Monthly Archives: თებერვალი 2013

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

   თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. თუ პირმა მიუხედავად აქტიური მცდელობისა დანაშაული ვერ აიცილა, დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება პირის უმოქმედობითაც დასაშვებია (მაგალითად პირმა ერთხელ გასროლით ტყვია ვერ მოარტყა და მეორედ აღარ ისროლა). დამთავრებული მცდელობის შემთხვევებში პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაბუთებულია ე.წ. „ოქროს ხიდის“ თეორიით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: კანონმდებელი პირს აძლევს შანსს , თუ მან ხელი აიღო დამთავრებული მცდელობის სტადიაზეც კი დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე და თავიდან აიცილა სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.  აქვე განვიხილოთ შემთხვევა, როცა ა–მ სცადა მოეკლა ბ, მაგრამ ბ გადარჩა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ამ შემთხვევაში ა დაისჯება ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოქმედობით დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია განვითარდა. 1) ე.წ. ცალკეული აქტის თეორია – პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მდელობისათვის, თუ მან თავისი წარმოდგენით შედეგის მისაღწევად ვარგისი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითი : ა–მ ესროლა ბ–ს ტყვია და ბ–ს ტყვია აცდა. ამ შემთხვევაში პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მცდელობისათვის, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას შემდეგი მოქმედებით მიზნის მიღწევის საშუალება.  ამ თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ პირი არ გათავისუფლდება დანდობისთვის, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა. 2) ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია – დასჯად ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა ტავდაპირველ ქმედებას დანაშაულებრივი შედეგი არ მოჰყოლია, და ასევე პირს შედეგის მიღწევის სხვა საშუალება აღარ გააჩნდა.

დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. აქვე უნდა ვახსენოთ კრიმინალპოლიტიკური თეორია, რომელიც ასაბუთებს ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის დაუსჯელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია წახალისებისა და სასჯელის მიზნების თეორიები.

სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

სანივთო და ვალდებულებითი სამართალი მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. ამ განსხვავებას საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების დაცვის საშუალებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნით. რომაელი იურისტები განმარტავდნენ, რომ სანივთო უფლება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას, ვალდებულება კი გულისხმობს, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. უფრო გვიანდელი იურისტების აზრით, ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტია მოქმედება, სანივთოსი კი ნივთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი – რელატიური (შეფარდებითი). აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ყველა პირი გვევლინება როგორც ვალდებული პირი, შეფარდებითი უფლების მატარებელს კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. სანივთო უფლება ყველას მიერ უნდა იყოს ცნობილი და ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით.  ნივთის დაზიანების შემთხვევაში დელიქტური სარჩელებიც გამოიყენება, რაც აგრეთვე სანივთო უფლების აბსოლუტურობის გარანტიაა. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება მხოლოდ მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე.

     კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლებები ‘’numerus clausas’’ -ს პრინციპითაა გასაზღვრული, ანუ სანივთო  უფლებათა წრე კანონით ამომწურავადაა მოხაზული – არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. (ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა) ვალდებულებითი სამართალი კი თავისუფალია ასეთი იმპერატიული ფორმულირებისგან. კოდექსის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც, მართალია, კანონით არ არიან გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას.

     სხვა განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება ახასიათებს საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამას ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე. მათზე ინფორმაციას საჯარო რეესტრში ვერ მოვიპოვებთ. სანივთო უფლების ეს თავისებურება განაპირობებს სხვა განსხვავებასაც. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ამიტომ სანივთო სამართალში კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთაა დაცული, რადგანაც ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია. ვალდებულებითში კი ასეთი ვარაუდი მმფლობელის კეთილსინდისიერებას უკავშირდება.

     ამ თვისებების წყალობით სანივთო უფლებები პრიორიტეტულია ვალდებულებით უფლებებათან შედარებით და მათ შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა სანივთო უფლებებს ენიჭება.

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა

მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე

112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეზღუდული ანუ შემცირებული შერაცხადობის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს. ზოგჯერ მშობიარობის დროს ქალის ფსიქიკა იმდენად დათრგუნვილია, რომ მისი ბრალის ხარისხი დაბალია და ამიტომ ჩადენილი უმართლობა მას შემსუბუქებულად შეერაცხება. ამ შემთხვევაში ქალს შემცირებული აქვს კონტროლი თავის ქმედებისადმი, რაც გამოწვეულია მშობიარობის პროცესის არასასიკეთო ზემოქმედებით ქალის ფსიქიკაზე. ,,ქალი მშობიარობის მომენტში – წერს ვ. მაყაშვილი – და ერთ ხანს მშობიარობის შემდეგ სავსებით ვერ ფლობს თავის თავს. მას უსუსტდება თავისი მოქმედებისათვის კონტროლის გაწევის უნარი… ამიტომ ქალი, რომელიც ამ მომენტში ჩაიდენს დანაშაულს, არ შეიძლება დაისაჯოს იმგვარადვე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთივე დანაშაულის ჩამდენი პიროვნება, ვინაიდან მისი ბრალის ხარისხი შედარებით მცირეა”

ამრიგად, დედა, რომელიც მშობიარობის დროს ახალშობილს კლავს, მოქმედებს ბრალის შემცირებული ხარისხით. ამიტომ ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, თითქოს ეს მდგომარეობა მოწმობს ,,დამნაშავის ნაკლებ საშიშროებას”. თანამედროვე სისხლის სამართალი ქმედების სისხლის სამართალია, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ,,ქმედება“ და არა ,,პიროვნების საშიშროება“.

112-ე მუხლი მოიცავს ქმედების ორ შემადგენლობას. პირველი შემადგენლობაა ,,ახალშობილის“ მკვლელობა დედის მიერ მშობიარობის დროს. ობიექტური მხარე ამ ქმედებისა გამოიხატება მოქმედებით. დედა მშობიარობის პროცესში მომაკვდინებელი დარტყმით მოხრჩობით თუ სხვაგვარი ხერხით კლავს ახალშობილს.

112-ე მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ქმედების ისეთ შემადგენლობას, როგორიცაა დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ,,უმალვე მშობიარობის შემდეგ“, ამ ქმედების შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს მოქმედებითაც და უმოქმედობითაც. მოქმედების ხერხზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, როცა ქმედების პირველი შემადგენლობა დავახასიათეთ. თუმცა მშობიარობის შემდეგ მკვლელობის ხერხები უფრო მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, წყალში დახრჩობა, თოკით მოხრჩობა, ცეცხლში დაწვა და სხვ. ამის გარდა, შეიძლება ეს შემადგენლობა განხორციელდეს უმოქმედობითაც. მაგალითად, დედამ შეიძლება ახალშობილს არ აჭამოს საჭმელი და მოკლას შიმშილით ანდა არ უმკურნალოს, თუ ახალშობილს რაიმე სენი შეეყარა და ამით ის სიკვდილამდე მიიყვანოს.

სუბიექტური მხარე 112-ე მუხლით აღწერილი ქმედების ორივე შემადგენლობისა გულისხმობს განზრახვას. ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ განზრახვა ამ დროს შეიძლება იყოს პირდაპირიც და არაპირდაპირიც.

112-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა სპეციალური შემადგენლობაა. ამ დროს დედა იმყოფება განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობისას შეიძლება იყოს აფექტში ჩადენილი. მაგრამ აფექტი აქ, 111-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ არის ვიქტიმური, ესე იგი გამოწვეული დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით. მიუხედავად ამისა, დედა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი განზრახვით უნდა მოქმედებდეს, რადგან მას ამოძრავებს ახალშობილის მკვლელობის მიზანი და სხვა არაფერი.

,,ახალშობილი“ ნიშნავს ბავშვს, რომელიც ცოცხლად დაიბადა. დროის ხანგრძლივობას, როდესაც ბავშვი ახალშობილად მიიჩნევა, სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ. მაგალითად, პედიატრიაში ახალშობილად თვლიან ბავშვს დაბადებიდან ერთი თვის მანძილზე. მეანეობაში ეს დრო ერთ კვირას უდრის, ხოლო სასამართლო მედიცინა ამ დროს ერთი დღე-ღამით განსაზღვრავს. საბოლოოდ მიჩნეულია, რომ ახალშობილია ბავშვი ერთი თვის ასაკში, ხოლო ბავშვის მკვლელობა უმალვე მშობიარობის შემდეგ გულისხმობს ერთ დღე-ღამეს. კანონი დედის ფსიქიკურ მდგომარეობას საშეღავათოდ მიიჩნევს ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ ერთი დღე-ღამის ვადაში.

შესაძლებელია ამ დანაშაულში თანამონაწილეობაც. შეიძლება დედამ თვითონ ვერ მოკლას ახალშობილი და ამისათვის დახმარება სთხოვოს სხვას. ამის საუკეთესო ნიმუშია გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში მომხდარი ეგრეთ წოდებული სააბაზანოს შემთხვევა (Badewannefall). ქალმა შობა უკანონო შვილი და გადაწყვიტა მისი მოკვლა. მაგრამ პირადად ეს ვერ შეძლო და დახმარება სთხოვა თავის დას. დეიდამ ბავშვი აბაზანაში დაახრჩო.

თანამონაწილეობის სუბიექტური თეორიის მიხედვით, გერმანიის საიმპერიო სასამართლომ ბავშვის დეიდა ცნო დამხმარედ, ხოლო დედის მოქმედება დააკვალიფიცირა ამსრულებლობად (ინტერესის თეორია). ჩვენი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ შემთხვევაში დეიდა არის მკვლელობის ამსრულებელი, ხოლო დედა თანამონაწილე (წამქეზებელი). დედის მოქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე და 112-ე მუხლებით, ხოლო დეიდა პასუხს აგებს კოდექსის 108-ე მუხლით, თუ არ არის რაიმე დამამძიმებელი გარემოება.

ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით

ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიცია მოცემულია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგამოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის, ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრიცი აქტის გამოცემის, ან ადმინისტრაციული ორგამოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ადმინისტრაციულ საჩვივარს აქვს 3 ძირითადი ფუნქცია: 1) ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელება; 3) სასამართლოების განტვირთვა.

ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება განაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება.

ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დებულებანი, აგრეთვე ფორმალური წარმოების ზოგიერთი დებულებაც(ზეპირი მოსმენის ჩატარება და სხვა).

Continue reading

სასჯელის ცნება და მიზნები

სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანდაშაულის ჩამდენ პირს.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქვიას ბრალის ხარიხსის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აბსოლუტური თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, პრევენციული თეორიის მიხედვით კი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავვის რესოციალიზაცია. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური გენერალური პრევენცია – ნორმის ადრესატების მიერ კანონისა და სამართლისადმი პატივისემის გრძნობის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას. რაც შეეხება ნეგატიურ გენერალურ პრევენციას, იგი ორიენტირებულია დამნაშავის დაშინებისაკენ და უარყოფილ იქნა.                        

სასჯელი გახლავთ სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. ის სახემწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ იგი იძულებითი ხასიათისაა. იგი მხოლოდ ისეთი ქმედებისათვის შეიძლება დაინიშნოს, რომელიც მიჩნეულია სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად. სასჯელი მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება დაინიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი არის პირის გაკიცხვა მისი ქმედებისათვის და იწვევს განსაკუთრებულ სამართლებრივ შედეგს – ნასამართლეობას. სასჯელს მკაცრად პერსონალური ხასიათი აქვს.  გულისხმობს პირის ზნეობრივ გაკიცხვას, ასევე მისთვის ერთგვარი ტანჯვის მიყენებასაც, მისი პირადი თუ ქონებრივი უფლებების შეზღუდვას. ყოველი სასჯელი მეტნაკლებად ასეთ ტანჯვას შეიცავს, ხოლო თუ არა –  მაშინ სასჯელი არც ყოფილა. სწორედ ამიტომ იქნა უარყოფილი საზოგადოებრივი გაკიცხვა. ტანჯვა ხომ სასჯელის ელემენტია, ხოლო საზოგადოებრივ გაკიცხვაში ეს ელემენტი არ არსებობდა. შესაბამისად, სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც ინიშნება სასამართლოს განაჩენით და შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს და გამოიხატება ამ პირისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევასა და შეზღუდვაში.

არსებობს აბსოლუტური და რელატიური თეორიები. აბსოლუტური თეორია დაკავშირებულია წარსულთან და სჯის წარსულში ჩადენილ ქმედებისათვის, ხოლო რელატიური მომავალზეა ორიენტირებული, რომ მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები.  სასჯელის აბსოლუტური თეორია არის სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. იგი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად ისჯება ისეთი პირიც, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა. სასჯელის სპეციალური ენციის თეორიის მიხედვით, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. გამოყოფენ ამ თეორიაში ნეგატიური და პოზიტიურ ასპექტებს.  ნეგატიური სპეციალური პრევენციის თეორიის მიხედვით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს გამოუსწორებელი დამნაშავისაგან, უნდა მოხდეს მისი იზოლირება რათა ხალხი დაცული იყოს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისაგან. პოზიტიური სპეციალური პრევენცია კი, მიზნად ისახავს დამნაშავის საზოგადოებაში დაბრუნებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაგ.: პირობითი მსჯავრი. სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიის მიხედვით კი დამნაშავე არის საყოველთაო კეთილდღეობის ინსტრუმენტი. სასჯელის მიზანი მხოლოდ ხალხის დაშინებაა. სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენციის თეორია სამართლის ერთგულების მიღწევასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იგი უყურადღებოდ ტოვებს დამნაშავის პიროვნებას. აუცილებელია აღნიშნული თეორიების ურთიერთშერწმა და სინთეზი. მთავარია რომ დამნაშავე არ იყოს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, არამედ უნდა დაისაჯოს თავისი ქმედებისათვის, ბრალის ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.