Daily Archives: მაისი 26, 2011

შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება.

მიმდინარე მოვლენებმა გადამაწყვეტინა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ე.წ მიტინგებზე:

ძირითად უფლებათა შორის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს ძირითადი უფლება შედგება სამი პუნქტისაგან:

1)ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2)კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3)ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ე.წ საკომინუკაციო უფლებაა და იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. ეს ძირითადი უფლება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს უფრო მრავლისმომცეველი უფლებაა, ხოლო მანიფესტაციების თავისუფლება ანუ უფლება საკუთარი მოსაზრებების ერთობლივ საჯარო გამოცხადებაზე წარმოადგენს შეკრების თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებას.

შეკრებების თავისუფლებაც ორი ძირთდი ნიშნით ხასიათდება: დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, მოუსმინონ სხვა მოქალაქეთა მოსაზრებებს და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

მეორე ნიშანი მდგომარეობს ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემასა და აღიარებაში. კონსტიტუციის 25 მუხლი უზრუნველყოფს ნების თავისუფლებას, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში, მცირე შეზღუდვა, რასაც კონსტიტუცია აწესებს, არის ის რომ შეკრებები უნდა მოხდეს „უიარაღოდ“ და დაუშვებელია ორგანიზატორები იყვნენ 18 წლამდე ასაკის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

ასევე  თუმცა არის ერთი უსამართლობა, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: კონსტიტუციის 27-ე მუხლი ზღუდავს უცხოელების და მოქალაქეების არმქონე პირების დემონსტრაციებში მონაწილეობას და ამით ეწინააღმდეგება 25-ე მუხლს, რომლის მიხედვით, „ყველას“ აქვს უფლება შეიკრიბოს.

შეკრებების და მანიფესტაციების გამართვის ადგილი არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, იმ მიზეზით, რომ ისინი აფერხებენ გადაადგილებას. დაუშვებელია რაიმე ზომების მიღება შეკრებილთა დასაშლელად, გარდა იმ შემთხვვებისა, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ანუ მიმდინარეობისას იქნება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან თუ მონაწილეებს ექნებათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერებები და ალკოჰოლი. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს ჩარევა, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რადგან მსგავსი ფაქტები მუდამ თან ახლავს ამგვარ მოვლენებს და არ შეიძლება პირველივე შემთხვევისას მოხდეს შეკრებილების დაშლა.

არსებობს ასევე უკიდურესი ფორმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების საერთოდ არდაშვება, არათუ შეწყვეტა, რაც ემყარება პოლიციის მონაცემებს , რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად საფრთხე შეექმნება მოქალაქეთა სიცოცხლეს და კონსტიტუციურ წყობას.

პირგასამტეხლო

ალბათ ყველას ხშირად გვესმის სიტყვა პირგასამტეხლო, თუმცა მისი სრული იურიდიული მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. სხვა შემთხვევაში კი , უხეშად რომ ვთქვათ, მოვალეს შესაძლოა სიტუაციიდან “გამოძვრომის” იმედი ჰქონდეს.  პირგასამტეხლოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი.

პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. უბრალო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ კი საჭიროებს უამრავ მტკიცებულებას, იმის გასარკვევად, მართლა განიცადა კრედიტორმა ზიანი , თუ არა . თუმცა , პირადად მე, გამიჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა გარანტია იმისა რომ კრედიტორი იქნება სამართლიანი და არ “გაათამაშებს” ზიანის ფაქტს?

არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლო ანაზღაურება, ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.  მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება. აქაც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას: ვფიქრობ, კუმულატიური პირგასამტეხლო მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება მოვალესათვის.

ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლისის შემთხვევაში პირგასამტეხლო გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით.

პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით. შეთანხმების განსაზღვრა არაა თავისუფალი, მაშინ როცა მთავარი ხელშეკრულება შეიძლება იყოს სხვა ფორმის. თუ პირგასამტეხლოს ფორმა დაირღვა, მისი რღვევა გამოიწვევს ძირითადი ხელშეკრულების ბათილობას.

კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება.

პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რაც მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის.

შესაძლებელია სასამართლოს მიერი საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული იქნეს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, რისი გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქნას , ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს და შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა.