Daily Archives: იანვარი 26, 2013

მფლობელობა

მფლობელობის  გამოსახატავად ძველ ქართულ სამართალში გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქონება“, „ჭერა“, „პყრობა“, „ჯდომა“. ეს უკანასკნელი ტერმინი მიგვანიშნებს გერმანულ possesio-სთან მის კავშირზე.

155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება:
1.ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე.

2.ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვენული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი. იქ, სადაც სუბიექტის ნება არ მონაწილეობს, არც მფლობელობაა.

სსკ-ში მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები. მაშასადამე, მფლობელობა ფაქტია და არა უფლება!მფლობელობა აგრეთვე გამიჯნულია „ჭერისაგან“, ე.წ. detentio-სგან.  მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.მაშასადამე, „ბატონობა“ უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ. მჭერი არ ითვლება მფლობელად, ამიტომაც მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ. თუმცა მას შეუძლია წინ აღუდგეს მესამე პირთა აკრძალულ თვითნებობას.მფლობელობის შეძენისას მჭერის არაკეთილსინდისიერება განიხილება როგორც უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის არაკეთილსინდისიერება და მოსარჩელის წინაშეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი, თუკი მან მჭერის შერჩევისა და მასზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არ გამოიჩინა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადრებიანობა.ნივთი შეიძლება არამარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, არამედ არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც .აღსანიშნავია, რომ მფლობელობითი კონფლიქტის ვითარებაში უპირატესობა ენიჭება პირდაპირ მფლობელობას. პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელობისგან. სსკ მფლობელობის დანაწევრების ორ შემთხვევას იცნობს. პირველია ,როდესაც ერთ საგანზე არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა. მეორე, როცა ერთ ნივთს რამდენიმე პირი ფლობს ერთდროულად. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ თუ პირველ შემთხვევაში ორსაფეხურიანი დაყოფა გვაქვს მფლობელობისა, მეორე შემთხვევაში თანამფლობელთა ფაქტობრივი ბატონიბის მდგომარეობა ერთსაფეხურიანია: ან პირდაპირი მფლობელები არიან თანამფლობელები, ან კიდევ არაპირდაპირი მფლობელები.

თანამფლობელობა შეიძლება იყოს მარტივი, როცა ყოველ თანამფლობელს აქვს სანივთო ძალაუფლება, რასაც სხვებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. კვალიფიციური (კოლექტიური) თანამფლობელობისას ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა მხოლოდ კოლექტიურადაა შესაძლებელი და ამდენად, იგი საერთო მარტივი თანამფლობელობის მდომარეობას კარგად შეესაბამება საერთო თანაზიარი საკუთრება. ხოლო კვალიფიციურისას – წილადი საკუთრება. ისევე, როგორც ყოველი მესაკუთრე საერთო ნივთის მასზედ კუთვნილი ნაწილის მესაკუთრეა, შესაბამისად მისი მფლობელობა, იგივე ფაქტობრივი ძალაუფლება, მხოლოდ ამ ნაწილზე ვრცელდება. შეიძლება ერთსა და იმავე საგანზე ადგილი ჰქონდეს როგორცთანამფლობელობას, ისე ნაწილების მფლობელობას.

Continue reading