Tag Archives: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ადმინისტრაციული წარმოების სახეები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად , ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე -ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება: მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. დაუშვებელია ერთი და იგივე აქტის გამოცემა ერთზე მეტი წარმოების სახის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოებისათვის გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. სზაკ-ის 72- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებიტ. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს: 1)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება. 2)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა 3)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტთა საკითხი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს აუცილებლად დგას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების მეორე მხარეს მდგარი სუბიექტების ჩამონათვალი მოცემულია სზაკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეების ცნებაში.

Continue reading

საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

public

თუ თქვენ გსურთ საჯარო ინფორმაციის მიღება, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისი მიღება ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან. ამ დროს, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობაშია ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია, ასევე, დედანში. თუ ინფორმაცია დაცულია სხვადასხვა ფორმით (ხელნაწერი, ნაბეჭდი,აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი და ა.შ), თქვენ უფლებამოსილი ხართ თავად აირჩიოთ, თუ რა სახით გსურთ ამ ინფორმაციის მიღება. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მისი გაცნობა ზედამხედველობის ქვეშ.

საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციას გასცემს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. აღნიშნული 10 დღიანი ვადა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც 1. მოთხოვნის უზრუნველყოფა საჭიროებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ერთეულიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის, აგრეთვე, დიდი მოცულობის სხვადასხვა დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;  2.ინფორმაციის მოთხოვნაზე უზრუნველყოფის გადაწყვეტილება საჭიროებს კონსულტაციას სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ერთეულთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უნდა გეცნობოთ დაუყოვნებლივ. უარის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით განგიმარტოთ თქვენი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა. ასევე, მიუთითოს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. საჯარო დაწესებულებას შეუძლია უარი გითხრათ ინფორმაციის გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. ამასთან, ინფორმაციის გასაიდუმლოება აღნიშნული მოტივებით არ შეიძლება, თუ კანონი პირდაპირ არ აწესებს მისი გასაიდუმლობის მოთხოვნას ან საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ჩამონათვალს.

საჯარო ინფორმაციის მიღება უფასოა. ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის გადახდა გეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასლის მიღება გსურთ და შესაბამისად, იხდით მხოლოდ იმ თანხის ოდენობას, რაც საჭიროა ასლის გადასაღებად.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლეიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

      ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. კონკრეტულია პირთა წრე, თუ გარკვეულია,თუ ვის ეხება ის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართულ ან შეეხებოდეს ცალკეულ შემთხვევებს. ეს ნიშანი ახასიათებს მას, როგორც ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ემსახურება მის გამიჯვნას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან, რომელიც ქცევის ზოგად წესს ადგენს. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამიჯვნისთვის არსებით მნიშვნელობა აქვს მოწესრიგების ორ სტრუქტურულ ელემენტს: ადრესატთა წრესა და კონკრეტულ შემთხვევას. მოწესრიგების ადრესატთა წრე განისაზღვრება ინდივიდუალურად ან გენერალურად, შემთხვევა კი აღიწერება კონკრეტულად ან აბსტრაქტულად .ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის ზღვარი არ განისაზღვრება პირთა რაოდენობაზე, იგი დამოკიდებულია იმაზე, განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე. კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ერთჯერადია. აბსტრაქტული სამართლებრივი აქტი კი საქმის გარემოებებს ზოგადად და მის საფუძველზე ასახავს.

      აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივი შედეგისკენ (მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც სამართლებრივი მოწესრიგებისკენ არის მიმართული. მოწესრიგების არსი მდგომარეობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს. თუ სახეზე პირდაპირი სამართლებრივი შედეგი, მმართველობითი ღონისძიება რეალაქტად იწოდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება: ა) გამოცემის ფორმის მიხედვით აქტი შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი სახის, რასაც სზაკ-ის 51-ე მუხლი უშვებს. მმართველობით პრაქტიკაში ის დუმილის ან კონკლუდენტური მოქმედების სახითაც შეიძლება შეგვხვდეს. ბ) ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი ხასიათის, რომელიც აწესებს ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას, და პირის უფლების ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დამდგენი აქტი. გ) ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით ასხვავებენ აღმჭურველსა და შემზღუდველ აქტებს. აღმჭურველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს. მისგან განსხვავებით, შემზღუდველი აქტი ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო

ნებისმიერი კანონი, იქნება ეს ნორმატიული აქტი, კოდექსი თუ სხვა, ვრცელდება კონკრეტულ სფეროზე. ამჯერად შემოგთავაზებთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მოქმედების სფეროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას იძლევა სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითთმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ეს ლეგალური დეფინიცია შედგება ორი ნაწილისგან: მისი პირველი ნაწილი მოიცავს ხელისუფლების რომელიმე შტოს (არსებითი არ არის, თუ რომელი შტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ესა თუ ის ორგანო) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საჯარო უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს საქმიანობას, რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, საეკლესიო და სასამართლო საქმიანობა და მართლმსაჯულება. მმართველობას ძირითადად აღმასრულებებლი ორგანოები ახორციელებენ, თუმცა ეს სფერო აღმასრულებელი ხელისუფლებით არ იფარგლება. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ შეიძლება იყოს როგორც კერძო პირი, რომელიც კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ახორციელებს საჯარო მმართველობას, ისე საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლება, როდესაც ის ორგანიზაციულ საქმიანობას ეწევა.

      სზაკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული ცნების ასახვაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოდექსის მოქმედების გავრცელებას (მესამე თავის გარდა) ზღუდავს შემდეგ ორგანოებზე: საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო (უშიშროების საბჭო); საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგების გამოძახილი კი ამავე მუხლის მესამე ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სზაკ-ის გავრცელებას ამ ორგანოებსა და ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებას უკავშირდება.

      აღმასრულებელი ხელისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ფუნქციონალური გაგების შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვის არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობას. ამის ნათელი მაგალითი მთავრობაა, რომელიც საპარლამენტო და ნახევრადსაპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, რაც კონსტიტუციური ხასიათის უფლებას წარმოადგენს და შესაბამისად სცდება მმართველობით საქმიანობას. ამას გარდა, სზაკ-ის მესამე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა არ წარმოადგენს ამ კოდექსის მოწესრიგების საგანს. ესენია: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. კოდექსის მოქმედება ასევე არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს როგორც პირთა თანამდებობაბზე დანიშვნასა და გათავისუფლებას, ასევე პირთა შეწყალებასა და სხვა უფლებებს.

      აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლების) მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმიდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების, ან კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.