Daily Archives: იანვარი 4, 2013

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

  დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული მოძღვრებით შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დამოკიდებული არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა მყარად არის გამიჯნული მისი ბრალუნარიანობისაგან.ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს სხეულებრივი გადაადგილება გარესამყაროში. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხადობა ასაკის გამო, შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე ბრძანების ან განკარგულების შესრულება. შეზღუდული შერაცხადობა კი, წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მის შემამსუბუქებელ გარემოებას.

შეურაცხაობა

         მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა ის, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების სახით. იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია ნეგატიურად. მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.

         ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხრივ შეურაცხაობა დგინდება ორ: ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. დღეს შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირის ერთი უნარი მაინც იქნა დარღვეული, ასეთ შემთხვევაში მას ქმედება ინდივიდუალურად არ შეერაცხება.

შეურაცხაობა ასაკის გამო

   სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს  შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო

  სსკ 34 მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური

მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი. სსკ-34 მუხლი უთითებს ფსიქიკური მდგომარეობით განპირობებულ შეურაცხაობის გამომწვევ ოთხ ფაქტორს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

Continue reading