Tag Archives: რეგისტრაცია

აღნაგობის უფლების ცნება და შინაარსი

სსკ-ის 223-ე მუხლის განმარტებით, აღნაგობის უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. ამ ინსტიტუტის ეტიმოლოგია შედარებით გვიანდელია. ქართულ ლექსიკონებში გვხვდება „აღნაგი“, რომელიც ნაშენისა და აგებულების აზრით გამოიყენება. ტერმინი აღნაგობაც სწორედ რომ აქედან წარმოებულად უნდა მივიჩნიოთ.

რომის სამართალში აღნაგობის უფლების შესატყვისი ინსტიტუტი იყო „superficies“. იგი წარმოადგენდა სამემკვიდრეო და გასხვისებად უფლებას. სახლის აშენება ხდებოდა მიწის ნაკვეთის დამქირავებლის, იგივე სუპერფიციარის მიერ. ნაგებობაზე საკუთრების უფლებას კი იძენდა მისი ნაკვეთის მესაკუთრე. აღნაგობის უფლება ფართოდ ყოფილა გავრცელებული ინგლისში. ამ უფლების საფუძველზე აშენებულა ქალაქები, მათ შორის ლონდონის დიდი ნაწილი. ინგლისში თავდაპირველად საამშენებლო მიწევის გაცემა ხდებოდა 999 წლით, შემდგომ 99 წლით, ბოლოს კი 70-80 წლით.

აღნაგობის უფლება შეზღუდული სანივთო უფლებაა, რომლითაც დატვირთულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამგვარად, მიწის ნაკვეთია აღნაგობის უფლების საგანი. დატვირთვის საგანს შეიძლება შეადგენდეს ის ნაკვეთიც, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაკვეთით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას,ანუ აღნიშნული უფლება ვრცელდება არა მარტო იმ ნაკვეთზე, რომელიც ნაგებობის საამშენებლოდაა გამიზნული, არამედ იმაზც, რომელიც თავისი სამერუნეო დანიშნულებით ემსახურება ამ ნაგებობას ( ბაღ-ბოსტანი, ეზო, გარაჟი). როგორც წესი, აღნაგობის საგანი მთელი ნაკვეთიც რომ იყოს, მეაღნაგეს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიით. დანარჩენით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ 233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

შეიძლება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე წარმოიშვას საერთო აღნაგობის უფლება. არაა აუცილებელი ეს ნაკვეთები იყოს მომიჯნავე. ასევე შეიძლება ერთი აღნაგობის უფლება დატვირთული იყოს მეორე აღნაგობის უფლებით, როგორც დაქვემდებარებული აღნაგობის უფლებით. თავისი არსებით ეს უკანასკნელი აღნაგობის უფლებ დამოკიდებულია ძირითად აღნაგობის უფლებაზე. როცა გავა ამ უფლების ვადა, შესაბამისად, წყდება დაქვემდებარებული აღნაგობის უფლებაც.

ნაგებობის ჰორიზონტალურად, ცალკეულ სართულებად დანაწილება და შესაბამისად მათზე აღნაგობის უფლების გავრცელება მიუღებელია. მთელი შენობაა აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებული და ამიტომაც, დაუშვებელია შენობის ნაწილი( ვთქვათ ათსართულიანი სახლის რამდენიმე სართული) გახდეს აღნაგობის უფლების საგანი. რაც შეეხება ერთმანეთის მიმყოლ ნაგებობათა ვერტიკალურად დანაწილებას, აქ აღნაგობის უფლება დასაშვებია დამოუკიდებელ და სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ნაგებობაზე.

აღნაგობის უფლებაში ვლინდება მისი ორმაგი ბუნება. საქმე იმაშია, რომ მიღებული პრინციპით მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს .აღნაგობის ვითარებაში კი, ეს ნაგებობა იმავდროულად ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად.

აღნაგობის განმავლობაში მიწის მესაკუთრე კვლავაც მესაკუთრედ რჩება და ნაგებობაზე საკუთრება არ ნაწილდება სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებად. აღნაგობისგან განსხვავებით, უზუფრუქტი და პირადი სერვიტუტი მემკვიდრეობით არ გადადის.

მეაღნაგეს მიწის ნაკვეთი სწორედ რომ ნაგებობის საამშენებლოდ ეძლევა. თუ სხვა მიზნით იქნება იგი გამოყენებული, აღნაგობის უფლება გაბათილდება. ნაგებობის ცნებაში იგულისხმება როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ნაგებობები. აღნაგობის უფლება დასაშვები უნდა იყოს ისეთ ნაკვეთებზეც, რომელზედაც დაუმთავრებელი ან დანგრეული შენობებია. ჩვენს სინამდვილეში მას ფართო გამოყენება ექნება. მეაღნაგე ვალდებულია, ააშენოს ნაგებობა. მეტიც, მეაღნაგეს ნაგებობის ნორმალურ მდგომარეობაში შენახვის ვალდებულებაც კი შეიძლება დაეკისროს. საჭიროა რომ ეს ვალდებულება საჯარო რეესტრში იქნეს შეტანილი.

აღნაგობის უფლება გარკვეული ვადითაა შეზღუდული.მისი მოქმედების ვადა მხარეთა შეთანხმებით დგინდება და არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს. ვადების განსაზღვრის ეს წესი ძნელად თუ აიხნსება რაიმე რაციონალური მოსაზრებებით. უბრალოდ ეშინოდათ მიწის გაცემა საუკუნოდ. ძველ დროში ხომ საუკუნოდ ითვლებოდა ათასწლეული, შემდგომ-ასწლეული. ამიტომაც ერთი წლით ნაკლები ვადით ხდებოდა მიწის გაცემა.

აღნაგობის უფლება, როგორც სანივთო უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. იგი საჯარო რეესტრში შეიტანება როგორ პირველი რიგის უფლება სხვა სანივთო უფლებებს შორის . ვთქვათ, მიწის ნაკვეთი უკვე დატვირთულია იპოთეკით ამის შემდეგ მოხდება მისი აღნაგობით დატვირთვა. ეს უკანასკნელი იქნება პირველი რიგის უფლეა და არა იპოთეკა, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში პირველად იპოთეკის რეგისტრაცია მოხდა.

გასხვისებადობა და მემკვიდრეობადობა აღნაგობის უფლების კონსტიტუციური ნიშნებია. მეაღნაგე თავისუფალია აღნაგობის უფლების განკარგვაში. მას შეუძლია, მესაკუთრის თანხმობის გარეშე ეს უფლება როგორც გაასხვისოს, ისე გაანათხოვროს და გააქირავოს. ასევე, კანონი უშვებს ამ თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებსაც. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს, რომ აღნაგობის უფლების გასხვისება ან გაქირავება მოხდება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. მთავარია საამისოდ არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. თუკი მეაღნაგე არაფრად ჩააგდებს ასეთი თანხმობის მიცემას და გაასხვისებს აღნაგობის უფლებას, ასეთი გასხვისება ჩაითვლება ბათილად.

ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

ჩვენი ბლოგის Facebook გვერდზე ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან ხოლმე ინდ. მეწარმეობისა და მიკრო ბიზნესის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, რეგისტრაციის წესებს. ამიტომ გადავწყვიტე ეს ზოგადი ინფო ერთ პოსტად ჩამომეყალიბებინა.

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია ხდება მაშინ, როცა პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ინდივიდუალური საწარმოს მაგალითებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

  1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
  2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს;
  3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  5. სათამაშოO ბიზნესი.
  6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
  7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა

მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირმა განცხადებით უნდა მიმართაოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის – http://www.rs.ge-ს მეშვეობით.

უძრავი ნივთის შეძენისა და გასხვისების წესები

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა ნაგებობები , რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია:

  • ნასყიდობის ხელშეკრულება;
  • ჩუქების ხელშეკრულება;
  • გაცვლის ხელშეკრულება;
  • პრივატიზება;
  • სამკვიდრო მოწმობა;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ა.შ.

უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.  უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი;
  • უფლების დამადასტურებელი საბუთი, ტექნიკური აღიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
  • სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების აღიარების შემთხვევაში, სათანადო კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი;
  • საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული პრივატიზების შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და სხვა;

განცხადებას შეიძლება თან დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებსაც საკითხის გადაწყვეტისთვის შეიძლება გარკეული მნიშვნელობაც ჰქონდეს.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენისთვის სვალდებულო არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადება. ამ მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე.

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის საჭირო საბუთების წარდგენის ხარჯები.  მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების საფუძველზე შეცვალონ ზემოთაღნიშნული პირობა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება განხხადების შეტანიდან 4 დღის ვადაში, ხოლო რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 50 ლარს.

    შპს და მისი რეგისტრაცია

    შპს  მსოფლიოში სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის წარმოშობას საფუძვლად დაედო ორი მიზეზი. პირველი, მისი შექმნის პროცედურა უფრო ადვილი იყო, ვიდრე სააქციო საზოგადოებისა; და მეორე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წევრობაზე დაფუძნებული საწარმოები კი არ არიან, არამედ მათ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შემოიფარგლება საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა, ე.ი. ამ საწარმოს პარტნიორები საზოგადოების ვალებზე სოლიდარულად კი არ აგებენ პასუხს, არამედ საწარმოს საწესდებო კაპიტალით. უმთავრესად, სწორედ ეს, მეორე მიზეზი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის საფუძველი, რადგან დამფუძნებლები ხშირად გაურბიან თავიანთი პირადი ქონებით პასუხისმგებლობას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალური საზოგადოებაა.  ფულადი შესატანის დროს, თანხა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ვალუტით. ფულადი შესატანის გარდა, საზოგადოებაში შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნას სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტის სახით, ე.ი. არაფულადი შესატანი. არაფულადი შესატანი გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების წესდებაში. მასში ასევე მითითებული უნდა იყოს არაფულადი შესატანის სახეობა და თითოეული პარტნიორის წილის ოდენობა. საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისათვის არაფულადი შესატანი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საზოგადოებას, მის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენოს და განკარგოს იგი. თუ არაფულადი შესატანის თავისუფლად გამოყენება შეუძლებელია, მაშინ შესატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება და საზოგადოებას შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.

    შპს იქმნება პარტნიორების კაპიტალის გაერთიანების შედეგად. მისი არსებობა არ არის მასში წევრობაზე დამოკიდებული და საზოგადოებიდან პარტნიორის გამოსვლა არ იწვევს მის ავტომატრად დაშლას. იგი შეიძლება დაარსოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი შეიძლება იყოს სახელმწიფოც. ამასთან, მისი დაარსება შეუძლია ერთ პირსაც. შპს-ს აქვს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოები – პარტნიორთა კრება და დირექტორატი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, ამ ფორმის საზოგადოებისათვის იგი ფაკულტატური ორგანოა, დამოკიდბულია პარტნიორთა შეთანხმებაზე, და თუ ეს ორგანო არსებობს, მაშინ მასზე ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის დადგენილი წესები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი ტარდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ. რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს საწესდებო კაპიტალის მეოცედი ნაწილის, ე.ი. ხუთი პროცენტის, მფლობელ პარტნიორს. კრების მოწვევისას, მითითებული უნდა იყოს კრების მიზანი, დღის წესრიგი და კრების მოწვევის საფუძველი. თუ ინიციატორი პარტნიორის ამ მოწვევას სხვა პარტნიორები ან დირექტორები არ გამოეხმაურებიან, მაშინ იგი თვითონ იწვევს ამ კრებას. კრების მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს წყვეტს საერთო კრება. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

    არსებობს საქმიანობა რომლებიც ლიცენზირებას და/ან ნებართვას საჭიროებენ
    ასეთ სახის საქმიანობა შპს შეუძლია აწარმოოს მხოლოდ შესაბამის ნებართვის/ლიცენზიის მიღების შემდეგ

    ხშირად ჩნდება კითხვები შპს-ს გადასახადებთან დაკავშირებით.  ყოველთვიურად შპს იხდის დასაქმებულის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს ხარჯების და შემოსავლები მიხედვით. თუ შემოსავალი იქნება მეტი ვიდრე ხარჯი მათი სხვაობიდან 20% მოგების გადასახადს მიეკუთვნება.  თუ წლიური ბრუნვა 100000 ლარს გადააჭარბებს, მაშინ შპს დღგეს გადამხდელად რეგისტრირდება და იხდის ყოველთვიურად დღგ-ს.

    როგრო ხდება შპს რეგისტრაცია?

    შპს -ს რეგისტრაცია 2010 წლის 1 იანვრიდან ხდება საჯარო რეესტრში. სარეგისტაციო  განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლულზე  შპს-ს რეგისტაცია

    იურიდიული პირები

    გამოთქმა “იურიდიული პირი” გერმანული წარმოშობისაა და პირველად გამოიყენა გუსტავ ჰუგომ.როგორც ჩანს ეს ტერმინი სწორედ მისი დამკვიდრებულია. პირი შეიძლება იყოს  იურიდიულიც – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამართლებრივი გაგებით მიიჩნევა ერთ კონკრეტულ ინდივიდად.

    ქართული სამართლის მეცნიერებაში იურიდიული პირის ნიშნები იმ სამართლის ნომრმებიდან გამოჰყავთ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო აქტებშია მიმობნეული და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავენ. იურიდიული პირების ცნების ლეგალურ დეფინიციას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. როგორც წესი, ის მხოლოდ არსებულ ნიშნებს განამტკიცებს.

    ყოველი იურიდიული პირი არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იურიიდული პირი ერთი პირის მიერ იქმნება, მაგალითად, შპს, იგი მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. იგივე ეხება ქონების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ იუირიდულ პირებს – ფონდებს.

    იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. გარდა ამისა ყოველ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურები – მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოების საშუალებით ახორციელებს თავის საქმიანობას იურიდიული პირი.

    განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთ კონსტიტუციურ ნიშნად არის მიჩნეული. იურიდიული პირის დაფუძნებისას,დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისთვის საჭიროებენ იმ ნორმატიულ-სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელსაც იურიდული პირი ეწოდება.

    იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ქონება და ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი ქონებისგან.დამოუკიდებელი ქონების არსებობაა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და წინაპირობა იურიიდული პირის წარმოშობისა. იგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგი თეორია მას გადამწყვეტადაც კი მიიჩნევდა.იურიიდული პირი ამ ქონების მესაკუთრეა. თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრებას არ წარმოადგენს. დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპის თანხმად, იურიდიული პირი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.

    სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის გაიოლების მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაყოფად იურიიდულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭებს მას შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე და ა.შ. მოკლედ, იყოს ყველა იმ ურთიერთობბიდ მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი მას განუსაზღვრავს.

    საქართველოს სამოქალაქო სამართალი, ისევე როგორც დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო სამართალი, კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმოშობად რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ამიტომ იურიიდული პირების რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს.

    ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნების თანახმად, იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობები წესდებაში იყოს ჩადებული. იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთერე როგორც ნივთების, ასევე უფლებებისა და მოთხოვნების, მფლობელი, ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე, კომერციული იურიდიული პირების პარტნიორი და ა.შ. ე.ი იურიდიულ პირებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში რომელსაც კანონი არ უკრძავს.იურიდიული პირის უფლება უნარიანობა და ქმედუნარიანობა, განსხვავებით ფიზიკური პირებისგან ერთდროულად წარმოიშვება.იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშვება მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის მომენტიდან.

    კანონი იურიდული პირების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, პირველი კარის მეორე თავში.