Tag Archives: სამოქალაქო კოდექსი

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებების დაცვა

კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლების დაცვაზე მოქმედ სამოქალაქო კოდექსში სპეციალური ნორმა არ არსებობს. 2005 წლის ცვლილებებამდე სამოქალაქო კოდექსი შეიცავდა 257-ე მუხლს, რომელიც იცავდა კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებებს. ,,თუ გირავნობის საგნის (გირაოს) გადაცემა სხვა პირისათვის ხორციელდება საბუთის გადაცემით და დამგირავებელი გირავნობის წარმოშობის მომენტისათვის ფლობს ამ ნივთს (უფლებას) მისი დაგირავების უფლებამოსილების გარეშე, მოგირავნე ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, თუკი მან არ იცის და არც შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ. მოგირავნის ეს კეთილსინდისიერება აძლევს უპირატესობას მესამე პირთან შედარებით.”

საბუთის გადაცემაში იგულისხმება სასაწყობო მოწმობის გადაცემა. როცა დაგირავება ხდება საწყობში შენახული ხორბლის, ამისათვის საკმარისია მოწმობის გადაცემა. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ,,კონსორციუმ ,,თავთავის” ერთ-ერთ წევრთან ინახებოდა სასაწყობო მოწმობა. მას სხვა წევრების თანხმობის გარეშე არ ჰქონდა ხორბლის გასხვისების ან დაგირავების უფლება. ამის მიუხედავად, მან ბანკიდან აიღო სესხი და დააგირავა სასაწყობო მოწმობა. ბანკს კეთილსინდისიერად ეგონა, რომ სასაწყობო მოწმობის მესაკუთრე იყო მხოლოდ კონსორციუმის აღნიშნული წევრი. ასეთ შემთხვევაში დანარჩენი წევრების პრეტენზიის მიუხედავად, ბანკი დარჩება მოგირავნედ. კონსორციუმის აღნიშნული წევრის მიერ თვითნებური თვითნებური მოქმედბის შემდეგ, ყველა წევრმა, შეთანხმებით ,აღნიშნული ფასიანი ქაღალდი დააგირავა და სხვა ბანკისაგან აიღეს სესხი.
ახლა დგას საკითხი:
რომელი მოგირავნის უფლება უნდა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში? პირველი მოგირავნისა, რომელიც მხოლოდ კეთილსინდისიერია თუ მეორე მოგირავნისა, რომელიც მართლზომიერი მოგირავნეა ?
სსკ-ის 257-ე მუხლის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე ჯერ დაკმაყოფილდება კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლება. ეს მუხლი გაუქმებულია.
იბადება კითხვა: ახლანდელი სამართალი იცავს თუ არა კეთილსინდისიერ მოგირავნეს?
ეს უნდა გავაანალიზოთ კეთილსინდისიერი შემძენის მდგომარეობიდან. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი კეთილსინდისიერ შემძენს მხოლოდ, მაშინ იცავს, როცა ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის. როცა ნებით გამოდის, ვთქვათ მესაკუთრემ ვინმეს შესანახად მიაბარა ნივთი, ამ შემთხვევაში როცა კეთილშემძენმა შემნახველისაგან შეიძინა ნივთი, საკუთრებაში რჩება მას. წარმოვიდგინოთ, რომ იგივე შემნახველისაგან მან ეს ნივთი გირაოს სახით მიიღო, კერძოდ, რეგისტრირებული გირავნობით და ამ ფაქტის წინაშე იგი კეთილსინდისიერია.
იბადება კითხვა: თუ კეთილსინდისიერ შემძენს შეუძლია საკუთრებაში დაიტოვოს ნივთი ,ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას გირაოზე უფლება?
მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადგან  257-ე მუხლი გაუქმებულია, ანალოგიის წესით შეგვიძლია გამოვიყენოთ 187-ე მუხლი.

ფულადი კომპენსაცია სამეზობლო თმენის ვალდებულებისთვის

ულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის არის მაშინ, როცა:

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

179-ე მუხლში გათვალისწინებულია ინტერესთა კოლიზიის განსაკუთრებული შემთხვევა სამეზობლო სამართალში. ნორმის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ თუ საზღვრის დამრღვევი მეზობელი განზრახ მოქმედებს, მაშინ მშენებლობით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებათა აღკვეთის მოთხოვნას ვერაფერი დაუდგება წინ, ხოლო თუ მშენებლობის დროს მის მოქმედებაში განზრახვა არაა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი უფლებადარღვეულმა მეზობელმა ამ დარღვევის წინასწარ ან შეტყობისთანავე პრეტენზია განაცხადა. აღნიშნული მაშინაა, როცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ცნობილი ხდება მოსალოდნელი დარღვევის შესახებ, ან დარღვევა უკვე დაწყებულია და პროტესტიც თან მოსდევს მას, ანდა, სხვადასხვა მიზეზთა (შვებულებაში, მივლინებაში, საავადმყოფოში ყოფნის და ა.შ.) გამო, ეს მისთვის უცნობი იყო, მაგრამ შეტყობინებისთანავე მოითხოვა დარღვევის აღკვეთა. დარღვევის აღკვეთაში იგულისხმება ის, რომ 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოეთხოვოს ნაგებობის მოშორება, დანგრევა ან მისი სახეცვლილება, ანდა ნაკვეთის შესყიდვა, ყველა სხვა შემთხვევაში მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა ითმინოს აღნიშნული ზემოქმედება. თმენის ვალდებულება ესაა სამეზობლო ინტერესებიდან გამომდინარე საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაშიც ვლინდება საკუთრების შინაარსი, მისი კანონისმიერი დატვირთვები.

talking-over-the-fence

როცა აღნიშნული დარღვევა განზრახი მოქმედებით ხდება, მაშინ 179-ე მუხლის წესები არ მოქმედებს და გამოიყენება 172-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი.

საკუთრივ მშენებლობაში იგულისხმება არა მარტო სამეურნეო, არამედ დროებითი ნაგებობანიც. მშენებლობად ითვლება ასევე არსებული ნაკეთობის სახეცვლილება, ანდა გაფართოება. საზღვრის დარღვევად ჩაითვლება ისეთი სახის მშენებლობა, როცა ნაგებობა მთლიანად ან ნაწილობრივ სხვის ნაკვეთს იკავებს, ანდა ლახავს ამ ნაკვეთის საჰაერო სივრცეს (მაგალითად, აივანი გადადის სხვის ნაკვეთზე).

179-ე მუხლის გამოყენებისას მნიშნველობა არ აქვს ვისი ბრალით მოხდა საზღვრის დარღვევა, მესაკუთრისა თუ სხვა პირთა მიერ, როგორიცაა მშენებელი, მოიჯარე. თავის მხრივ, პრეტენზიის განცხადების უფლება აქვს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, არამედ ამ მიწის მეაღნაგეს თუ უზუფრუქტუარს.

საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება მყარდება სხვის ნაკვეთზე გადასულ ნაგებობასა და მიწის ნაკვეთს შორის. მიწის ნაკვეთი კვლავაც მისი პატრონის საკუტრებაში რჩება. როცა შენობის ერთი ნაწილი ერთ ნაკვეთზე, ხოლო მეორე – მეორეზე, ისეთი ვითარება იქმნება, რომ თითქოს მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება იყოს აღნიშნული ნაგებობა. თუ ამოვალთ იმ დებულებიდან, რომ ნაგებობა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მიწაზე საკუთრება მასზედაც ვრცელდება, მაშინ ეს საეჭვო არ უნად იყოს. 179-ე მუხლი ამ საერთო წესიდან იშვიათი გამონაკლისია, როცა მიწის ნაკვეთი ერთი პირის საკუთრებაა, ხოლო მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი – მეორე პირისა.

ზემოთაღნიშნული თმენის ვალდებულება სასყიდლიანია. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, ყოველწლიურად წინასწარ გადაიხადოს კომპენსაცია, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მეზობელთა შეთანხმებით. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, მაშინ სასამართლო ადგენს მის სიდიდეს.

ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ არ უნდა მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. ამას მაშინ ექნება ადგილი, როცა მშენებელი უმნიშვნელოდ არღვევს სასაზღვრო მიჯნას და მეზობელი მოითხოვს ნაგებობის აღებას. სინამდვილეში ირკვევა, რომ ასეთი დარღვევა მეტისმეტად მცირე ზიანს აყენებს მიწის მესაკუთრეს.

კაზუსი გირავნობის თემიდან (ამოხსნა)

რადგან ზოგიერთ უნივერიტეტში  შუალედური გამოცდების კვირაა, გადავწყვიტე ერთი კაზუსი შემომეთავაზებინა გირავნობის თემიდან, თავისი ამოხსნით. თანაც, აღნიშნული კაზუსი გამოადგება არამხოლოდ იურისტებს, არამედ ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია გირავნობის საკითხით.

კაზუსი:

ასანიძემ სტანდარტ ბანკიდან აიღო სესხი 1000 ლარის ოდენობით და ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული გირავნობის გზით დააგირავა ანტიკვარული ვიოლინო. ასანიძეს ბანკისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 1 ივნისს. ამის შემდეგ ასანიძემ რესპუბლიკა ბანკისაგან ისესხა ასევე 1000 ლარი და მასთანაც ანტიკვარულ ვიოლინოზე გააფორმა რეგისტრირებული გირავნობა. ასანიძეს ამ ბანკისათვის ვალი უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 1 აპრილს. ამდენად, პირველი მოგირავნის სტანდარტ ბანკის გირავნობა წინ გაუსწრებს რესპუბლიკა ბანკის გირავნობას.

ასანიძემ რესპუბლიკა ბანკს ვერ დაუბრუნა ვალი, რის გამოც ამ უკანასკნელმა სტანდარტ ბანკთან შეთანხმებით მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ვიოლინოს გაყიდვიდან, სხვა ხარჯების გამოკლების შემდეგ, დარჩა 1000 ლარი, რომელიც შეხვდა წინა მოგირავნეს სტანდარტ ბანკს. რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა დარჩა დაუკმაყოფილებელი. ამიტომაც მან მიმართა სარჩელით ასანიძეს და მოითხოვა სესხის გადახდა სხვა ქონებიდან. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა?

ამოხსნა:

Continue reading

შემთხვევა – ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით

შემთხვევა:

დედის გარდაცვალების შემდეგ ქეთევანმა მიიღო მემკვიდრეობით სახლი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქეთევანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარმა ცოლისგან მიიღო ხელწერილი, რომლითაც ცოლი ვალდებულებას ღებულებდა სახლი გაეყიდა მხოლოდ ქმრის თანხმობით.ქმარი მივლინებაში წავიდა და ამ დროს ქეთევანმა სახლი მიჰყიდა შალვა წიკლაურს. ქმარმა ამბის გაგების შემდეგ მოითხოვა შალვასგან 30%-ის დამატება ან სახლის უკან დაბრუნება. შალვამ უარი განაცხადა და შედეგად ქმარმა წარადგინა სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ცოლს ბრალი დასდო ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის.

სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ რაც აღიარებული იქნება ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული გარიგება. თუმცა იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს, მისი მომწესრიგებელი ნორმებიც იმპერატიულია. მათი შეცვლა ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მიუთითებს კანონი პირდაპირ, რომ:

მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით:
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

შესაბამისად ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქმრის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.

ზოგადად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევის თანავე. ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს  პირი, რომელიც იქორწინებს სრულწლოვანებების მიღწევამდე. ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელსაც სასამართლო ასეთად აღიარებს ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო, ასევე არასრულწლოვანი შვიდი წლის ასაკამდე.

იურიდიული პირები

გამოთქმა “იურიდიული პირი” გერმანული წარმოშობისაა და პირველად გამოიყენა გუსტავ ჰუგომ.როგორც ჩანს ეს ტერმინი სწორედ მისი დამკვიდრებულია. პირი შეიძლება იყოს  იურიდიულიც – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამართლებრივი გაგებით მიიჩნევა ერთ კონკრეტულ ინდივიდად.

ქართული სამართლის მეცნიერებაში იურიდიული პირის ნიშნები იმ სამართლის ნომრმებიდან გამოჰყავთ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო აქტებშია მიმობნეული და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავენ. იურიდიული პირების ცნების ლეგალურ დეფინიციას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. როგორც წესი, ის მხოლოდ არსებულ ნიშნებს განამტკიცებს.

ყოველი იურიდიული პირი არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იურიიდული პირი ერთი პირის მიერ იქმნება, მაგალითად, შპს, იგი მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. იგივე ეხება ქონების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ იუირიდულ პირებს – ფონდებს.

იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. გარდა ამისა ყოველ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურები – მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოების საშუალებით ახორციელებს თავის საქმიანობას იურიდიული პირი.

განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთ კონსტიტუციურ ნიშნად არის მიჩნეული. იურიდიული პირის დაფუძნებისას,დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისთვის საჭიროებენ იმ ნორმატიულ-სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელსაც იურიდული პირი ეწოდება.

იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ქონება და ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი ქონებისგან.დამოუკიდებელი ქონების არსებობაა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და წინაპირობა იურიიდული პირის წარმოშობისა. იგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგი თეორია მას გადამწყვეტადაც კი მიიჩნევდა.იურიიდული პირი ამ ქონების მესაკუთრეა. თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრებას არ წარმოადგენს. დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპის თანხმად, იურიდიული პირი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.

სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის გაიოლების მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაყოფად იურიიდულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭებს მას შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე და ა.შ. მოკლედ, იყოს ყველა იმ ურთიერთობბიდ მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი მას განუსაზღვრავს.

საქართველოს სამოქალაქო სამართალი, ისევე როგორც დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო სამართალი, კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმოშობად რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ამიტომ იურიიდული პირების რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს.

ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნების თანახმად, იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობები წესდებაში იყოს ჩადებული. იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთერე როგორც ნივთების, ასევე უფლებებისა და მოთხოვნების, მფლობელი, ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე, კომერციული იურიდიული პირების პარტნიორი და ა.შ. ე.ი იურიდიულ პირებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში რომელსაც კანონი არ უკრძავს.იურიდიული პირის უფლება უნარიანობა და ქმედუნარიანობა, განსხვავებით ფიზიკური პირებისგან ერთდროულად წარმოიშვება.იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშვება მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის მომენტიდან.

კანონი იურიდული პირების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, პირველი კარის მეორე თავში.