Tag Archives: სამართალი

ბრალდებული

1.1. ბრალდებულის ცნება

 დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება, თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

განსხვავებით ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისაგან, მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა ჩამოაყალიბა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია. პირი რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (რომელიც იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე, იხ. სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებულად მოიხსენიება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე. აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ანიჭებდა სხვადასხვა პროცესუალურ სტატუს სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე. კერძოდ, თავდაპირველად ეჭვის არსებობის შემთხვევაში მას პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირის დადგენილებით ენიჭებოდა ,,ეჭვმიტანილის~ სტატუსი, შემდეგ მას სცნობდნენ ,,ბრალდებულად~ და როდესაც საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემოდა, იგი ხდებოდა ,,განსასჯელი~. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ,,ბრალდებულის~ ერთიანი სტატუსი მოიცავს როგორც ,,ეჭვმიტანილის~, ისე ,,განსასჯელის~ ფორმალურ ნიშნებს, რის შედეგადაც დაცვის მხარე მთელი პროცესის განმავლობაში გვევლინება ფართო უფლებებით აღჭურვილ პროცესის აქტიურ სუბიექტად. პირი აღნიშნული სტატუსით და შესაბამისი უფლებებით სარგებლობს მის მიმართ დევნის დაწყებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე. თუ სასამართლო ბრალდებულის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს, ეწოდება მას ,,გამართლებული~. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, იგი გვევლინება ,,მსჯავრდებულად~.

 1.2. პირის ბრალდებულად ცნობა

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს, ნებიემიერ შემთხვევაში სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება, რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით. თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი. ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით. თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის ადვოკატის მეშვეობით. ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად.

კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი, კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად, პირს ბრალი ჰქონდა წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

Continue reading

იპოთეკის რეგისტრაცია

იპოთეკა უძრავ ნივთზე არსებული სანივთ უფლებაა. გირავნობისგან განსხვავებით, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად: მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით ხდება რეგისტრაცია. საბუთებში აღინიშნება ნივთის მესაკუთრის, იპოთეკარის ვინაობა. ასევე სავარაუდო მოვალე მესამე პირი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე(ანუ არა იპოთეკით დატვირთული ნივთის ფასი, არამედ ნაკისრი ვალდებულების ღირებულება), სარგებელი და შესრულების ვადა.
https://i0.wp.com/www.mortgageblogger.co.uk/wp-content/uploads/2012/05/Second-Mortgage.jpg
ნოტარიუსი ამოწმებს ამ საბუთებს და შემდეგ ხდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სპეციალურ ფურცელში.

არსებობს საგარანტიო და ჩვეულებრივი იპოთეკა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

საგარანტიო იპოთეკა, როგორც წესი მიზნად ისახავს მოკლევადიანი სესხების უზრუნველყოფას და მოვალის იძულებას, რომ მან დროულად დააბრუნოს სესხი. მიუხედავად იმისა, იპოთეკა სწორად არის თუ არა რეგისტრირებული, იპოთეკარს ყოველთვის აქვს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

რაც შეეხება ჩვეულებრივ იპოთეკას, იპოთეკარის უფლებები საჯარო რეესტრის მონაცემებზეა დამოკიდებული და აუცილებელია სწორად იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, რომ მან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

ანუ, მთავარი განმასხვავებელი საგარანტიო და ჩვეულებრივ იპოთეკებს შორის არის ის, ჩვეულებრივი იპოთეკისგან განსხვავებით მნიშვნელობა ენიჭება მოთხვნის არსებობას და მის ნამდვილობას და არა რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
ამასთანავე, საგარანტიო იპოთეკისას საჯარო რეესტრში ზუსტად უნდა აღინიშნოს , რომ მოცემული იპოთეკა არის საგარანტიო. წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკა არ მიიჩნევა საგარანტიო იპოთეკად, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად გამოიყენება.

უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობას განსაზღვრავს იპოთეკით დატვირთვის დრო.

იურიდიული პირები

გამოთქმა “იურიდიული პირი” გერმანული წარმოშობისაა და პირველად გამოიყენა გუსტავ ჰუგომ.როგორც ჩანს ეს ტერმინი სწორედ მისი დამკვიდრებულია. პირი შეიძლება იყოს  იურიდიულიც – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამართლებრივი გაგებით მიიჩნევა ერთ კონკრეტულ ინდივიდად.

ქართული სამართლის მეცნიერებაში იურიდიული პირის ნიშნები იმ სამართლის ნომრმებიდან გამოჰყავთ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო აქტებშია მიმობნეული და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავენ. იურიდიული პირების ცნების ლეგალურ დეფინიციას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. როგორც წესი, ის მხოლოდ არსებულ ნიშნებს განამტკიცებს.

ყოველი იურიდიული პირი არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იურიიდული პირი ერთი პირის მიერ იქმნება, მაგალითად, შპს, იგი მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. იგივე ეხება ქონების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ იუირიდულ პირებს – ფონდებს.

იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. გარდა ამისა ყოველ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურები – მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოების საშუალებით ახორციელებს თავის საქმიანობას იურიდიული პირი.

განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთ კონსტიტუციურ ნიშნად არის მიჩნეული. იურიდიული პირის დაფუძნებისას,დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისთვის საჭიროებენ იმ ნორმატიულ-სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელსაც იურიდული პირი ეწოდება.

იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ქონება და ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი ქონებისგან.დამოუკიდებელი ქონების არსებობაა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და წინაპირობა იურიიდული პირის წარმოშობისა. იგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგი თეორია მას გადამწყვეტადაც კი მიიჩნევდა.იურიიდული პირი ამ ქონების მესაკუთრეა. თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრებას არ წარმოადგენს. დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპის თანხმად, იურიდიული პირი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.

სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის გაიოლების მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაყოფად იურიიდულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭებს მას შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე და ა.შ. მოკლედ, იყოს ყველა იმ ურთიერთობბიდ მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი მას განუსაზღვრავს.

საქართველოს სამოქალაქო სამართალი, ისევე როგორც დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო სამართალი, კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმოშობად რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ამიტომ იურიიდული პირების რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს.

ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნების თანახმად, იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობები წესდებაში იყოს ჩადებული. იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთერე როგორც ნივთების, ასევე უფლებებისა და მოთხოვნების, მფლობელი, ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე, კომერციული იურიდიული პირების პარტნიორი და ა.შ. ე.ი იურიდიულ პირებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში რომელსაც კანონი არ უკრძავს.იურიდიული პირის უფლება უნარიანობა და ქმედუნარიანობა, განსხვავებით ფიზიკური პირებისგან ერთდროულად წარმოიშვება.იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშვება მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის მომენტიდან.

კანონი იურიდული პირების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, პირველი კარის მეორე თავში.