Daily Archives: მაისი 28, 2011

არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

კანონიერების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამარტლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

ზემოთაღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ამ ძირითად უფლებას „ზურგს უმაგრებს“:

კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც უნდა მოქმედებდეს საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

კანონის არაორაზროვნების და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლობისგან მოითხოვს გასაგები და არაბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.

და ბოლოს კანონის უკუძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს“. ეს პრინციპი გავრცობილია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:

„სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს მოქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არ აქვს.

თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომელსაც დამნაშავე იხდის,  ეს სასჯელი უნდა შემცირდეს კანონით მოცემულ ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანის დღემდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“

ზემოაღნიშნულიდან იკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება: კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად: თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალი ვადები, ან განსხვავებული წესი, უკუძალა იმოქმედებს, იმის მიუხედავად ამსუბუქებს თუ ამკაცრებს პირის მდგომარეობას იგი.

დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევენ მხოლოდ ორ საკითხში:

ა)ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

ბ)ქმედების დასკადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;

განხილულ საპროცესო უფლებას მჭიროდ უკავშირდება ნდობის დაცვის პრინციპი, ანუ მოქალაქის უსაფრთხოება, მოქალაქის ნდობის დაცვა, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოყვება არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რისი გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. მაგალითად: კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი არაკონსტიტუციურია.

ხშირ შემთხვევაში კანონის ნორმები ეხება არამხოლოდ წარსულში მომხდარ მოვლენებს არამედ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვნენ წარსულში, მოქმედება გააგრძელეს აწმყოში და შეწყდებიან მომავალში. ასეთ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ხომ არ იზღუდება დაინტერესებულ პირთა ინტერესები და ხომ არ მოყვა კანონის ცვლილებას მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე6 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

 

სიმთვრალე-დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოება?

 

ამ ცოტა ხნის წინ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, თემაზე, უნდა იყოს თუ არა, სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება. პასუხები იყო : ა)კი ბ)არა გ)სიტუაციას გააჩნია.

პირველმა და მესამე პასუხმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო. როგორ აწესრიგებს ამ საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

როგორც წესი, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში მისი ჩამდენი პირი იმყოფებოდეს შერაცხად მდგომარეობაში, რომ მისი ქმედება ჩაითვალოს დანაშაულად. რაც შეეხება სიმთვრალეში ჩადენილ დანაშაულს, ჩამოყალიბდა შემდეგი მიდგომა:

„ქმედება, რომელიც დასაწყისში, მაგრამ არა განხორციელების დროს არის თავისუფალი“ ანუ სიმთვრალის დადგომისას ადამიანის ქმედება აღარ არის თავისუფალი და იგი ფაქტიურად შეურაცხადი ხდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიმთვრალის გამოწვევა მოხდა მაშინ, როცა ადამიანი იმყოფებოდა ფხიზელ და შერაცხად მდგომარეობაში, განაპირობებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მის ბრალეულად ცნებას.

მაგალითად, ვინც გამიზნულად დაითრობს თავს, რათა ამან განაპირობოს მისი შეურაცხადობა, შემდგომ მკვლელობის ჩადენის მიზნით, ჩადის განზრახ ბრალეულ ქმედებას: მკვლელობას. ასევე, ვინც რესტორანში დათრობისას და ჩხუბის შედეგად მოკლავს, ან ჯანმრთელობას დაუზიანებს ადამიანს, დალევის შედეგად გაუფრთხილებლობით ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების პირობას, თუ მას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეეძლო გაეთვალისწინებინა სიმთვრალის შესაძლო შედეგები.

მოკლედ, ბრალეულად მოქმედებს პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის თუმცა შეურაცხად მდგომარეობაში, მაგრამ მანამდე ქმნის პირობას, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, რაც იწვევს მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

მამაკაცების მიდგომა კი გამოკითხვასთან დაკავშირებით, ზოგჯერ არასერიოზული იყო, როგორც ჩანს ისინი ან არ არიან ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით, ან არ ადარდებთ მოსალოდნელი შედეგები . დასასრულისთვის იხილეთ ერთ-ერთი მათგანის სახალისო პასუხი:)

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება