Tag Archives: სასჯელი

სასჯელის ცნება და მიზნები

სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანდაშაულის ჩამდენ პირს.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქვიას ბრალის ხარიხსის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აბსოლუტური თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, პრევენციული თეორიის მიხედვით კი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავვის რესოციალიზაცია. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური გენერალური პრევენცია – ნორმის ადრესატების მიერ კანონისა და სამართლისადმი პატივისემის გრძნობის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას. რაც შეეხება ნეგატიურ გენერალურ პრევენციას, იგი ორიენტირებულია დამნაშავის დაშინებისაკენ და უარყოფილ იქნა.                        

სასჯელი გახლავთ სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. ის სახემწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ იგი იძულებითი ხასიათისაა. იგი მხოლოდ ისეთი ქმედებისათვის შეიძლება დაინიშნოს, რომელიც მიჩნეულია სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად. სასჯელი მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება დაინიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი არის პირის გაკიცხვა მისი ქმედებისათვის და იწვევს განსაკუთრებულ სამართლებრივ შედეგს – ნასამართლეობას. სასჯელს მკაცრად პერსონალური ხასიათი აქვს.  გულისხმობს პირის ზნეობრივ გაკიცხვას, ასევე მისთვის ერთგვარი ტანჯვის მიყენებასაც, მისი პირადი თუ ქონებრივი უფლებების შეზღუდვას. ყოველი სასჯელი მეტნაკლებად ასეთ ტანჯვას შეიცავს, ხოლო თუ არა –  მაშინ სასჯელი არც ყოფილა. სწორედ ამიტომ იქნა უარყოფილი საზოგადოებრივი გაკიცხვა. ტანჯვა ხომ სასჯელის ელემენტია, ხოლო საზოგადოებრივ გაკიცხვაში ეს ელემენტი არ არსებობდა. შესაბამისად, სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც ინიშნება სასამართლოს განაჩენით და შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს და გამოიხატება ამ პირისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევასა და შეზღუდვაში.

არსებობს აბსოლუტური და რელატიური თეორიები. აბსოლუტური თეორია დაკავშირებულია წარსულთან და სჯის წარსულში ჩადენილ ქმედებისათვის, ხოლო რელატიური მომავალზეა ორიენტირებული, რომ მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები.  სასჯელის აბსოლუტური თეორია არის სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. იგი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად ისჯება ისეთი პირიც, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა. სასჯელის სპეციალური ენციის თეორიის მიხედვით, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. გამოყოფენ ამ თეორიაში ნეგატიური და პოზიტიურ ასპექტებს.  ნეგატიური სპეციალური პრევენციის თეორიის მიხედვით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს გამოუსწორებელი დამნაშავისაგან, უნდა მოხდეს მისი იზოლირება რათა ხალხი დაცული იყოს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისაგან. პოზიტიური სპეციალური პრევენცია კი, მიზნად ისახავს დამნაშავის საზოგადოებაში დაბრუნებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაგ.: პირობითი მსჯავრი. სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიის მიხედვით კი დამნაშავე არის საყოველთაო კეთილდღეობის ინსტრუმენტი. სასჯელის მიზანი მხოლოდ ხალხის დაშინებაა. სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენციის თეორია სამართლის ერთგულების მიღწევასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იგი უყურადღებოდ ტოვებს დამნაშავის პიროვნებას. აუცილებელია აღნიშნული თეორიების ურთიერთშერწმა და სინთეზი. მთავარია რომ დამნაშავე არ იყოს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, არამედ უნდა დაისაჯოს თავისი ქმედებისათვის, ბრალის ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?