Category Archives: საერთაშორისო სამართალი

დამნაშავეთა გადაცემა და თავშესაფრის უფლება

 დამნაშავეთა გადაცემა სამართლებრივი დახმარების ერთ-ერთი სახეა. სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე გადაცემს მას მეორე სახელმწიფოს, რომელიც ითხოვა ამ პირის სისხლის სამართალში მიცემის ან გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. სახელმწიფოები იყოფა ორ ჯგუფად: ერთნი გადასცემენ დამნაშავეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ დადებული ხელშეკრულება ამ სახელმწიფოსთან გადაცემის შესახებ (რომელიც ჩამოთვლის რა სახის დანაშაული ექვემდებარება გადაცემას), ხოლო სახელმწიფოთა მეორე ჯგუფი არ თვლის საჭიროდ ხელშეკრულების დადებას გადაცემის თაობაზე და გადასცემს დამნაშავეს თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.

საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა ძირითადი წესები, რომლებსაც იცავს ყველა სახელმწიფო, მაგალითად:  სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა საკუთარი მოქალაქე და ასევე პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის უფლებით. გადაცემის თაობაზე მოლაპარაკება დიპლომატიური ან საუწყებო არხებით ხორციელდება.

თავშესაფრის უფლების ქვეშ იგულისხმება თავის ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისათვის დევნილი უცხოელის უფლება, შეაფაროს თავი სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავის სამშობლოში. ამ უფლებით მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტები სარგებლობენ. ყოველი სახელმწიფო თვითონ წყვეტს ვის და როგორ მიეცემა თავშესაფრის უფლება. ეს მათ შინაგან კომპეტენციაში შედის მაგრამ ზოგი მათგანი  მიმართვას საერთაშორისო შეთანხმებებსაც.

საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში განასხვავებენ თავშესაფრის ორ ფორმას: ტეროტორიულ და დიპლომატიურ თავშესაფარს. პირველი ფორმა შეადგენს პირის უფლებას მოითხოვოს უცხოეთის სახელმწიფოში თავშესაფარი. საერთაშორისო სამართალი კრძალავს თავშესაფრის მინიჭებას დამნაშავისათვის ვის მიმართაც არსებობს სერიოზული საფუძველი ჩათვალონ ის სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩამდენ პირებად. დიპლომატიური თავშესაფრის ქვეშ იგულისხმება თავშესაფრის მიცემა პირისათვის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, სამხედრო, საზღვაო ან საჰაერო ან სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

დღეს შეიძლება განვასხვავოთ სახელმწიფოთა ოთხი ჯგუფი:

ა)სახელმწიფოები რომლებიც არ ცნობენ ამ ინსტიტუტს.

ბ)სახელმწიფოები რომლებიც კრძალავენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ანიჭებენ ამ უფლებას თავის დიპოლმატიურ ან საკონსულო წარმომადგენლებს.

გ)სახელმწიფოები რომლებიც აძლევენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის დაწესებულებებში და აღიარებენ მათ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

დ)სახელმწიფოები რომლებიც თვითონ არ ანიჭებენ მაგარამ აღიარებენ ასეთ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

საავტორო უფლებები

უყურებთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”? გაგიკვირდებათ ალბათ, რა შუაშია იურიდიულ ბლოგთან ეს სერიალი. უბრალოდ, ერთ–ერთ სერიაში საინტერესო იურიდიული შეცდომა შევნიშნეთ: ერთ–ერთი პერსონაჟი პოულობს ხელნაწერს. ჩათვლის, რომ მის მეუღლეს ეკუთვნის ეს წიგნი, სიურპრიზის მოწყობის მიზნით, მეუღლის თანხმობის გარეშე, 5 000–იანი ტირაჟით გამოსცემს და პრეზენტაციასაც მოაწყობს.

სინამდვილეში, მსგავსი რაღაც არ და ვერ მოხდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს თუ მივყვებით. მარტივად, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი რომ ჩავიკითხოთ,  გამოცემა – ავტორის საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების , ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;

არცერთი გამომცემლობა არ დაეთანხმებოდა წიგნის გამოცემას მისი ავტორის თანხმობის გარეშე.

იცით კი საერთოდ რა არის საავტორო უფლება, რა შემთხვევაში გენიჭებათ, როდის ხართ “ავტორი” კანონის მიხედვით, ან როგორ დაიცვათ თავი ინტერნეტში თქვენი საავტორო უფლებების დარღვევისგან?

copyright

„ავტორი“ – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები; ავტორს ნაწარმოების შექმნისას წარმოეშვება საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებიც.

ხშირია შემთხვევა, როცა ბლოგერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ავტორი შემდგომ აღმოაჩენს ხოლმე სადმე გამოქვეყნებულს. რომელიმე საიტზე, გაზეთში, ჟურნალში და ა.შ. ეს საავტორო უფლების უხეში დარღვევაა. ავტორს გააჩნია პირადი არაქონებრივი უფლებები. მათ შორის,  ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (საქართველოს კანონი და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 17, ნაწ.1). იგულისხმება, რომ პოსტის ხელახლა გამოქვეყნებისას აუცილებელია მიეთითოს ავტორის სახელი, მისი უფლებების დაცვის მიზნით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, აუცილებელია თუ არა ავტორის თანხმობა, მისი ნაწარმოების გამოქვეყნებისას: ამის შესახებ კანონი ამბობს,რომ ავტორის თანხმობა ყოველთვის სავალდებლო არაა, როცა მისი ნაწარმოების რეპროდუცირება ხდება.  დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გაზეთსა და ჟურნალში დაბეჭდვის შემთხვევაში პირად არაქონებრივთან ერთად ქონებრივიც ილახება, ასეთი შემთხვევა კი ცალკე რეგულირდება.

ასე რომ, სანამ უჯრაში ნაპოვნი სხვისი ნაწარმოების გამოქვეყნებას და თუნდაც, საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, შემთხვევით კანონი არ დაარღვიოთ 🙂

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 3.  ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოგეხსენებათ ოჯახში ძალადობის პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი ჩემი პოსტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრებზე ყოფილიყო.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება როგორც ტრეფიკინგის, ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 2 თავშესაფარი ოჯახური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის, თბილისში და ბათუმში.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

როგორ ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განთავსება თავშესაფარში:

Continue reading

სიცოცხლის უფლება

ბლოგზე განხილული გვაქვს ევთანაზია, აბორტი. შესაბამისად სიცოცხლის უფლების თემატიკასაც შევეხეთ რამდენჯერმე. თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე სიცოცხლის უფლება საერთაშორისო სამართლის მხრიდან განმეხილა. კერძოდ, შემოგთავაზოთ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი საინტერესო გადაწყვეტილებები ევროპული კონვენციის მეორე მუხლზე აღძრული საქმეების შესახებ.

მუხლი 2 – სიცოცხლის უფლება

  1. ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერ. არავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულდება სასამართლოს განაჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.
  2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებად, თუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგს, რომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:
    ა. ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისაგან დასაცავად;
    ბ. რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა.
    გ. ამბოხებასა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს

ევთანაზიის შესახებ ევროსასამართლომ Pretty v. the United Kingdom საქმეში იმსჯელა და დააფიქსირა, რომ მე-2 მუხლი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას და მასში არსად არ არის მინიშნებული სიკვდილის უფლება.

აბორტის შესახებ ევროსასამართლომ იმსჯელა სხვადასხვა საქმეებში.  H. v. Norway – სასამართლომ აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, თუ იგი უშვებს აბორტს მე–13 კვირამდე; 12–18 კვირამდე ექიმების ნებართვით; 18 კვირის შემდეგ – მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობით. Vo. v. France ქეისში კი სასამართლომ დააფიქსირა, რომ დაუბადებელი ბავშვი არ არის “პირი”, რომელიც პირდაპირ სარგებლობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დაცვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაუბადებელ ნაყოფს აქვს “სიცოცხლის უფლება”, ეს უფლება შეზღუდულია დედის უფლებებითა და ინტერესებით.

ადრეც აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, თვითონ არ განახორციელოს არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. კერძოდ, Anguelova v. Bulgaria საქმეში არაეფექტიანი გამოძიების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული მხარეც. ანუ, არ უზრუნველყვეს დაზარალებული დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარებით, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ იგი სიკვდილს ებრძოდა.

ნეგატიური ვალდებულების მაგალითად განვიხილავდით საქმეს Andronicou and Constantinou v. Cyprus, რომელშიც გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ მოცულობისათვის, რომელიც “აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში. სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირის სიცოცხლის წართმევის საფრთხე.

სახალხო დამცველი

ვინ არის სახალხო დამცველი? 

 

“სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას და ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკური თუ ფინანსური რესურსით არის აღჭურვილი. 

როგორ ხდება სახალხო დამცველის არჩევა?  Continue reading

წამების აკრძალვა

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება.

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა. 

ნებისმიერი უხეში მოპყრობა არ არის წამება. მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად სახეზე უნდა იყოს სისასტიკის გარკვეული ხარისხი.

როგორც ნახეთ, ევროკონვენციის მესამე მუხლში მოცემულია სამი ტერმინი: წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი (დამამცირებელი) მოპყრობა. სამს შორის განსხვავება ჩადენილი სისასტიკის ხარისხია. სისასტიკის ხარისხის ზრდასთან ერთად იზრდება დარღვევის სიმძიმე. უფრო მარტივად რომ ავხსნათ,დამაცირებელი მოპყრობა ამ სამს შორის ყველაზე “მსუბუქი” დანაშაულია, შემდეგი არაადმიანური მოპყრობაა, ყველაზე სასტიკად კი ევროპული სასამართლო წამებას მიიჩნევს. ერთგვარი სამკუთხედის სახე რომ მივცეთ, დაახლოებით ასეთ რამეს მივიღებთ:

სავარაუდო დარღვევის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:

  • ხანგრძლივობა;
  • სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფსიქიკური და ფიზიკური შედეგები
  • მოპყრობის ფორმა და მეთოდი

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დამამხირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ანდა წამებას. აქვე მივუწერ იმ კონკრეტულ დაზიანებას, რაც ჩაითვალა დარღვევად.

Continue reading

პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მერვე მუხლი განსაზღვრავს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და შეზღუდვის კრიტერიუმებს.

european convention on human rights and freedom ARTICLE 8

მუხლი 8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
  2.  დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ევროკონვენციის მე–8_მე–11 მუხლები ძალიან სპეციფიკურია თავისი შინაარსის მიხედვით. მუხლშივეა მოცემული რა საფუძვლების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს  მუხლით დაცული სიკეთე.

პირადი ცხოვრების უფლება ზღუდავს სახელმწიფოს და ავალდებულებს მას მინიმალურად ჩაერიოს პირის განვითარების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, თუ ამას მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობა არ განაპირობებს. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლისაგან საზოგადოებრივ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში

Continue reading

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?  Continue reading

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ევროკონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. ხელმოწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოხდა, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს.

ევროპული კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს იგი ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. ზოგადად, თუკი ამა თუ იმ სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფომ ერთი მხრივ, იკისრა ვალდებულება შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა ნებისმიერი პირის უფლება მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, მათ შორის სასამართლოშიც.  საქართველოში ევროკონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად და სახელმწიფოსათვის წარმოშობს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის საფუძველზე განიხილავს საქმეებს სტრასბურგში მდებარე ევროსასამართლო. 

Geolaw ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს.

ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი.
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.(იცავს)

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება

ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.(შეზღუდვადია)

ევროპული კონვეციის მე–9 მუხლი მოიცავს შეზღუდვად უფლებებს აბსოლუტური ელემენტებით. აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლებები, ისევე როგორც რელიგიის შეცვლის უფლება, აბსოლიტური ხასიათისაა.

Continue reading

ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

Continue reading