Category Archives: საკონსტიტუციო სამართალი

კაზუსი ადამიანის უფლებების თემიდან

კაზუსის მომცემულობა

კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულმა რელიგიურმა გაერთიანებამ -„საქართველოს მუსლიმათა კავშირმა“ ააშენა მეჩეთი თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბაში. მეჩეთის მინარეთდან მუეძინი ყოველდღიურად, გამთენიისას ასრულებს ტრადიციულ რელიგიურ რიტუალს – ხმამაღალი ყვირილით მოუწოდებს მუსულმან მორწმუნეებს მეჩეთში ლოცვისაკენ. მუეძინის ყვირილით შეწუხებულნი არიან უბნის არამუსულმანი მოსახლეები. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, მოსთხოვოს მუეძინს აღნიშნული რელიგიური რიტუალის დაბალ ხმაზე შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძვნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-16 მულხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა თვითმმართელი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად არის გამოხადებული. რელიგიური გაერთიანება – „ქართველ მუსულმანთა კავშირი“ მიიჩნევს, რომ მერიის სამსახურის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს და არღვევს მისი, როგორც რელიგიური გაერთიანების, ძირითად უფლებას, ამასთან, გაერთიანება ქალაქის მერიას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში ეკლესიების სამრეკლოდან არანაკლებ დაბალ ხმაზე რეკენ ზარები. არის თუ არა დასაბუთებული გაერთიანების პრეტენზია??

ამოხსნა

Continue reading

სახალხო დამცველი

ვინ არის სახალხო დამცველი? 

 

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი. 

როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?  Continue reading

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?  Continue reading

საქართველოს პარლამენტი: (ცვლილებები კონსტიტუციაში)

21 ოქტომბერს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა ქალაქ ქუთაისში. კონსტიტუციაში უამრავი ცვლილებაა შესული რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის წარმოთქმის შემდეგ ამოქმედდება, ამიტომ გთავაზობთ მუხლების ჩამონათვალს ცვლილებებითურთ:

პირველი ცვლილება, რა თქმა უნდა ადგილსამყოფელს შეეხო: უახლესი კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. – 

51 მუხლი:

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

[ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე; (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

[დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

მუხლი 59

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი.

[1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

Continue reading

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

კანონიერების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამარტლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

ზემოთაღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ამ ძირითად უფლებას „ზურგს უმაგრებს“:

კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც უნდა მოქმედებდეს საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

კანონის არაორაზროვნების და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლობისგან მოითხოვს გასაგები და არაბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.

და ბოლოს კანონის უკუძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს“. ეს პრინციპი გავრცობილია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:

„სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს მოქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არ აქვს.

თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომელსაც დამნაშავე იხდის,  ეს სასჯელი უნდა შემცირდეს კანონით მოცემულ ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანის დღემდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“

ზემოაღნიშნულიდან იკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება: კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად: თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალი ვადები, ან განსხვავებული წესი, უკუძალა იმოქმედებს, იმის მიუხედავად ამსუბუქებს თუ ამკაცრებს პირის მდგომარეობას იგი.

დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევენ მხოლოდ ორ საკითხში:

ა)ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

ბ)ქმედების დასკადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

განხილულ საპროცესო უფლებას მჭიროდ უკავშირდება ნდობის დაცვის პრინციპი, ანუ მოქალაქის უსაფრთხოება, მოქალაქის ნდობის დაცვა, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოყვება არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რისი გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. მაგალითად: კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი არაკონსტიტუციურია.

ხშირ შემთხვევაში კანონის ნორმები ეხება არამხოლოდ წარსულში მომხდარ მოვლენებს არამედ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვნენ წარსულში, მოქმედება გააგრძელეს აწმყოში და შეწყდებიან მომავალში. ასეთ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ხომ არ იზღუდება დაინტერესებულ პირთა ინტერესები და ხომ არ მოყვა კანონის ცვლილებას მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე6 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

 

შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება.

მიმდინარე მოვლენებმა გადამაწყვეტინა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ე.წ მიტინგებზე:

ძირითად უფლებათა შორის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს ძირითადი უფლება შედგება სამი პუნქტისაგან:

1)ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2)კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3)ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ე.წ საკომინუკაციო უფლებაა და იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. ეს ძირითადი უფლება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს უფრო მრავლისმომცეველი უფლებაა, ხოლო მანიფესტაციების თავისუფლება ანუ უფლება საკუთარი მოსაზრებების ერთობლივ საჯარო გამოცხადებაზე წარმოადგენს შეკრების თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებას.

შეკრებების თავისუფლებაც ორი ძირთდი ნიშნით ხასიათდება: დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, მოუსმინონ სხვა მოქალაქეთა მოსაზრებებს და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

მეორე ნიშანი მდგომარეობს ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემასა და აღიარებაში. კონსტიტუციის 25 მუხლი უზრუნველყოფს ნების თავისუფლებას, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში, მცირე შეზღუდვა, რასაც კონსტიტუცია აწესებს, არის ის რომ შეკრებები უნდა მოხდეს „უიარაღოდ“ და დაუშვებელია ორგანიზატორები იყვნენ 18 წლამდე ასაკის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

ასევე  თუმცა არის ერთი უსამართლობა, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: კონსტიტუციის 27-ე მუხლი ზღუდავს უცხოელების და მოქალაქეების არმქონე პირების დემონსტრაციებში მონაწილეობას და ამით ეწინააღმდეგება 25-ე მუხლს, რომლის მიხედვით, „ყველას“ აქვს უფლება შეიკრიბოს.

შეკრებების და მანიფესტაციების გამართვის ადგილი არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, იმ მიზეზით, რომ ისინი აფერხებენ გადაადგილებას. დაუშვებელია რაიმე ზომების მიღება შეკრებილთა დასაშლელად, გარდა იმ შემთხვვებისა, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ანუ მიმდინარეობისას იქნება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან თუ მონაწილეებს ექნებათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერებები და ალკოჰოლი. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს ჩარევა, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რადგან მსგავსი ფაქტები მუდამ თან ახლავს ამგვარ მოვლენებს და არ შეიძლება პირველივე შემთხვევისას მოხდეს შეკრებილების დაშლა.

არსებობს ასევე უკიდურესი ფორმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების საერთოდ არდაშვება, არათუ შეწყვეტა, რაც ემყარება პოლიციის მონაცემებს , რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად საფრთხე შეექმნება მოქალაქეთა სიცოცხლეს და კონსტიტუციურ წყობას.

გონივრული ეჭვი – “პოლიციის შესახებ” კანონის მე-9 პრიმა მუხლი

2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა “პოლიციის შესახებ” კანონს დაამატა მე-9 პრიმა მუხლი. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხიებასთან დაკავშირებით წარმოიშვა გონივრული ეჭვი. თუმცა აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლე) და მე-20 (ოირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან.

“პოლიციის შესახებ” კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი.პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება. ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს.

გარდა ამისა, კანონში არ ჩანს ის, თუ რას ნიშნავს გონივრული ეჭვი, რით განსხვავდება ეს უკანასკნელი დასაბუთებული ვარაუდისგან, რაც სისხლის საპროცესო კოდექსით ადამიანის დაკავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. პოლიციელს არ ევალება განუმარტოს პირს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის გამო მოხდა მისი შეჩერება. კანონიდან არ ჩანს, ის თუ როგორ ტარდება ზედაპირული შემოწმება და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩხრეკისგან. რაც მთავარია, არ ხდება შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების დოკუმენტირება, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოში პოლიციის მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედების მტკიცების შესაძლებლობას.

აღნიშნული კანონი სამოცდაათიან წლებში ამოქმედდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა საქართველოს კანონსა და ამერიკის კანონს შორის ის განსხვავებაა, რომ აშშ-ში ზუსტად და თანმიმდევრულად არის გაწერილი თუ რა შეიძლება იყოს გონივრული ეჭვი, ის, რომ პოლიციელმა უნდა წარუდგინის საკუთარი საბუთები და გააცნოს ვინაობა. ზედაპირული შემოწების შემდეგ პოლიციელი ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტი შემოწმების და გაჩერების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ეჭვმიტანილს ექნება საშუალება უსამართლოდ გაჩერების შემთხვევაში სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.

ვინაიდან და რადგანაც საქართველოში არ დგება არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოქალაქეს ჩაუტარდა ზედაპირული შემოწმება ან გააჩერეს გონივრული ეჭვის საფუძველზე თითქმის შეუძლებელია სასამართლოში ჩივილი. თუმცა დღეს, 2011 წლის 9 მაისს, მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2011 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 23 საათიდან 24 საათამდე დავით შუბლაძე სამართალდამცავებმა გააჩერეს, შეუმოწმეს საფულე და მასთან არსებული სხვა ნივთები. აღნიშნული პროცედურის სასრულების შემდეგ გაათავისუფლეს. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა დავით შუბლაძის შეჩერების და ზედაპირული შემოწმების ფაქტის დოკუმენტირება. არსებული ნორმების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიციას არ გაუცნია გაჩერებული პირისთვის მისი ვინაობა. ასეთ პორობებში პოლიციის ქმედების სასამართლოში გასაჩივრება ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო, ვინაიდან ისიც კი არ იყო ცნობილი თუ რომელი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო სარჩელი შეტანილი. დავით შუბლაძე კანონის ამოქმედების შემდეგ 8-ჯერ იყო გაჩერებული გონივრული ეჭვის საფუძველზე და მხოლოდ ბოლო გაჩერების შემდეგ მიეცა საშუალება სარჩელი შეეტანა სასამართლში, რადგან თან ახლდა მეგობარი რომელიც გამოდგება როგორც მოწმე.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნა სარჩელი დავით შუბლაძის სახელით, რომელიც სასამართლოსგან ელოდება მინიმუმ კანონში ცვლილებების შეტანას და ზუსტად გაწერას თუ რა არის გონივრული ეჭვი და რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ სამართალდამცველებს და მაქსიმუმ მე-9 პრიმა მუხლის გაუქმებას კანონში “პოლიციის შესახებ”.