დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა

მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე

112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეზღუდული ანუ შემცირებული შერაცხადობის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს. ზოგჯერ მშობიარობის დროს ქალის ფსიქიკა იმდენად დათრგუნვილია, რომ მისი ბრალის ხარისხი დაბალია და ამიტომ ჩადენილი უმართლობა მას შემსუბუქებულად შეერაცხება. ამ შემთხვევაში ქალს შემცირებული აქვს კონტროლი თავის ქმედებისადმი, რაც გამოწვეულია მშობიარობის პროცესის არასასიკეთო ზემოქმედებით ქალის ფსიქიკაზე. ,,ქალი მშობიარობის მომენტში – წერს ვ. მაყაშვილი – და ერთ ხანს მშობიარობის შემდეგ სავსებით ვერ ფლობს თავის თავს. მას უსუსტდება თავისი მოქმედებისათვის კონტროლის გაწევის უნარი… ამიტომ ქალი, რომელიც ამ მომენტში ჩაიდენს დანაშაულს, არ შეიძლება დაისაჯოს იმგვარადვე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთივე დანაშაულის ჩამდენი პიროვნება, ვინაიდან მისი ბრალის ხარისხი შედარებით მცირეა”

ამრიგად, დედა, რომელიც მშობიარობის დროს ახალშობილს კლავს, მოქმედებს ბრალის შემცირებული ხარისხით. ამიტომ ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, თითქოს ეს მდგომარეობა მოწმობს ,,დამნაშავის ნაკლებ საშიშროებას”. თანამედროვე სისხლის სამართალი ქმედების სისხლის სამართალია, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ,,ქმედება“ და არა ,,პიროვნების საშიშროება“.

112-ე მუხლი მოიცავს ქმედების ორ შემადგენლობას. პირველი შემადგენლობაა ,,ახალშობილის“ მკვლელობა დედის მიერ მშობიარობის დროს. ობიექტური მხარე ამ ქმედებისა გამოიხატება მოქმედებით. დედა მშობიარობის პროცესში მომაკვდინებელი დარტყმით მოხრჩობით თუ სხვაგვარი ხერხით კლავს ახალშობილს.

112-ე მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ქმედების ისეთ შემადგენლობას, როგორიცაა დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ,,უმალვე მშობიარობის შემდეგ“, ამ ქმედების შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს მოქმედებითაც და უმოქმედობითაც. მოქმედების ხერხზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, როცა ქმედების პირველი შემადგენლობა დავახასიათეთ. თუმცა მშობიარობის შემდეგ მკვლელობის ხერხები უფრო მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, წყალში დახრჩობა, თოკით მოხრჩობა, ცეცხლში დაწვა და სხვ. ამის გარდა, შეიძლება ეს შემადგენლობა განხორციელდეს უმოქმედობითაც. მაგალითად, დედამ შეიძლება ახალშობილს არ აჭამოს საჭმელი და მოკლას შიმშილით ანდა არ უმკურნალოს, თუ ახალშობილს რაიმე სენი შეეყარა და ამით ის სიკვდილამდე მიიყვანოს.

სუბიექტური მხარე 112-ე მუხლით აღწერილი ქმედების ორივე შემადგენლობისა გულისხმობს განზრახვას. ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ განზრახვა ამ დროს შეიძლება იყოს პირდაპირიც და არაპირდაპირიც.

112-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა სპეციალური შემადგენლობაა. ამ დროს დედა იმყოფება განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობისას შეიძლება იყოს აფექტში ჩადენილი. მაგრამ აფექტი აქ, 111-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ არის ვიქტიმური, ესე იგი გამოწვეული დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით. მიუხედავად ამისა, დედა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი განზრახვით უნდა მოქმედებდეს, რადგან მას ამოძრავებს ახალშობილის მკვლელობის მიზანი და სხვა არაფერი.

,,ახალშობილი“ ნიშნავს ბავშვს, რომელიც ცოცხლად დაიბადა. დროის ხანგრძლივობას, როდესაც ბავშვი ახალშობილად მიიჩნევა, სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ. მაგალითად, პედიატრიაში ახალშობილად თვლიან ბავშვს დაბადებიდან ერთი თვის მანძილზე. მეანეობაში ეს დრო ერთ კვირას უდრის, ხოლო სასამართლო მედიცინა ამ დროს ერთი დღე-ღამით განსაზღვრავს. საბოლოოდ მიჩნეულია, რომ ახალშობილია ბავშვი ერთი თვის ასაკში, ხოლო ბავშვის მკვლელობა უმალვე მშობიარობის შემდეგ გულისხმობს ერთ დღე-ღამეს. კანონი დედის ფსიქიკურ მდგომარეობას საშეღავათოდ მიიჩნევს ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ ერთი დღე-ღამის ვადაში.

შესაძლებელია ამ დანაშაულში თანამონაწილეობაც. შეიძლება დედამ თვითონ ვერ მოკლას ახალშობილი და ამისათვის დახმარება სთხოვოს სხვას. ამის საუკეთესო ნიმუშია გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში მომხდარი ეგრეთ წოდებული სააბაზანოს შემთხვევა (Badewannefall). ქალმა შობა უკანონო შვილი და გადაწყვიტა მისი მოკვლა. მაგრამ პირადად ეს ვერ შეძლო და დახმარება სთხოვა თავის დას. დეიდამ ბავშვი აბაზანაში დაახრჩო.

თანამონაწილეობის სუბიექტური თეორიის მიხედვით, გერმანიის საიმპერიო სასამართლომ ბავშვის დეიდა ცნო დამხმარედ, ხოლო დედის მოქმედება დააკვალიფიცირა ამსრულებლობად (ინტერესის თეორია). ჩვენი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ შემთხვევაში დეიდა არის მკვლელობის ამსრულებელი, ხოლო დედა თანამონაწილე (წამქეზებელი). დედის მოქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე და 112-ე მუხლებით, ხოლო დეიდა პასუხს აგებს კოდექსის 108-ე მუხლით, თუ არ არის რაიმე დამამძიმებელი გარემოება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s