Tag Archives: მიკრო ბიზნესი

ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

ჩვენი ბლოგის Facebook გვერდზე ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან ხოლმე ინდ. მეწარმეობისა და მიკრო ბიზნესის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, რეგისტრაციის წესებს. ამიტომ გადავწყვიტე ეს ზოგადი ინფო ერთ პოსტად ჩამომეყალიბებინა.

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია ხდება მაშინ, როცა პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ინდივიდუალური საწარმოს მაგალითებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

  1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
  2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს;
  3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  5. სათამაშოO ბიზნესი.
  6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
  7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა

მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირმა განცხადებით უნდა მიმართაოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის – http://www.rs.ge-ს მეშვეობით.