Daily Archives: ივნისი 9, 2011

საქორწინო ხელშეკრულება

კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერ დროს, ქორწინების განმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად დაარეგულირონ.

საყურადღებოა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი უფლება–მოვალეობების განსსაზღვრა შეიძლება! ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პირადი უფლებები და მოვალეობები.

საქორწინო ხელშეკრულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. თუ კი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე დაიდო, იგი ძალაში მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან შევა.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და უნდა დადასტურდეს ნოტარიულად. ხელშეკრულებით, მეუღლეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც უკვე არსებული, ისე მომავალში შეძენილი ქონების ბედი. მათ შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებილი საკუთრება ქონებაზე.

ხელშეკრულებით, აევე გათვალისწინებული შეიძლება იყოს, თითოეული მეუღლის მიერ, შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს:

1. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;
2. მშობლების უფლება–მოვალეობები შვილების მიმართ;
3. საალიმენტო მოვალეობანი;
4. დავის შემთხვევაში – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

ასევე, ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინბულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძმე მდგომარეობაში აენებს ერთ–ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დასაშვებია, თუ კი მეუღლეები ამაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულება წყდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ან განქორწინებით.