Author Archives: piglii

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

 

თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მისამართით.  სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებსა და საიტებზე, ასევე პერსონალურ ბლოგებში მიზანმიმართულად ხდება სრული დეზინფორმაციის გავრცელება. თბილისის საქალაქო სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ე.წ ’’კომპრომატები’’ აბსურდია, კერძოდ, ერთ-ერთ სტატიაში ნახსენებია თითქოსდა მოსამართლე ქოჩიაშვილი ”ზედამხედველობდა”  ”ქართული ფოლადის” ’’გადახდისუუნაროდ მიჩნევისა და მისი აქტივების პატარკაციშვილების ოჯახის მიერ ხელმეორედ შეძენის პროცესს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ს.ს. ,,ქართული ფოლადი”-ს მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, აღნიშნული საქმე არის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის წარმოებაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეაბილიტაციის პროცესში შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადზე” გასხვისებული მოვალის ძირითადი აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული საქმის მხარეები არ არიან ჯოზეფ კეი და პატარკაციშვილების ოჯახი.

გარდა ამისა, ლაშა ქოჩიაშვილი მოხსენებულია როგორც ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების საქმის განმხილველი მოსამართლე. ამა თუ იმ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველს, ხოლო მოსამართლე ქოჩიაშვილი არ იხილავს ადმინისტრაციულ დავებს, აქედან გამომდინარე აბსურდია აღნიშნული მოსამართლის ამ საქმესთან დაკავშირება.

რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ მესამე საქმეს, თითქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ”დამნაშავედ გამოაცხადა” მოქალაქე ნელი მჭედლიძე (ზოგ შემთხვევაში მითითებულია ,,ნელი მჟავანაძე”) და ”გადაწყვიტა მისთვის ბრალის წარდგენის საკითხი”, არასწორია, რადგან ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2009 წლის ნოემბრის თვიდან, ნელი მჭედლიძის მიმართ კი საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განაჩენით და ამავე განაჩენით გაუქმდა ნელი მჭედლიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება  _  პირადი თავდებობა. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დროს ნელი მჭედლიძის მიმართ გამოყენებული აქვს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება კი არ წარმოადგენს პირის ბრალეულობის დადასტურებას წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და აზრის თავისუფლება, თუმცა იმავე მუხლის მესამე ნაწილი აწესებს შეზღუდვას- როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო მოუწოდებს მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის ავტორებს, სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რადგან თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

 

სასამართლო სისტემა

საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები. სასამართლოს ფუნქცია ფაქტების განსჯა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანაა,, თუმცა რეალურად საქმე ძალიან მძიმედაა და სასამართლო ხშირ შემთხვევაში თავის ფუნქციას: სწორად და სამართლიანად გადაწყვიტოს შესული საქმეები, ვერ და არ ასრულებს!

ისმის კითხვა? რატომ არის სასამართლო პოლიტიზირებული და რატომ ექვემდებარება ყოველთვის ზემდგომის, ანუ ხელისუფლების გავლენას? სასამართლოს მესამე ხელისუფლებას უწოდებენ, თუმცა ეს მესამე ხელისუფლება თითქმის ყოველთვის მაღალთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა და თუ საქმე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, განაჩენიც სახელმწიფოს სურვილისამებრ გამოდის.

საზოგადოებას უამრავი მაგალითი ახსოვს, როცა სასამართლო უხეშად არღვევდა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების უფლებებს შემდეგი მექანიზმებით:

სასამართლო და სხვა იურიდიული პროცედურების უპრეცედენტო დაჩქარება, სასამართლო გადაწყვეტილების მიწოდების დაგვიანება და სხვა, ერთი შეხედვით პროცედურული საკითხები, რათა მხარეს ვერ მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება; ბიზნესში მოწილის თავსმოხვევა, პროკურატურის სახელითა და კონკრეტული ადვოკატის  პროცესში ჩართვით; წინასწარი დაკავება, რომლის დროსაც ხდებოდა საპროცესო გარიგების დადება; საპროცესო გარიგების მიუღწევლობის შემთხვევაში გვხვდება ბრალის დამძიმებისა და ზოგ შემთხვევაში  ისეთი მუხლების, მიყენების ფაქტები, როგორიცაა „ჯაშუშობა”; ამასთან, რადგან ამ მუხლით განხილული საქმეები გასაიდუმლოებულია, მუხლების მიყენების კანონიერების შემოწმება საზოგადოების მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელია;

რამდენიმე მაგალითი იხილეთ ამ პოსტში, როცა მოსამართლემ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და საგანგებოდ გამოიტანა არასწორი დასკვნა.  სამწუხაროა, რომ პოსტში მოხსენიებული მოსამართლე ჯერაც იკავებს თანამდებობის ადგილს და ის ერთადერთი არ არის, მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ ჯაჭვისა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და ხელს უშლის სასამართლო სისტემის კორუფციისა და მაქინაციების გარეშე არსებობას.

სამწუხაროდ, კორუმპირებული მოსამართლეები ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში ინაცვლებენ და როგორც ნაციონალების მმართველობის ხანაში, ასევე მანამდე პერიოდშიც მწვავედ იდგა პროკურატურისა და მოსამართლეების ერთსულოვნების საკითხი: სასამართლო ყოველთვის აკეთებდა იმას, რისკენაც იმდროინდელი პოლიტიკა უბიძგებდა. ზემოთხსენებულ პოსტში მოყვანილი ქეისები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რაც მუდამ ხდებოდა და სადაც უბრალო მოქალაქეები მუდმივად დაზარალებულები გამოდიოდნენ. დაზღვევა იმისგან, რომ მოსამართლეს არ მოისყიდიან, არ უბრძანებენ საქმის კონკრეტული პიროვნების სასარგებლოდ გადაწყვეტას, არ არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც ციხის ბუნტი და იმდროინდელი მოვლენები. სასამართლო მუდამ იჭერდა ხელისუფალთა მხარეს, რის შედეგადაც უამრავი პატიმარი ზარალდებოდა (იგულისხმება წამების ფაქტები და ა.შ) . უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება მოსამართლეთა განუკითხაობის ირგვლივ, თუმცა უკვე მომხდარ ფაქტებზე სამწუხარო არსებული მდგომარეობაა: იმავე განუკითხაობის საშიშროება, რაც მუდამ იყო და რასაც ძველი, ბინძური საქმეებით დამძიმებული მოსამართლეების სასამართლო სისტემაში ყოფნა განაპირობებს. ადამიანები ისევ ზარალდებიან კორუმპირებული სასამართლო სისტემის გამო.  არავინ იცის, როდის მოხდება სისტემის რეალური რეფორმა,  ამაზე პასუხს კი არც ამჟამინდელი ხელისუფლება იძლევა,

იპოთეკის რეგისტრაცია

იპოთეკა უძრავ ნივთზე არსებული სანივთ უფლებაა. გირავნობისგან განსხვავებით, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად: მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით ხდება რეგისტრაცია. საბუთებში აღინიშნება ნივთის მესაკუთრის, იპოთეკარის ვინაობა. ასევე სავარაუდო მოვალე მესამე პირი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე(ანუ არა იპოთეკით დატვირთული ნივთის ფასი, არამედ ნაკისრი ვალდებულების ღირებულება), სარგებელი და შესრულების ვადა.
https://i0.wp.com/www.mortgageblogger.co.uk/wp-content/uploads/2012/05/Second-Mortgage.jpg
ნოტარიუსი ამოწმებს ამ საბუთებს და შემდეგ ხდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სპეციალურ ფურცელში.

არსებობს საგარანტიო და ჩვეულებრივი იპოთეკა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

საგარანტიო იპოთეკა, როგორც წესი მიზნად ისახავს მოკლევადიანი სესხების უზრუნველყოფას და მოვალის იძულებას, რომ მან დროულად დააბრუნოს სესხი. მიუხედავად იმისა, იპოთეკა სწორად არის თუ არა რეგისტრირებული, იპოთეკარს ყოველთვის აქვს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

რაც შეეხება ჩვეულებრივ იპოთეკას, იპოთეკარის უფლებები საჯარო რეესტრის მონაცემებზეა დამოკიდებული და აუცილებელია სწორად იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, რომ მან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

ანუ, მთავარი განმასხვავებელი საგარანტიო და ჩვეულებრივ იპოთეკებს შორის არის ის, ჩვეულებრივი იპოთეკისგან განსხვავებით მნიშვნელობა ენიჭება მოთხვნის არსებობას და მის ნამდვილობას და არა რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
ამასთანავე, საგარანტიო იპოთეკისას საჯარო რეესტრში ზუსტად უნდა აღინიშნოს , რომ მოცემული იპოთეკა არის საგარანტიო. წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკა არ მიიჩნევა საგარანტიო იპოთეკად, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად გამოიყენება.

უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობას განსაზღვრავს იპოთეკით დატვირთვის დრო.

სახალხო დამცველი

ვინ არის სახალხო დამცველი? 

 

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი. 

როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?  Continue reading

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?  Continue reading

საქართველოს პარლამენტი: (ცვლილებები კონსტიტუციაში)

21 ოქტომბერს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა ქალაქ ქუთაისში. კონსტიტუციაში უამრავი ცვლილებაა შესული რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის წარმოთქმის შემდეგ ამოქმედდება, ამიტომ გთავაზობთ მუხლების ჩამონათვალს ცვლილებებითურთ:

პირველი ცვლილება, რა თქმა უნდა ადგილსამყოფელს შეეხო: უახლესი კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. – 

51 მუხლი:

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

[ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე; (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

[დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

მუხლი 59

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი.

[1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]

Continue reading

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

უძრავი ნივთის შეძენისა და გასხვისების წესები

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა ნაგებობები , რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია:

  • ნასყიდობის ხელშეკრულება;
  • ჩუქების ხელშეკრულება;
  • გაცვლის ხელშეკრულება;
  • პრივატიზება;
  • სამკვიდრო მოწმობა;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ა.შ.

უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.  უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი;
  • უფლების დამადასტურებელი საბუთი, ტექნიკური აღიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
  • სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების აღიარების შემთხვევაში, სათანადო კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი;
  • საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული პრივატიზების შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და სხვა;

განცხადებას შეიძლება თან დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებსაც საკითხის გადაწყვეტისთვის შეიძლება გარკეული მნიშვნელობაც ჰქონდეს.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენისთვის სვალდებულო არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადება. ამ მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე.

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის საჭირო საბუთების წარდგენის ხარჯები.  მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების საფუძველზე შეცვალონ ზემოთაღნიშნული პირობა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება განხხადების შეტანიდან 4 დღის ვადაში, ხოლო რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 50 ლარს.

    პატიმარ ქალთა უფლებები

    პატიმარ ქალთა და ზოგადად პატიმართა უფლებების შესახებ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცის, ამიტომ დღეს გადავწყვიტე დამეწერა იმაზე, თუ რა უფლებები გააჩნიათ მსჯავრდებულ ქალბატონებს 🙂

    როგორც წესი, საპატიმროებში ქალებს განცალკევებით ათავსებენ. პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულს შემდეგი უფლებები აქვთ:

    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხებით, სამედიცინო მომსახურებით, ახლო ნათესავებთან შეხვედრით, დამცველთან, საკონსულოსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით. სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით, უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით.

    პატიმარ ქალებს უნდა შეეძლოთ ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობა, ინფორმაციის მიღება პრესითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით.

    ასევე შეუძლიათ- ეწეოდნენ ინდივიდუალურ საქმიანობას, შეიტანონ მოთხოვნა, საჩივარი რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა, იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებული გარემოებების დროს დროებით დატოვოს დაწესებულება.

    მსჯავრდებულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით სარგებლობს:

    სარეაბილიტაციო პროგრამების სარგებლობის უფლებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.

    ორსულ, მეძუძურ, არასრულწლოვან, ავადმყოფ და ხანდაზმულ პატიმრებს შედარებით გაუმჯობესებული აქვთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა თუ უფლება.

    მსჯავრდებულს აქვს ასევე პაემნის უფლება- წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მას შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება. მოთხოვნაზე დირექტორის უარი ან თანხმობა ბრალდებულს ეცნობება წერილობით.

    პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. თუ განმცხადებელს უარი ეთქვა პაემანზე, ის ინფორმირებული უნდა იქნეს იმავე დღესვე.

    მსჯავრდებულის საკვები, პატიმრობის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისადა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. კვება უნდა იყოს სამჯერადი.  ორსულებს, მეძუძურებს, არასრულწლოვნებს, დაავადებულებს და მოხუცებს მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები უნდა შეექმნათ.

    თუკი არ არსებობს გამოუვალი ვითარება, არ უნდა მოხდეს ფეხმძიმე ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა. ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, უნდა შეიქმნას სპეციალური პირობები, რომელიც გავრცელდება მთელი ფეხმძიმობისა და ბავშვის მოვლის პერიოდზე.

    სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს ან ქალს, რომელსაც ჰყავს 5 წლამდე შვილი, მანამ, სანამ ბავშვი 5 წლის არ გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე, ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გააგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

    რა გველის ლუდის ბოთლით ხელში სიარულისას

    რამდენიმე დღეა სოციალური ქსელები და საზოგადოება აღშფოთებამ მოიცვა: 171-ე მუხლის მიხედვით იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა!  კანონი შს სამინისტროს ვებგვერდზე 2009 წლის ივნისშია განთავსებული. 

     ბუნებრივია მსგავსი შეზღუდვები ნებისმიერი ადამიანისთვის შემაწუხებელია, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ის ალკოლჰოლის მომხმარებელი. დავინტერესდი რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში და რა მეთოდებით ხდება წესრიგის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

    ალკოჰოლურ სასმელებს ზღუდავს ინდოეთი, ფინეთი, ნორვეგია, კანადა,  ისლამური სახელმწიფოები, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ როგორც ვიკიპედიის სტატიაში იყო მითითებული, ყველა ქვეყანაში არის დაწესებული ზომიერების ფარგლები, რა შემთხვევაში, როდის ხდება აკრძალვა, უძღვის თუ არა აკრძალვის დაწესებას რაიმე ტრადიცია იმ ტერიტორიაზე, ხომ არ არის ეს ეკონომიური მდგომარეობით განპირობებული და ა.შ..

    რა ხდება ჩვენთან:

    პირველივე მუხლი სასტიკად კრძალავს ნებისმიერ ადგილზე სასმლით ხელში გამოჩენასაც კი, გარდა კაფე-რესტორნებისა, სადაც სასმლის გაყიდვა თავად მწარმოებლის და მფლობელის მიერაა დაშვებული.  კანონდარღვევის შემთხვევაში გველოდება გაფრთხილება ან დაჯარიმება. რამდენჯერმე იმავე ან მსგავსი სახის ქმედების განმეორების შემთხვევაში სასჯელის ზომები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.

    მე გამიჩნდა კითხვები, რომელთაგან რამდენიმე მათგანი მართლაც საჭირბოროტოა: უკვე კანონად მიღებული გონივრული ეჭვის  საფუძველზე, ადამიანს თუ ჩხრეკისას გაუმჭვირვალე პარკში შეფუთული , სახლისთვის გამზადებული ალკოჰოლი აღმოაჩნდება, რა გარანტია გვაქვს , რომ ის არ გამოცხადდება ეჭვმიტანილად და ბრალი არ დაედება ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შებღალვაში? ვფიქრობ რომ გარანტიას არავინ გვაძლევს, მით უმეტეს ზემოთხსენებული კანონის გათვალისწინებით.

    ასევე გასარკვევია ის, რატომ არააა ასაკობრივი ზღვარი დაწესებული,  როცა ყველა მოწინავე ქვეყანა ითვალისწინებს დასაშვებ ზღვრებს მსგავსი აკრძალვების შემთხვევაში.

    და ბოლოს, რამაც დამაინტერესა: ახლოვდება ლუდის ფესტივალი და საკითხავია, აკრძალვები გაგრძელდება თუ არა ფესტივალის განმავლობაში, თუ გაგრძელდება, რა გავლენას მოახდენს ფესტივალის მიმდინარეობაზე ? და საერთოდაც, როდის მოხდება მუხლის ვრცლად კომენტირება და დაპანიკებული მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება?

    “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს და რომ აღნიშნული 171–ე მუხლი განკუთვნილია მათთვის, ვინც ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი შეეცდებიან აყალ–მაყალის ატეხვას. თუმცა აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ნათლად არის გადმოცემული, რომ დაჯარიმდება ნებისმიერი პირი, რომელიც დაიწყებს  სპირტიანი სასმელების სმას ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.