Tag Archives: ადმინისტრაციული სამართალი

კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ბლოგზე უკვე განხილული გვაქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის    ცნება და ამჯერად განვიხილოთ კანონიერი ინდ.აქტი.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების წინაპირობა პირველ რიგში, ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაა, მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის არჩევასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისთვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი პასუხობს მისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არის კანონიერი, როდესაც:

1) კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის ეს სამართლებრივი ფორმა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის, დასაშვებობა).

2) კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება). ფორმალური კანონიერება ოთხი ნაწილისგან შედგება:

Continue reading

მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი

მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის ძირითად წყაროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებივ ღონისძიებას. იმისათვის, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმები ფუნქციის გარეშე არ დარჩნენ და სისხლის სამართლის მიზნები განხორციელდეს (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვაში მდგომარეობს), სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული პროცესის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება. აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი ნორმები ამავდროულად მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცალკეული ინდივიდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ზუსტად განისაზღვროს პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება და მათი მოქმედების ფარგლები. სწორედ ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიან სისხლის საპროცესო სამართალს, იგივე ფორმალურ სისხლის სამართალს, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მაშასადამე, მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ავსებენ ერთმანეთს. ის, რაც მატერიალურ სისხლის სამართალას არ მიეკუთვნება, გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინ სისხლის საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმებით და პირიქით. ამ ორ მათგანს შორის მჭიდრო კავშირი მით უფრო იკვეთება, თუკი სისხლის სამართალს სამართლის სხვა დარგებს შევადარებთ. სამართლის სხვა დარგებში მატერიალური სამართალი მოქმედებს და ფუნქციონირებს ყოველგვარი პროცესის გარეშეც. როგორც წესი, ხელშეკრულებების უმეტესობა სრულდება (Pacta sunt servanda) და დავის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება საქმე პროცესამდე არც კი მივიდეს. განსხვავებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისაგან, სადაც ერთი მხარის ,,მოთხოვნას” მეორე მხარე როგორც წესი ნებაყოფლობით აკმაყოფილებს და პროცესს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, სისხლის სამართალში პროცესის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ნებაყოფლობით ცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, სისხლის სამართლის პროცესის გარეშე ვერ დაეკისრება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე აბსოლიტური მონოპოლია, შეძლოს დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე სისხლის საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამრიგად, სისხლის სამართალში, განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისაგან, მატერიალური სამართლის ნორმათა მოთხოვნები ფორმალური სამართლის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესრულდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

      ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

Continue reading

ადმინისტრაციული წარმოების სახეები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად , ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე -ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება: მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. დაუშვებელია ერთი და იგივე აქტის გამოცემა ერთზე მეტი წარმოების სახის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოებისათვის გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. სზაკ-ის 72- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებიტ. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს: 1)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება. 2)ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა 3)ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტთა საკითხი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს აუცილებლად დგას ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების მეორე მხარეს მდგარი სუბიექტების ჩამონათვალი მოცემულია სზაკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეების ცნებაში.

Continue reading

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო სამართლებრივი ფორმებიდან გამოიყოფა მოწესრიგება და უბრალო მმართველობითი საქმიანობა (რეალაქტი). ცალმხრივი მოწესრიგების ერთ-ერთს სახეს კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს სზაკ-ის მეორე მუხლის დ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა), ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლეიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.  ეს დეფინიცია ორი, ორგანიზაციული და ფუნქიცონალურ გაგებისგან შედგება. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კნონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა მაშინ ხდება, როცა რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად კერძო პირებს მისი შესრულება იმავე ხარისხით და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ამ ცნებაში ასევე იგულისხმოებიან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, თუ ისინი ახორციელებენ მმართველობით საქმიანობას. სამაგიეროდ, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას. მთავრობა აუცილებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც სცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს. ასეთივე შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა უკავშირდება: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ან სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

      ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობა. ცნების ეს ელემენტი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის არსებითი არაა, რადგან უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის დროს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.

      ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. კონკრეტულია პირთა წრე, თუ გარკვეულია,თუ ვის ეხება ის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართულ ან შეეხებოდეს ცალკეულ შემთხვევებს. ეს ნიშანი ახასიათებს მას, როგორც ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ემსახურება მის გამიჯვნას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან, რომელიც ქცევის ზოგად წესს ადგენს. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამიჯვნისთვის არსებით მნიშვნელობა აქვს მოწესრიგების ორ სტრუქტურულ ელემენტს: ადრესატთა წრესა და კონკრეტულ შემთხვევას. მოწესრიგების ადრესატთა წრე განისაზღვრება ინდივიდუალურად ან გენერალურად, შემთხვევა კი აღიწერება კონკრეტულად ან აბსტრაქტულად .ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის ზღვარი არ განისაზღვრება პირთა რაოდენობაზე, იგი დამოკიდებულია იმაზე, განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე. კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ერთჯერადია. აბსტრაქტული სამართლებრივი აქტი კი საქმის გარემოებებს ზოგადად და მის საფუძველზე ასახავს.

      აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივი შედეგისკენ (მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც სამართლებრივი მოწესრიგებისკენ არის მიმართული. მოწესრიგების არსი მდგომარეობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს. თუ სახეზე პირდაპირი სამართლებრივი შედეგი, მმართველობითი ღონისძიება რეალაქტად იწოდება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება: ა) გამოცემის ფორმის მიხედვით აქტი შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი სახის, რასაც სზაკ-ის 51-ე მუხლი უშვებს. მმართველობით პრაქტიკაში ის დუმილის ან კონკლუდენტური მოქმედების სახითაც შეიძლება შეგვხვდეს. ბ) ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი ხასიათის, რომელიც აწესებს ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას, და პირის უფლების ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დამდგენი აქტი. გ) ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით ასხვავებენ აღმჭურველსა და შემზღუდველ აქტებს. აღმჭურველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს. მისგან განსხვავებით, შემზღუდველი აქტი ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს.

დისკრეციული უფლებამოსილება

აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმათშეფარდებითი საქმიანობაა. მმართველობის ორგანოების კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი, რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმა ორი ნაწილისგან შედგება: ნორმის ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. სამართლის შეფარდება – სუბსუმცია სამართლის სათანადო ნორმების მოძიებასა და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, რის შედეგადაც შესაძლებელია სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან რამენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა, განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება კონკრეტულ შემთხვევაში ან რომელი ღნისძიება გამოიყენოს. პოლიციის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ჩატარებული დემონსტრაცია და იგი მხოლოდ მაშინ ხდება ვალდებული, გაატაროს სათანადო ღონისძიება, თუ საფრთხე დაემუქრა საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას. თუ ეს სახეზე არ გვაქვს, პოლიციას აქვს არჩევნის უფლება, რაც გულისხმობს მისაღები ღონისძიების ერთ-ერთი სახის არჩევის შესაძლებლობას – დაშალოს თუ არა დემონსტრაცია. არჩევანის თავისუფლება გვაქვს სახეზე, თუ კანონი ადგენს დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას და ადგენს თანხის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო თავად იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის ოდენობაზე.

      ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინარსის გარკვევა. კანონის ტექსტში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოიხატება სიტყვებით ‘უფლება აქვს’, ‘შეუძლია’. პირიქით, როდესაც იგი იყენებს სიტყვებს ‘ვალდებულია’, ‘უფლება არ აქვს’, დისკრეციული უფლებამოსილება გამორიცხულია. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაიაზროს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

      დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო  არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, მის მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოა და სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რომელიც ძირითადად სამ შემთხვევაში დგება:

      1. ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო

      2. ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული. სახეზეა უკანონო მმართველობითი საქმიანობა (60 ლარით დაჯარიმება, როცა გათვალისწინებულია 10-50 ლარი)

      3. ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისთვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სახეზეა უკანონო მმართველობითი საქმიანობა – შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.