Daily Archives: მაისი 14, 2011

შვილების წარმოშობის დადგენა

ალბათ უამრავი ქალისთვის წარმოადგენს პრობლემას ეს საკითხი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ალიმენტის დადგენის საკითხი, ბავშვისათვის გვარის მიცემა, წილი მემკვიდრეობიდან და ა.შ , მაგრამ ამჯერად ერთ კონკრეტულ მუხლზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კერძოდ 1190-ე მუხლის მიხედვით

1)შვილის წარმოშობა ქორწინებაში არმყოფი წყვილებისაგან დგინდება ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით

2)მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვს ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, ასევე ბავშვის განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მან მიაღწია სრულწლოვნობას.

3) მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდას და რჩენას, ან დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

ამ მუხლის ზემოთხსენებული პუნქტები თითქოს იცავს უკანონო ბავშვების უფლებებს და და ათანაბრებს მას კანონიერ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებთან, მაგრამ ვფიქრობ , გამოტოვებულია ყველაზე მთავარი და საჭირბოროტო საკითხი:

როგორც წესი, ქორწინების გარეშე მყოფი წყვილებს იშვიათად გააჩნიათ საერთო მეურნეობა, ნაყოფის ჩასახვა შესაძლოა მოხდეს გაუპატიურების დროსაც, რაც მამაკაცს სრულად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან საქართველოს სამოქალქო კოდექსი არ ცნობს დნმის ანალიზით მამობის აღიარებას, მაშინ, როცა ამგვარი ხერხი ყველაზე უტყუარი და სწორი გზაა მამობის დასამტკიცებლად.

სრულიად სხვა ვითარებაა ევროპასა და ამერიკაში, სადაც დნმ-ის ანალიზზე უარის თქმა მამაკაცის მხრიდან თავისთავად იწვევს მამობის აღიარებას. ბავშვი იღებს გვარსაც და ალიმენტსაც.

მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის, ანუ სავარაუდო მამის სინდისზეა დამოკიდებული, უამრავი დედა და ბავშვი რჩება დაუცველი, რადგან ფაქტია, სამართლებრივი ურთიერთობა თითქმის არასდროს ცნობს მორალს და ზნეობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უამრავი მუხლი შეიცავს მსგავს ცნებებს და ავალდებულებს სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილე მხარეებს იმოქმედონ კეთილსინდიერად.

ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა არ იქნებოდა ურიგო, განსაკუთრებით ქვეყანაში გამეფებული ტაბუირებული ურთიერთობების ფონზე და ვფიქრობ , კოდექსის ეს მუხლი კიდევ ერთხელ არის გადასახედი და შესავსები პრობლემური საკითხების გადაწყვეტის ხერხებით.

მოწვევა ოფერტზე- ანუ შეთავაზების სწორი ფორმა

გუშინ ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კვების ობიექტში ყოფნისას არჩევანის წინაშე დავდექი: მიმეცა თანხმობა გაუფრთხილებლად დაწესებულ პირობებზე , ან მესარგებლა შეზღუდული მომსახურებით. საქმე იმაშია, რომ ელვისში ყოველთვის ავდივარ მეორე სართულზე და ვუკვეთავ კონკრეტული რაოდენობის და ღირებულების საკვებს. თანხის გადახდის შემდეგ, როცა დავაპირე ავსულიყავი და ადგილი დამეკავებინა, წინააღმდეგობას წავაწყდი და გავიგე, რომ უნდა შემეკვეთა მინიმუმ 50 ლარის პროდუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ მექნებოდა უფლება, საღამოს 8 საათის შემდეგ მომესმინა ცოცხალი მუსიკისთვის, ჩემთვის სასურველი ადგილიდან.

ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, უნდა იყოს თუ არა მსგავს დაწესებულებებშ ასეთი ტიპის განცხადებები თვალსაჩინო ადგილზე გაკეთებული, თუ ამას უნდა ვიგებდეთ მხოლოდ მაშინ, როცა ხელში ჩეკი გვიჭირავს?

ასეთ შემთხვევებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლი აწესრიგებს, რომელიც ზუსტად განმარტავს რა არის ოფერტის გაკეთება და მოწვევა ოფერტზე :

  1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში , რომელიც მიმართულია  ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი მოქმედება
  2. წინადადება რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.

თუ ამ წინადადებებს დავზუსტებთ, პირველი მათგანი გულისხმობს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მოითხოვს მეორე მხარისგან მის მიღებას, თუმცა ზემოთ მოცემულ შემთხვევაში მუხლის ეს ნაწილი არ გამოგვდგება, ეს რა თქმა უნდა სხვა შემთხვევაა და მისი არშესრულებით ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებები არ დარღვეულა.

რაც შეეხება 329 მუხლი მეორე ნაწილს, ანუ მოწვევას ოფერტზე, როგორც უკვე ვხვდებით, ეს არის რაიმე შეთავაზების საჯარო გამოცხადება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს პირობები, სურს თუ არა შეთავაზებული პროდუქციის გამოყენება და თანხმობის განცხადება. როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებაში ახალი წესები იწყებს მოქმედებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის ამის შესახებ მომხმარებელს .

მაგალითისთვის, კინო რუსთაველის მიერ გაკეთებული განცხადება, რაიმე ფილმის ჩვენების შესახებ, რომელიც გაიმართება 10 ივნისს, ბილეთის ღირებულება კი იქნება 15 ლარი, იქნება მოწვევა ოფერტზე, ანუ მომხმარებელი წინასწარ იქნება გარკვეული სასურველ ინფორმაციაში, რაც მას მისცემს საშუალებას, თავად შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ის ინფორმაცია, რასაც ოფერტზე მოწვევა მოიცავს, უნდა იყოს ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული:

ზემოთმოყვანილი მაგალითის მიხედვით, კინოს ბილეთის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს უკვე დადგენილ 15 ლარს.

ოფერტზე მოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ვიტრინაში საქონლის გამოფენა, რომლის შერჩევის და სასურველი ნიმუშის შეძენის საშუალება მყიდველს თავისუფლად აქვს.

სატელეფონო , სატელევიზიო ვაჭრობით, ან ქუჩაში არსებული ავტომატების მეშვეობით მომსახურების შეთავაზებაც ასევე წარმოადგენს ოფერტზე მოწვევას.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ოფერტსა და ოფერტზე მოწვევას შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი მიმართულია პირთა ნებისმიერი წრისადმი და არა კონკრეტული ადამიანის ან ადამიანისადმი, ის იძლევა თავისუფალი და შეუზღუდავი არჩევანის საშუალებას. ასევე, ოფერტზე მოწვევა ნებისმიერ დროს შეიქნება ოფერტენტის მიერ გაუქმებული იქნას და დადგინდეს ახალი პირობები და შეთავაზებები, როცა ოფერტის დროს ოფერენტი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და არ გააუქმოს უკვე დადგენილი პირობები.