Tag Archives: ევთანაზია

სიცოცხლის უფლება

ბლოგზე განხილული გვაქვს ევთანაზია, აბორტი. შესაბამისად სიცოცხლის უფლების თემატიკასაც შევეხეთ რამდენჯერმე. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე სიცოცხლის უფლება საერთაშორისო სამართლის მხრიდან განმეხილა. კერძოდ, შემოგთავაზოთ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი საინტერესო გადაწყვეტილებები ევროპული კონვენციის მეორე მუხლზე აღძრული საქმეების შესახებ.

მუხლი 2 – სიცოცხლის უფლება

  1. ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერ. არავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულდება სასამართლოს განაჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.
  2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებად, თუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგს, რომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:
    ა. ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისაგან დასაცავად;
    ბ. რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა.
    გ. ამბოხებასა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს

ევთანაზიის შესახებ ევროსასამართლომ Pretty v. the United Kingdom საქმეში იმსჯელა და დააფიქსირა, რომ მე-2 მუხლი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას და მასში არსად არ არის მინიშნებული სიკვდილის უფლება.

აბორტის შესახებ ევროსასამართლომ იმსჯელა სხვადასხვა საქმეებში.  H. v. Norway – სასამართლომ აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, თუ იგი უშვებს აბორტს მე–13 კვირამდე; 12–18 კვირამდე ექიმების ნებართვით; 18 კვირის შემდეგ – მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობით. Vo. v. France ქეისში კი სასამართლომ დააფიქსირა, რომ დაუბადებელი ბავშვი არ არის “პირი”, რომელიც პირდაპირ სარგებლობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დაცვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაუბადებელ ნაყოფს აქვს “სიცოცხლის უფლება”, ეს უფლება შეზღუდულია დედის უფლებებითა და ინტერესებით.

ადრეც აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, თვითონ არ განახორციელოს არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. კერძოდ, Anguelova v. Bulgaria საქმეში არაეფექტიანი გამოძიების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მხარეც. ანუ, არ უზრუნველყვეს დაზარალებული დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარებით, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ იგი სიკვდილს ებრძოდა.

ნეგატიური ვალდებულების მაგალითად განვიხილავდით საქმეს Andronicou and Constantinou v. Cyprus, რომელშიც გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ მოცულობისათვის, რომელიც “აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირის სიცოცხლის წართმევის საფრთხე.

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?