Tag Archives: ორგანიზაცია

საერთაშორისო ორგანიზაციების ცნება, სახეები და იურიდიული ბუნება

საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივი სახელმწიფოთშორისო დაწესებულებებია, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ან უვადოდ იქმნება პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებად.

სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტიდ – სუვერენული სახელმწიფოების მიერ, რომელნიც განსაზღვრავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციასა და სტრუქტურას, მის საერთაშორისო – სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას. ასეთი ორგანიზაციის ყოველი წევრი მოქმედებს მოცემული ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით.

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება რამდენიმე სახელმწიფოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან პირების მიერ. მას არ გააჩნია საერთაშორისო – სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა.

სამთავრობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედით ინსტიტუტს წარმოადგენენ. მათ საქმიანობაზეა პირველ რიგში დამოკიდებული მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხები, ამავე  დროს, შეცდომა იქნებოდა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების როლის უგულებელყოფა თანამედროვე სამყაროში. მშვიდობის დაცვის საქმეში ამ ორგანიზაციებს უაღრესად დიდი როლი ეკუთვნის.

განასხვავებენ უნივერსალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა სახის საკითხების მოწესრიგება მსოფლიოს ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით.

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავენ გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის სახელმწიფოებს და ამ რაიონის უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნებს ემსახურებიან.

ამის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კომპეტენციის მიხედვით – ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნებიან ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საკითხთა ფართო სპექტრის რეგლამენტაცია, ხოლო სპეციალიზებული ორგანიზაციები ვიწრო, სპეციალური დანიშნულების საკითხების მოწესრიგებას ემსახურებიან.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლეიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

      ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. კონკრეტულია პირთა წრე, თუ გარკვეულია,თუ ვის ეხება ის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართულ ან შეეხებოდეს ცალკეულ შემთხვევებს. ეს ნიშანი ახასიათებს მას, როგორც ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ემსახურება მის გამიჯვნას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან, რომელიც ქცევის ზოგად წესს ადგენს. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამიჯვნისთვის არსებით მნიშვნელობა აქვს მოწესრიგების ორ სტრუქტურულ ელემენტს: ადრესატთა წრესა და კონკრეტულ შემთხვევას. მოწესრიგების ადრესატთა წრე განისაზღვრება ინდივიდუალურად ან გენერალურად, შემთხვევა კი აღიწერება კონკრეტულად ან აბსტრაქტულად .ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის ზღვარი არ განისაზღვრება პირთა რაოდენობაზე, იგი დამოკიდებულია იმაზე, განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე. კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ერთჯერადია. აბსტრაქტული სამართლებრივი აქტი კი საქმის გარემოებებს ზოგადად და მის საფუძველზე ასახავს.

      აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივი შედეგისკენ (მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც სამართლებრივი მოწესრიგებისკენ არის მიმართული. მოწესრიგების არსი მდგომარეობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს. თუ სახეზე პირდაპირი სამართლებრივი შედეგი, მმართველობითი ღონისძიება რეალაქტად იწოდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება: ა) გამოცემის ფორმის მიხედვით აქტი შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი სახის, რასაც სზაკ-ის 51-ე მუხლი უშვებს. მმართველობით პრაქტიკაში ის დუმილის ან კონკლუდენტური მოქმედების სახითაც შეიძლება შეგვხვდეს. ბ) ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი ხასიათის, რომელიც აწესებს ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას, და პირის უფლების ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დამდგენი აქტი. გ) ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით ასხვავებენ აღმჭურველსა და შემზღუდველ აქტებს. აღმჭურველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს. მისგან განსხვავებით, შემზღუდველი აქტი ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს.