Tag Archives: ადამიანის უფლებები

წამების აკრძალვა

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება.

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა. 

ნებისმიერი უხეში მოპყრობა არ არის წამება. მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად სახეზე უნდა იყოს სისასტიკის გარკვეული ხარისხი.

როგორც ნახეთ, ევროკონვენციის მესამე მუხლში მოცემულია სამი ტერმინი: წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი (დამამცირებელი) მოპყრობა. სამს შორის განსხვავება ჩადენილი სისასტიკის ხარისხია. სისასტიკის ხარისხის ზრდასთან ერთად იზრდება დარღვევის სიმძიმე. უფრო მარტივად რომ ავხსნათ,დამაცირებელი მოპყრობა ამ სამს შორის ყველაზე “მსუბუქი” დანაშაულია, შემდეგი არაადმიანური მოპყრობაა, ყველაზე სასტიკად კი ევროპული სასამართლო წამებას მიიჩნევს. ერთგვარი სამკუთხედის სახე რომ მივცეთ, დაახლოებით ასეთ რამეს მივიღებთ:

სავარაუდო დარღვევის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:

  • ხანგრძლივობა;
  • სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფსიქიკური და ფიზიკური შედეგები
  • მოპყრობის ფორმა და მეთოდი

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დამამხირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ანდა წამებას. აქვე მივუწერ იმ კონკრეტულ დაზიანებას, რაც ჩაითვალა დარღვევად.

Continue reading

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?  Continue reading

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ევროკონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. ხელმოწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოხდა, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს.

ევროპული კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს იგი ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. ზოგადად, თუკი ამა თუ იმ სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფომ ერთი მხრივ, იკისრა ვალდებულება შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა ნებისმიერი პირის უფლება მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, მათ შორის სასამართლოშიც.  საქართველოში ევროკონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად და სახელმწიფოსათვის წარმოშობს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის საფუძველზე განიხილავს საქმეებს სტრასბურგში მდებარე ევროსასამართლო. 

Geolaw ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს.

ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი.
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.(იცავს)

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება

ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.(შეზღუდვადია)

ევროპული კონვეციის მე–9 მუხლი მოიცავს შეზღუდვად უფლებებს აბსოლუტური ელემენტებით. აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლებები, ისევე როგორც რელიგიის შეცვლის უფლება, აბსოლიტური ხასიათისაა.

Continue reading

ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

Continue reading

ევთანაზია

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.

დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.

უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.

ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.

თქვენ როგორ ფიქრობთ?