასამართლოს მაშინ უჩნდება, თუკი მას შესაბამისი ეჭვი ფაქტობრივად გააჩნია.

Advertisements