Tag Archives: ბრალდებული

უდანაშაულობისა პრეზუმფცია

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის  მე-2 პუნქტი). უდანაშაულობის პრეზუმფციას, როგორც სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპის გამოხატულებას, ვხვდებით აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გათვალისწინებულია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია ადგენს ასევე, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ბრალის დამტკიცების გარეშე არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი. ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დარწმუნდება მის ბრალეულობაში. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.  In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში. აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს  ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჭენოდა. ეს ვალდებულება სასამართლოს მაშინ უჩნდება, თუკი მას შესაბამისი ეჭვი ფაქტობრივად გააჩნია.

ბრალდებული

1.1. ბრალდებულის ცნება

 დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება, თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

განსხვავებით ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისაგან, მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა ჩამოაყალიბა ბრალდებულის ერთიანი დეფინიცია. პირი რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (რომელიც იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე, იხ. სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებულად მოიხსენიება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე. აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ანიჭებდა სხვადასხვა პროცესუალურ სტატუს სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე. კერძოდ, თავდაპირველად ეჭვის არსებობის შემთხვევაში მას პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირის დადგენილებით ენიჭებოდა ,,ეჭვმიტანილის~ სტატუსი, შემდეგ მას სცნობდნენ ,,ბრალდებულად~ და როდესაც საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოს გადაეცემოდა, იგი ხდებოდა ,,განსასჯელი~. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ,,ბრალდებულის~ ერთიანი სტატუსი მოიცავს როგორც ,,ეჭვმიტანილის~, ისე ,,განსასჯელის~ ფორმალურ ნიშნებს, რის შედეგადაც დაცვის მხარე მთელი პროცესის განმავლობაში გვევლინება ფართო უფლებებით აღჭურვილ პროცესის აქტიურ სუბიექტად. პირი აღნიშნული სტატუსით და შესაბამისი უფლებებით სარგებლობს მის მიმართ დევნის დაწყებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე. თუ სასამართლო ბრალდებულის მიმართ დაადგენს გამამართლებელ განაჩენს, ეწოდება მას ,,გამართლებული~. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, იგი გვევლინება ,,მსჯავრდებულად~.

 1.2. პირის ბრალდებულად ცნობა

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს, ნებიემიერ შემთხვევაში სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება, რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით. თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი. ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით. თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის ადვოკატის მეშვეობით. ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად.

კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.

ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი, კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად, პირს ბრალი ჰქონდა წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

Continue reading

როგორ აარიდოთ თავი ციხეს თუ მართლა დამნაშავე ხართ

იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ახალი, “განრიდების პროგრამა” არასრულწლოვანებისთვის.პროგ­რა­მა ძა­ლა­ში 15 ნო­ემ­ბ­რი­დან შე­ვი­და. ფორმულა მარტივია, თუ დანაშაული იმდენად უმნიშვნელოა, რომ დამნაშავის დაპატიმრება, სასამართლო წარმოება და ციხეში მისი შენახვა გაცილებით ძვირი ჯდება, სახელმწიფო არც დააპატიმრებს და არც სახსრებს დახარჯავს დამნაშავეზე. სანაცვლოდ, დამნაშავეს დაეკისრება საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე. ახლო მომავალში პროგრამა სრულწლოვანებისთვისაც ამოქმედდება.

ტერმინი განრიდება ნიშნავს – პირის გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისგან.რაც გამოიხატება იმაში რომ ადამიანს არ უხდება ბრალდებულის სტატუსით სასამართლოში მოხვედრა, არ ექნება არანაირი პირობითი მსჯავრი, არ ექნება ნასამართლობა და არ მოხდება მისი რაიმე სახით შეზღუდვა. ,,არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა“ ორიენტირებულია  არასრულწლოვანთა რესოციალიზაციაზე, მათ სრულფასოვან რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ღირსეულ ადამიანად რეინტეგრაციაზე.

პროგრამის მიხედვით, არასრულწლოვანთან იდება ხელშეკრულება, რომელზეც ზედამხედველობა სოციალურ მუშაკს და მედიატორს ეკისრება. თუ მოხდება ხელშეკრულების დარღვევა არასრულწლოვანის მხრიდან, პროკურორს შეუძლია სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.

თავდაპირველად პროგრამა საქართველოს ოთხ ქალქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ამოქმედდება. ამ ქალაქებში შეირჩევიან მედიატორები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან საქმეს. მთავარია ბრალდებულმა აღიაროს დანაშაული და დადოს პირობა, რომ აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

“განრიდების პროგრამაში” მონაწილეობა არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პროგრამაში მონაწილეობის ნასამართლეობის ცნობა არ ექნებათ. თუ პროგრამის გავლის მიუხედავადაც, მოზარდი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, სასჯელი აღარ ასცდება.